თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე
ფურთხი
რა კარგი იქნებოდა აქლემი რომ ვყოფილიყავი
ზურგზე ამობურცული კუზივით მეყვარებოდი-
რომ ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი ჩემი სხეულის
განუყოფელი ნაწილია და მსიამოვნებს,
რომ ჩემია და ჩემშია,
როგორც ფურთხის წელვადი გუნდა.
რა იქნებოდა აქლემი რომ ვყოფილიყავი?
კუზში დავიგროვებდი მთელი წლის სამყოფ
დარდსა და წყენას და ყოველდღე გაგიღიმებდი.
ვერავინ მაიძულებდა მელაპარაკა და ნაცოხარი ამომეღო
მანამ, სანამ არ მომბეზრდებოდა
ტუკებივით დაპრესილი სიტყვების გადმოფურთხება.
გადმოვაფურთხებდი და ჩემი სათქმელიც ეს იქნებოდა-
პირველი თოვლივით ფაფუკი ფურთხის უზარმაზარი გუნდა.
თხამ ვენახი შეჭამა
მალთაშუა დისკოს ფიბროზული რგოლის გარღვევა
ნიშნავს რომ
მე დახრილი ვარ
დაახლოებით ისე როგორც პიზის კოშკი
შესაძლებელია ,,გადახრებიც“ მაწუხებს
ამის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით
მაგრამ არც თქვენთანაა უკეთესი მდგომარეობა
ჩემი გადახრილი გადასახედიდან
ყველანი დახრილები მეჩვენებით
და საერთო ჯამში ისე გამოვიყურებით
როგორც ერთმანეთის შიშველ სხეულებზე მცოცავი ლოკოკინები
სველ წერილებს რომ ვტოვებთ ალაგ-ალაგ
ანტენებიანი რქებით ვიბღვირებით
მთელი ცხოვრება ზურგზე აკიდებულ
მამაპაპისეულ სახლებს დავათრევთ
და იმ სახლების ,,ზალაში“ ვკვდებით
სადაც კუბოს გატანის შემდეგ ქელეხის სუფრას შემოვუსხდებით
და ვიხსენებთ თუ როგორ ვიქეცით ლოკოკინებად
როგორ გადაიხარა ჩვენი ხერხემალი
გადატყდა
და მიწამ შეჭამა
მოდით ვნახოთ მიწა
რამ შეჭამა მიწა?
რა ერქვა გარდაცვლილის მამას?
მეხუთე ჭიქას ფეხზე ადგომით ვსვამთ
ძვლები ძაღლებს გადაუყარეთ
შენ გენაცვალე
ფლავი ცივი იყო
ხაშლამა მლაშე
ბლუ
ბლუ
ბლუ
ბუ
გველისმჭამელი
მე გველისმჭამელი ვარ
მე ვერ ვხედავ
მე ვხედავთ
მე მრავლობითი რიცხვი ვართ
მე გვიხარია
როცა ქუჩაში ნამდვილ მათხოვარს ვხედავთ
და მე გვიხარია
როცა გვაგინებენ
გულწრფელად გვაგინებენ
მე ვდგავათ ავტობუსის გაჩერებებზე
და ხელს ვუქნევთ ღმერთს რომელიც მარტოა
რომელმაც გამოგვიგონა და რომელიც გამოვიგონეთ
მე მოგვწონს თამაში მარტოობანა
მე ყოველ ღამე დამალობანასაც ვთამაშობთ
თვალებს ვხუჭავთ და დილამდე ვითვლით
და ადამიანები იმალებიან საწოლებში
ზოგიერთები ვერ ახერხებენ დამალვას
ვერ პოულობენ სახლებს
ან არ აქვთ საწოლები
დღე ახალ თამაშს ვთამაშობთ
,,ამის პატრონმა რა ქნას?“
პატრიოტი გახდეს და ფეხები დაიბანოს
სამშობლოს მიწაზე სუნიანი ფეხებით სიარული მკრეხელობაა
ჩახედოს ქალს პირდაპირ მკერდში
კაცია და რა ქნას თვალი გაურბის
ამაზეა ნათქვამი: ,,თვალი მკერდის წილ…“
აიღოს მოსწავლის ბარათით სამგზავრო ბილეთი
მაინც ვერ შეამჩნევენ რომ ორი შვილის დედაა
ცხოვრებაში ერთხელ უღალატოს პრინციპებს
და ნაგავი ჩააგდოს სანაგვე ურნაში
წაიკითხოს 790 სიტყვიანი CV
და დაასაქმოს დაუსაქმებელს პირდაპირ თავზე
ამის პატრონმა რა ქნას?
გველის ხორცი შეჭამოს
მე არ გვიყვარს ხორცი
მე მე ვართ
მხოლობითშიც და მრავლობითშიც
მე პირველი პირი ვართ
და ოთხ წელიწადში ერთხელ
ქვეყნის პირველი პირიც
მე გვირჩევენ
სულ გვირჩევენ
ჩეკი
ფიქრობ
ფიქრობ
ფიქრობ
და სქელ კედლებში დააბიჯებ
თითო ფიქრზე
თითო ჩეკია ამორტყმული..
გადაიხადე ფული
და მოგეცემა ნერწყვის გადაყლაპვის საშუალება
გადაიხადე
გადაიხარე
გაიხადე
ობობები
ობობები რთავენ აბლაბუდებს.
მთელი მათი ცხოვრება აბლაბუდაა,
სახლები აბლაბუდებია,
გზები – აბლაბუდას ქსელები.
სიყვარულიც ერთი დიდი აბდაუბდაა –
საცეცებით გადაცემული სპერმის წვეთები…
ობობებიც ასე ფიქრობენ ადამიანებზე.
დატენვა
ზოგჯერ ადამიანებიც ჯდებიან
და როცა ჯდებიან
ჭირდებათ დატენვა
…
იყო დრო როცა
ბატარეის მაგივრად
ელემენტს იყენებდნენ
გადააგდებდი ძველ ელემნტს
ჩაიდებდი ახალს და მორჩა
საქმე მოგვარებული იყო
ახლა სულ სხვაგვარადაა
ადამიანებს ჭირდებათ დამტენი
არც შემცვლელი
არც სასმელი
არც სიგარეტი
არც შოკოლადი
არც მაკიაჟი
არც მანქანა
არც ტელეფონი
…
ერთჯერადი სუპივითაა ადამიანი –
თუ გახსნი
წასულია მისი საქმე
