ბერნადეტ მაიერი

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

ბერნადეტ მაიერის (1945-2022) ლექსების ერთი (ან არაერთი) შეხედვით ახირებული, სახუმარო, შინაურული ტონის უკან დგას უმძლავრესი და დაუღალავი ძიება ნამდვილი ცხოვრებისა, საიდანაც ორგანულად ამოიზრდება არნახულ, ახალ, მოულოდნელ ფორმათა დაუჯერებელი სიუხვე, ასევე: მოშლა ფორმალური კედლებისა, რომლებიც ადამიანის შემოქმედებით ცხოვრებას ყოფითისგან აშორებს. აქედანვე მომდინარეობს სრულებით ახალი მუხტით დატვირთული წარმოდგენა ქალის მიერ დაწერილი ლექსისა (თემატურად, უფრო მეტად კი ტონალობით), პოეტის მზერა მიემართება სხეულის ციკლებს, სიზმრებს, ცოლობას, მშობიარობას, დედობას, სიდუხჭირეს, ეკონომიკური საკითხებს, დიასახლისობას – და ეს ყოველივე მიმართული გასაოცარი ჰოსთქმისკენ. პოეტობის სურვილი, მისი თქმით, დღიურების წერის ადრიდან დაყოლილმა ჩვევამ გაუღვიძა. მაიერის ლექსს ახასიათებს ჟინიანობა, რაც აგრეთვე ტრადიციისმიერია – ამ მხრივ საგულისხმოა მის მიერ შექმნილი კატულუსის ექსპერიმენტული თარგმანები. აქ მოტანილი სონეტიც გამოდგება სალექსო ფორმებისა და ტრადიციების გადათამაშების ნიმუშად, მაშინ როდესაც მესამე თხზულება, ქრონოლოგიურად თხიდან ყველაზე ძველი (1968) ცხადად აჩვენებს, რა ადრე დაიწყო მაიერმა სტრუქტურული ექსპერიმენტები (უდავოდ გერტრუდ სტაინის კვალდაკვალ – რომლის ნაწარმოებებსაც თავად, კითხვითი შთაგონების თაურწყაროდ, თანუყენებს ვიტგენშტაინის „ფილოსოფიურ ძიებებსა“ და ალბერტ აინშტაინის ავტობიოგრაფიას), რომლებიც შემდგომ გაიმეორეს, პირვანდელი მუხტი გამოაცალეს, დაიჩემეს და განაიარაღეს „ლენგვიჯის“ პოეტებმა. მაიერის სილაღე და სიცოცხლისუნარიანობა ბრწყინვალედ გამოვლინდა თავისუფალი განათლების სფეროში (რომელიც, ბლექ მაუნთინის უპრეცენდენტო მაგალითით, ჩქეფდა რეიგანამდელი ამერიკის პოეზიის სამყაროში) – ინსტიტუციური განათლების არმქონემ, ღარიბი წრიდან წამოსულმა, ახალგაზრდა პოეტების თაობები შთააგონა თავისუფალი პოეტური პროგრამებით, რომელთა ბუნება და პრაქტიკა სრულებით სცდებოდა კრეატიული წერის პროგრამების სფეროს (თუმცა, ისევე როგორც მისი ფორმალური ძიება-მიგნებების უზურპაციის შემთხვევაში, ამ სფერომ მოგვიანებით უშურველად სცადა მისი სწავლებითი მიგნებების ასიმილირება, რომელთა ღირებულებაც, ხსენებული, თავისუფალი პირობების გარეშე, სათუოა). ათასგვარ სავარჯიშოებსა და ამოცანებს, რომლებითაც ის თავის საგანმანათლებლო პროგრამებს ამდიდრებდა, საკუთარ შემოქმედებაშიც იყენებდა. ყველა ზემოხსენებული თავისებურების სახასიათოდ სანიმუშოა მისი ვრცელი პოემა (ას გვერდზე მეტი), „შუაზამთრის დღე“ (1978) რომელიც პოეტმა ერთ, წელიწადის უმოკლეს დღეში დაწერა. ესაა ყოფითის ეპოსი, რომლის ერთდღიან, სპონტანურ თუ კვაზი-ავტომატურ კომპოზიციას წინ ურთულესი სამზადისი უსწრებდა. პოეტის შემოქმედების ყოფითობის და დამიწებულობის გაგება შეუძლებელია მის მიერ თავად ყოველდღიურობის რადიკალური გაპოეტურებისა და რიტუალიზაციის გააზრების გარეშე. ყოველწლიურად 22 დეკემბერს (ზამთრის ნაბუნიობას) – პოემის შექმნის დღეს, ბერნადეტ მაიერის მოყვარულები დღემდე იკრიბებიან მის აღსანიშნად, და პოემიდან ფრაგმენტებს კითხულობენ. საკუთარი სიტყვებით: „არსებობს ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა პოეზიის საწერად . . . ჩემი ამჟამინდელი თეორია ისაა, რომ მუდმივად უნდა იმყოფებოდე ამ მდგომარეობაში, რათა სულ შეგეძლოს პოეზიის წერა“ და თავად ამ მდგომარეობის შესახებ: „მართლისმთქმელი უნდა იყო, კეთილი ადამიანი უნდა იყო – პოლიტიკური თვალსაზრისით, მგონი, ყველაზე შესაფერისი ანარქიზმია.“

ი. ყ.

ჭინჭრაქა და მომღერალა სონეტი

ქარი უბერავს ერთ ამ უმანკო

დღეთაგან, ამ წელს ჩიტების

მემამულეები გავხდით – წინა ეზოს

გულწითელა, შოშია, ჭინჭრაქა, მომღერალა

ქირას არ იხდიან, მათ მძღნერს ჩვენ ვწმენდთ

ერთხელ მომღერალას ბუდეში კამათი შედგა

ბუმბულები და ბუდის მასალა ყველგან, თვალი მოვკარი

როგორ შევიდა ჭინჭრაქა მომღერალას ანკლავში, შეიძლება

შევცდი, იქნებ ერთი ჩიტისგან მეორის

უბრალო სტუმრობა, თეფშზე დავიწყე

ყველა ძირს ნადები ბუმბული ზედ გაქვავებული ლოდები

ვიფიქრე, მეტისმეტად ჰო არ ვერევი ამ ჩიტების საქმეში

მომდევნო დღეს მომღერალამ მითხრა

ეგ ჭინჭრაქა ტერორისტია, დაასმინე

კვირა, 13 აპრილი

დღე ნათელი ცივი მზიანი, ზოგისთვის ლამაზი,

სხვებისთვის გლახა. ჩვენ ისევ ნეკერჩხლის

სიროფს ვამზადებთ, ბოლი ამოდის საორთქლებლიდან

და გულთბილია, როცა კი რამის კეთებას ვიწყებ

სხვა რამ მეჩრება, ამას არც კი გავიფიქრებდი

ასეთი ფიქრის ხასიათზე რომ არ ვიყო.

ბერნადეტ მაიერს ეჩქარება თავისი აბდაუბდა ფიქრების

ჩაწერა, ზუსტად როგორც ყველა ურჩევს, აკეთოს,

მეტისმეტად ბევრს იწერს, რისაც მხოლოდ ერთ ბეწოს

წაიკითხავენ, ის ხომ ასეთი თავმოუბმელია და უწესრიგო,

ამის გარდა ტვინში სისხლი ჩაექცა, რამაც კიდევ

უფრო აუბნია უთავბოლო ფიქრის გზაკვალი,

და წაართვა მოძრაობის დახვეწილი კოორდინაცია

მარჯვენა ხელში – ხელით ვეღარ წერს. ქათმის ღვიძლი

უნდა მოხარშოს სანამ ფილი გასულია

სამზარეულოდან. ამჟამად მარცხენა მუხლში

ისე აქვს დარხეული, ძლივს დადის, როცა სოფლის ბილიკებს

კაფვა-კაფვით დაუყვება, რამაც იხსნა

გაგიჟებისგან, შეუძლებელი რამ. ცდილობს

აკეთოს რასაც სხვები ურჩევენ მაგრამ ახლა უბრალოდ მიბაჯბაჯებს.

ბოლო წვეთია, ოთახიდან ოთახში ბორძიკი,

ცვლილების იმედად. დაკარგულია მაგრამ არჩევანი არ აქვს

თავის მოკვლას მეტად ვეღარ ცდის, ვაი და კვლავ არ გამოუვიდეს,

ღვიძლს მოხარშავს. კიდევ ორ პეროგს აცხობს,

ჭამს და მზეზე ჯდება.

გაზაფხულის ჰაიკუ

მეტისმეტად მოკლე კაბა მაცვია

ჩემი მუხლები კაკუნობენ ღია ცის ქვეშ

მოტყნაურე ორი ჩიტი

გამონაგონი ამბავი

შესაძლოა, სამასი წელი ამავეს შვრებოდა, ბორძიკობდა, იქნებ მეტი ხანიცაა, რაც.

სხვა გაგებით.

შინაგანი რაღაც, ცვივა მზერები.

წამოსაწყისად.

ოცდათორმეტი ასეთისაგან ამასთან, მაშ, ნებისმიერი ამ ორიდან ერთი ასეთის ქვეშაა – იმასთან ამის, და ერთის იმათგან ამის ტოლი იმის.

ის კომბოსტოებს ბრაწავს ცხელ ნაკვერჩხალში, და უგზავნის იმათ, ვისი ურთიერთობაც დამთავრდა.

მაგრამ, ამდენი და ამდენი წლის წინ, მავანი დაეცა იქნებ ერთზე მეტჯერ ან სულაც სამჯერ ან ოთხჯერ.

მოყვანილობა ან მოხაზულობა, ადამიანის ტანისთანა.

მთავრობები ემხობა.

ამათგან სამოცდამეოთხეში ის ამ სამისგან ერთის ქვეშაა, და ასე შემდეგ.

ხის ქერქისგან გოგონები გამოჰყავს.

იმაზე, მაშ, ერთის მერე, ან უბრალოდ ერთის გამო, ნამდვილის თუ წარმოსახვითის.

ცვივა ფოთლები.

ის ამათგან ერთის მუდამ ემატება იმათგან ყოველი ოცდათორმეტისთვის იმ მეორის.

ვითომ მოკვდაო, და ისე მარხავენ, რომ სახე უჩანს.

ესე

მგონი ფერმაზე ცხოვრებისთვის დაგვიანდა

მგონი დამაგვიანდა ფერმაზე გადასვლა

მგონი მიწაზე მუშაობის დაწყება დამაგვიანდა

მგონი დაგვიანდა მეურნეობისთვის

მგონი მოვხუცდით საიმისოდ, ახლა მიწას მივყოთ ხელი

მგონი ნაკვეთის ყიდვას ვერც გავწვდებოდით

მგონი მეურნეობა არც მოგვიხდებოდა

მგონი აწი აღარასდროს გვექნება ნაკვეთი

მგონი მეურნეობა არ გვიწერია

მგონი ლუისისგან კარგი ფერმერი არ დადგებოდა

მგონი აღარ უნდა მქონდეს მოლოდინი, რომ ნაკვეთს ვიყიდით

მგონი ხელი უნდა ავიღო ჩემს ოცნებებზე, რომ ოდესმე ფერმერი ვიქნები

მგონი აწი აღარასდროს ვიქნები ფერმერი

ნაკვეთს მაინც ვერ ვიშოვიდით თუმცა ალენ გინსბერგმა იშოვა, სიბერეში

იქნებ ერთ დღეს დიდი ბაღი მქონდეს

მგონი გვეყო მეურნეობაზე

ღორების და ქათმების კვება, ნახნავებს მწკრივებს შორის სიარული

მგონი უბრალოდ რთული საქმეა მეურნეობა

ნაკვეთი არასდროს გვექნება

ამდენი საქმე და მაინც პოეტობა

ვინ არიან მეურნე პოეტები

ოდესმე თუ უარსებია პოეტს თვითკმარი მეურნეობით

ფლენერი ო’კონორმა ფარშავანგები გაამრავლა

და უენდელ ბერის აქვს მეურნეობა

შეიძლება ფოლკნერმაც იფერმერა ცოტა

და რობერტ ფროსტს სამიწათმოქმედო მამულები ჰქონდა

და ვიღაცამ მითხრა რომ ბეკეტი ამუშავებდა მიწას

ძალიან იშვიათია პოეტებს შორის ნამდვილი ფერმერი

თუ უილიამ კარლოს უილიამსს შეეძლო ექიმობა და ჩარლი ვერმონტსაც,

მეურნე პოეტმა რა დააშავა

რა თქმა უნდა, იყო ბრუკფარმი

და ვირგილიუსი მეფუტკრეობდა

შესაძლოა წარსულის ზოგიერთი პოეტი ფერმერებს ზედამხედველობდა

მგონი პოეტებს უფრო მყისიერად სჩვევიათ ცხოვრება

ვიდრე სამეურნეო ცხოვრება მოითხოვს

ნაკვეთს ვერ დატოვებდი იმისთვის რომ საჯაროდ წაგეკითხა

ან დასწრებოდი ემერსონის ლექციას კონკორდში

მე არ მინდა ფერმერობა მაგრამ დედაჩემი მართალი იყო

პროლეტარობისგან თავის დაღწევა არასდროს უნდა მეცადა

თუ რა თქმა უნდა თავის დარწმუნებას ვერ შევძლებ, როგორც სატანამ დაარწმუნა ევა

რომ ჩვენ ყველა კლასის პოეტების პროლეტარიატი ვართ

არაფერს გვიხდიან და არაფრით გავდივართ იოლას

ან იმ ცოტაოდენით რაც გადარჩენისთვისაა აუცილებელი

მეურნეებივით ჯიუტები და ვარსკვლავებივით მყარები

მდგმურები ხილვისა, დაუსრულებლად რომ ვაქირავებთ

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
140