ანტონენ არტო – ნაწყვეტი რადიო პიესიდან “რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო”

თარგმნა გიგლა გონაშვილმა

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო

შეკითხვა ისმის…

ის, რაც სერიოზულია
ისაა, რომ ვიცით,
ამ სამყაროს
წყობის შემდეგ
სხვა წყობაა.

რომელია?

არ ვიცით.

შესაძლო ვარაუდების რიცხვი და წყობა
ამ სამფლობელოში
სწორედაც რომ
უსასრულოა!

და რა არის უსასრულო?

აი, სწორედ რომ არ ვიცით!

ეს არის სიტყვა,
რომელსაც ვიყენებთ,
რათა აღვნიშნოთ
ჩვენი ცნობიერების
გახსნა
შესაძლებლობისკენ,
უსაზომო და
დაუცხრომელი შესაძლებლობისკენ.

და მაინც რა არის ცნობიერება?
აი, სწორედ რომ არ ვიცით.

იგი არარაა.

არარაა,
რომელსაც ვიყენებთ,
რათა აღვნიშნოთ, რომ
როცა არ ვიცით რაღაც,
რომელი მხრიდან არ ვიცით,
და ვამბობთ,
ცნობიერების,
ცნობიერების მხრიდან,
მაგრამ ხომ არსებობს ათასი სხვა მხარე;

და მაშ?

ჩანს, რომ ცნობიერება
ჩვენში
მიბმულია
სქესობრივ სურვილს
და შიმშილს;
მაგრამ
ხომ შეიძლება
რომ არ იყოს მიბმული
მათზე;

ეგრე თქმულა,
ეგრე უთქვამთ,
ამბობენ ხოლმე,
რომ ცნობიერება
ნდომაა,
სიცოცხლის ნდომა.

და ეგრევე,
სიცოცხლის ნდომის კვალად
გვეფიქრება
საკვების ნდომაზე;

გეგონება არ არსებობდენ ადამიანები, რომლებიც ჭამენ
ყოველგვარი ნდომის გარეშე;
და რომლებიც მშივრები არიან.

რადგან არსებობს
ესეც,
გშიოდეს
ნდომის გარეშე;

და მაშ?

მაშ

შესაძლებლობის სივრცე
მომეცა ერთ დღეს
როგორც კუილი,
რომელსაც ავაკაკნებ;
სივრცე რა იყო,
ან შესაძლებლობა,
არც კი ვიცოდი;

და არც მჭირდებოდა ამაზე ფიქრი,

ესენი იყო სიტყვები,
გამოგონილი იმის განსასაზღვრად,
რა არსებობდა
ან არ არსებობდა,
გამოგონილი
საჭიროების წნეხის
პირისპირ:
საჭიროების, რომ გაუქმებულიყო იდეა,
იდეა და მისი მითი,
და მის ადგილას აღმართულიყო
მეხისებრი გამოვლინება
ამ ფეთქებადი აუცილებლობისა:
გამოშლილიყო ჩემი შინაგანი ღამის სხეული,

ჩემი შინაგანი არარის,
ჩემი მეს,
რომელიც ღამეა,
არარაა,
უაზროვნობაა,

მაგრამ რომელიც ფეთქებადი ჰოყოფაა,
იმის, რომ არის რაღაც,
რისი ადგილიც უნდა გაჩნდეს:
ჩემი სხეულის.

და ნუთუ
ჩემი სხეული
ამ მყრალ გაზად უნდა დამრჩეს?
ვთქვა, რომ სხეული მაქვს,
რაკი მყრალი გაზი მაქვს,
რომელიც შეიკვრება ხოლმე
ჩემს შიგნით?

არ ვიცი,
მაგრამ
ვიცი, რომ

დრო,
სივრცე,
განზომილება,
ქმნადობა,
მომავალი,
მოსვლად-არი,
ყოფნა,
არ-ყოფნა,
მე,
არა-მე,

არაფერია ჩემთვის;

მაგრამ არის ერთი რამ,
რომელიც არის რაღაც,
ერთადერთი რამ,
რაც კი არის,
და რომელსაც ვგრძნობ, რომ
სწადია
გამოსვლა:
აწმყოფობას
ჩემი სხეულის
ტკივილის;

მოიერიშე
დაუცხრომელ
აწმყოფობას
ჩემი სხეულის;

რაგინდ ძლიერ შემკუმშონ კითხვებით,
რაგინდა ძლიერ უარვყო ყველა კითხვა,
არის წერტილი,
როცა ისღა დამრჩენია
ვუთხრა უარი

უარი

უარყოფას;

და ეს წერტილი
მაშინაა, როცა მკუმშავენ,

როცა მწნეხავენ
იქამდე,
სანამ არ გავა
ჩემიდან
საკვები
ჩემი საკვები
და მისი რძე,
და რა რჩება?

ისღა, რომ სულშეხუთული ვარ,
არც კი ვიცი, მოქმედება თუა ეს,
მაგრამ ასე რომ მკუმშავენ შეკითხვებით,
ასე რომ მაწვებიან,
სანამ არ დარჩება არარა,
აი, რჩება ჩემში
ოდენ სულხუთვა
სხეულის იდეიდან,
სხეულად ყოფნიდან,

და აი, აქ ვიგრძენი სისაძაგლე

და გავაკუე
ჭკუაგადასულმა,
გადარეულმა,
ამბოხებულმა,
სულშეხუთულობისგან.

იმიტომ, რომ მკუმშავდნენ
სხეულად და
სხეულამდე,

და აქ
ავაფეთქე ყველაფერი,
რადგან ჩემს სხეულს
ვერასოდეს შეეხებიან.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
371