გვანცა ბახუტაშვილი

ლოცვები და შელოცვები

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

*** შავი ფრინველი

შავი ფრინველი გადაიფრენს თოვლიან მწვერვალს.

დამიძახებ. ხმა ზარივით გაისმება,

ხმა კლდეებში ჩაეკიდება,

ცოტახანი იზრიალებს:

ეს მე ვარ , მე ვარ ,

სიზმარი თუ დაგესიზმრება ,

ყველა სიზმარი მე ვიქნები,

ეხლა უკვე

ყველა სიზმარი

მე ვიქნები.

მე , შორეული .

შენი კანის შუქი მინათებს

ამ სიბნელეს,

შენი კანის შუქი მინათებს.

შენი თვალის მრისხანება დამიფრთხობს მხეცებს.

ანგელოზებს ვერ დამიფრთხობს

ნუ გეშინია.

ანგელოზები , როგორც რიფებს მიდიები

განუშორებლად, საუკუნოდ მომწებებიან,

სიმშვიდის ლოცვებს ჩურჩულებენ

განუწყვეტლივ და ღიღინებენ.

შენი აქ ყოფნის დიდ სიჩუმეში

შორეული ვარსკვლავის შუქში

უძველესი სული დაბრუნდა .

ზღვამ მიგალობოს,

შენმა თვალმა ქარი ალესოს,

ჩემმა-მზის სხივი,

ამ ბრძოლამ შეძრას სიყვარული

და სიყვარული ნისლად ჩამოდგეს,

ყინულის დნობად მწვერვალიდან,

მიწის ავსებად ნაცნობი წყლებით.

რაღაც საზარლად ნამდვილია ამ სიჩუმეში,

აქ შენი ხმა ზარივით ისმის

და სიბნელეს შენი თვალის სიფხიზლე იცავს.

 

ზიარება

დიდების სუფრასთან არ დავჯექი,

ბავშვების სუფრა ავირჩიე.

იქ დამხვდა პური

თბილი და მოზრდილი

და იდგა რძის სუნი.

ბავშვები უკვე სკამებზე ისხდნენ,

მე იმათ ქვემოთ, იატაკზე მოვირთხე ფეხი.

ვუთხარი: თქვენი პურის ნამცეცები ვარსკვლავებია,

მომეცით ნება მათი ყურების.

თქვენი რძე ნისლია კოსმოსური

მომეცით ნება მასში გავხვიო

ის, რაც ვისწავლე იმის მერე,

რაც ამ პურს პეშვით შევექცეოდი

და ამ რძეს დიდი ყლუპებით ვსვამდი.

შენ არ გშია?- ბავშვებმა მკითხეს.

აი პური- ბავშვებმა მითხრეს.

აი, პური არსობისა

და რძე სამყაროსი

მომაწოდეს

ესე უბრალოდ .

 

*** აი ჩემს კართან მოჯარულან

აი ჩემს კართან მოჯარულან ,

მიწას ტორავენ, ჭიხვინებენ,

ცხელი ნესტოთი ჰაერს ხარბად ისუნთქავენ ,

ჩემს წყალს სვამენ ,

ჩემს ბალახს ძოვენ

თავზარდამცემი სიყვარულის თეთრი ცხენები.

აი ჩემს კართან მოჯარულან

და ვაი, ისე შემაძრწუნა იმათმა ყოფნამ

ასეთმა სავსემ, მთვარესავით,

ზაფხულის მწიფე ხილივით სავსემ

დიდი სიცოცხლით და დიდი ვნებით.

ჯერ მათი ყოფნა რაა, და მერე

ჩემთან მოსულან აი ასე ზარების რეკვით,

სიყვარულის იდუმალი ზარების რეკვით,

რომ

ლამისაა, გავაღო კარი დაგმანული,

და გავყვე იქით, საიდანაც მოიტანეს,

ეს შეშლილი , ათქვირებული ტანები და

უმშვიდესი შორი თვალები.

ჭენებისას ვიღიღინო ქარშისათქმელი:

-სიყვარულის ცხენებო,

დღის და ღამისფერებო,

წამიყვანეთ, წამიყვანეთ

სადაც თავად გენებოთ.

 

ოდა ამფიბიას

პატარა ბაყაყები და გიგანტური გომბეშოები დაგვიცავენ მთელი ცხოვრება

და განგვწმენდენ წინაპართა ცოდვებისგან

და სიკვდილისას გვიმღერებენ,

რათა მშვიდად აღვესრულოთ

და გვეტყვიან: ყვა-ყვა, არანაირი წინაპრების ცოდვები არ არსებობს,

ყვა-ყვა, სამყაროში ყველა დიდი სიბრძნეც კი არაფერია თვითონ სამყაროსთვის,

ყვა-ყვა, ის თავად არაფერს გულისხმობს,

პირდაპირყოფნაა.

პირდაპირყოფნაში ვკარგავ ყველაფერ ადამიანურს.

-ყვა-ყვა, უბრალოდ პირში ვიგუბებ წყალს და ვასხამ, ვიგუბებ და ვასხამ,

გრძელი ენით მწერს ვიჭერ და ყოფნის გენიოსი ვარ.

გასაგებად წერე ლექსები!- მეუბნებიან წინაპრები საფლავებიდან.

-ყვა-ყვა საერთოდ არ წერო ლექსები, ეგ შენი ენა ყოვლისმთქმელი შეახე ჩემს კანს ,

სველსა და ცივს და გახდი არათქმა.

და ვკარგავ ყველაფერ ადამიანურს

და სიცოცხლის ხრწნილებისკენ მუდმივსწრაფვის მშვენიერებას ვუერთდები

და სიცოცხლე იზრდება ჩემში.

ეხლა დროა ზეიმის და სიხარულისა

და ქარების შეშლივით ჭენებისა

აი, აი, აი, აქ ვარ, აქ ყოფნა ვარ, ყოფნა ვარ, ყოფნა.

ბაყაყებო დამიბრუნეთ ჩემი ენა .

მე ცოტა მეგობრებიც მინდა და

სოციალური არსებობაც და

სექსი და

მომხიბვლელობის შავი მაგია

და ვაი რომ ნორმალური სამსახურიც მინდა,

სახლი მინდა სადაც თქვენს ღიღინს მოვუსმენ ხოლმე გაზაფხულობით .

ბაყაყებო მოდით ასეც გავერთოთ ცოტა,

ცოტა მეტი ვითამაშოთ,

თორემ მომიწევს თქვენთან დარჩენა სამუდამოდ

და ყიყინი არსებობის საოცრებაზე.

 

*** მე არ მაქვს სიტყვა

მე არ მაქვს სიტყვა

რომელიც შენზე ილაპარაკებს.

უნელესი ლოკოკინები შუაღამისფერი მდელოებიდან?

ოქროწკეპლების გაყვითლება შემოდგომის მინდვრებიდან?

მე არ მაქვს სიტყვა,

რომელიც შენზე

ილაპარაკებს.

ზღვების სიჩუმე თუ ჩემი ღელვა

როცა იმათ ლურჯ მუცლებში

უხმოდ მშთანთქავს საიდუმლო

უძველესი ზღაპრებიდან?

მე არ მაქვს სიტყვა რომელიც აღწერს,

ან უმღერებს,

ან აამაღლებს,

ან დაამდაბლებს,

ლოცვას აღუვლენს,

სამოსელს გახდის,

ან შემოსავს

შენს სილამაზეს.

გულის ბუნაგში რას შევითრევ

ამ ზამთრისპირს , რითი ავავსებ

ჩემი ლეკვების უნაზეს და უთბილეს ფაშვებს,

თუ ვერ აღვწერ შენს სილამაზეს

რით მოვიხელთო

დიდი ჩიტების გადაფრენა ოქროს ცაზე,

ოქროს ფოთლების ჩამოცვენა დროის ჭის ფსკერზე.

მარტო იმ ჭაში ჩამხედავი

და თავის თავის დამნახავი

თუ შეძლებდა შენზე სიმღერას.

მე ჯერ მარტო ვიღიღინებ,

ფეხშიშველი ვირბენ ქარში

-არ მეშინოდეს.

ეკლებს შევირჭობ ფეხისგულებში

-არ მეშინოდეს.

ეკლები დაჩხვლეტს მაყვლისკრეფისას თითისბოლოებს

-არ მეშინოდეს.

ბოლოს ყველაფერს ერთ გრიგალში თავს მოვუყრიდე

და მომქონდეს ზღვის კალთებთან შენ რომ დაგტოვე

და ვერ ვამბობდე ერთ სიტყვასაც

სილამაზეზე

და თუ ვიტყვი, რა უნდა ვთქვა

რომ ამ გრიგალში თვითონ თავით ჩავეკიდე და ჩემს ზემოთ დედამიწა

აწკრიალდა შემოდგომის ზანზალაკებით?

ჩუმად ვიქნები,

სიჩუმისგან ჩირს გავაკეთებ სავსემთვარეზე

იმის სიტკბო თვალებს აგიხვევს,

ტუჩების ლებნებს დააწებებს ერთიმეორეს

და ჩემი ცეცხლის ფშვინვისპირას

კატასავით მოიკალათებ.

მე კი არ აღგწერ და ვერ აღგწერ და

დერვიში და ქარის შვილი მიწისპირზე ვიხეტიალებ და

კვალის ნაცვლად თაფლს დავტოვებ სანამ მახსოვხარ .

 

*** მე თქვენთვის ვმღერი

მე თქვენთვის ვმღერი,

სიზმრების გზებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთათვის,

ვინც ვარსკვლავების ყვითელ რძეს სვამს ყოველ საღამოს,

ვინც ყვავილების ნექტრით მკურნალობს

განუკურნელ დაავადებებს,

ვინც კომეტების ცეცხლოვანი გზებით დადის

კოსმიური მინდვრების გავლით,

ვის ხელისგულზეც ყველა პლანეტის ბედს წაიკითხავ.

მე შენ მოგიხმობ, ვინც მასწავლი,

როგორ ვიპოვო ყოველ დილით

სიზმრების შავი ხვრელებისგან გამოსაძრომი,

როგორ დავბრუნდე მე მთლიანი

რომ არ დავტოვო იქ სხვა სხეული,

ან ქარი არ გამომყვეს დღეში,

მისი ბნელი ტყეებისგან

ჩემს ჩასანთქმელად ამოვარდნილი.

ვინ მოაშორებს ამ ჯადოს ჩემს თმას,

ვინ დამხვდება ყოველ დილით ღამის საშოდან დაბადებულს

და ვინ გადაჭრის ამ შავ-ბნელ ჭიპლარს,

ვინ გამიშვებს სინათლეში ბავშვივით წმინდას.

რომელ ღვთაებას ველაპარაკო,

ვის სახელზე შევწირო მსხვერპლი,

ვინ გამოვიხმო სულეთიდან

და შეშლილი ცეკვიდან რომელ აჩრდილს მოვუხმო,

მიწას ჩავძახო, ცას ავყმუვლო,

თუ ცეცხლის წითელ ავსულს ვევედრო

-დამეხსენი, დამეხსენი გემუდარები!

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
291