მარი ჩხაიძე
***
როგორც ირეკლავს წყალი
და ყოველი მისი შერხევისას ირწევა ყველა ლანდი რომელიც იქ ჩანს
ასეთივეა ჩემი აღქმა ამ სამყაროში
მერამდენე დღეა გადაუღებლად წვიმს
წყალმა რამდენიმე სანტიმეტრით აიწია მიწიდან
ჯერ ყველაფერი სათამაშო მოედანს ჰგავს
ბავშვები ქაღალდის ნავებს უშვებენ მინდვრებში
და ისინი ბალახების თავთავებზე მიცურავენ
***
ჩემს „უტიფრობას“ ისიც ადასტურებდა რომ არაფერს ვნანობდი
ელავდა და წვიმდა
კარადასთან ძველი ბათინკები ვიპოვე ჩავიცვი და ზღვაზე წავედი
ჩემი სკოლა
ფორთოხლის ბაღები
აკაციები
ფერდობები
მაყვლის ბუჩქები
ამ ყველაფერს უსწრაფესად ჩავუარე
გადავკვეთე ლიანდაგები და დავეშვი ფიჭვნარისკენ
ასე მეგონა
ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
რომ გამოვფხიზლდი ზღვაში ვიყავი
წყალი თბილი იყო
წვიმაც
სველი ტანსაცმელი ჩავიცვი და უკან ავტოსტოპით წამოვედი
სიცხე მქონდა და ვბოდავდი
„სად არის ჩემი ყვითელი საწვიმარი“
ხორბლით სავსე ტომრები ეწყო
რამდენიმე ყუთი ვაშლი
სხვადასხვა ფერის
ხის ძელზე ჩამოვჯექი და ტომრებს ზურგით მივეყრდენი,
ჩამეძინა
რომ გამეღვიძა მზე ჩადიოდა
აქ ვჩერდებითო
ჩამოვედი
დანიშნულების ადგილი არ მქონდა
ამიტომ ხეობას აღმართისკენ ავუყევი
კარავი მდინარის შესართავთან გავშალე
ჩამობნელდა
ცეცხლი დავანთე
ცეცხლზე ალუმინის პატარა ჭიქით წყალი დავადგი
გავიხადე და მდინარეში შევცურე
რა დროსაც კლდეზე ჩემი უზარმაზარი ჩრდილი ამოიზარდა
ვიღაც ფანარს მანათებდა
არ შეგეშინდესო
დღეს წყალდიდობა იქნებაო
აქვე ვცხოვრობ ჩემთან წამოდიო
დედაჩემიც სახლშიაო
ხმამაღლა გამეცინა
ცურვა გავაგრძელე.
სასიამოვნო იყო აგვისტო ნათელი ღამე ცეცხლი და ცხელი ყავა
როგორ მიყვარხარ სამყაროვ გავიფიქრე და ჩამეძინა
შუაღამით კი მისი ყველა გაფრთხილება ახდა
ელვა
ჭექაქუხილი და თავსხმა
სასწრაფოდ წამოვდექი და სანამ რამეს მოვიფიქრებდი
წამოხვალო?
შენ კიდევ აქ ხარ? კი ვუთხარი, მაგრამ ისევ გამეცინა,
რა თქმა უნდა მეთქი
გავიარეთ ეზო,
პატარა ხის კიბეები
აივანი რომელიც კლდეზე იდგა და შევედით ოთახში სადაც მოხუცი ქალი კარტოფილს წვავდა
შეგამჩნიეო ჩემი შვილი გამოვგზავნე მაგრამ მოერიდა დაძალებაო
აქ ასე იცისო
მოდი მოდი ცხელი ჩაი დალიეო
წიფლის სახლი იყო, სუნით ვიცანი, ხმითაც
ხო რა თქმა უნდა სამყაროვ
შენ ისეთი მშვენიერი ხარ
მეტიც შემიძლია მეთქი და ნაპირს მნიშვნელოვნად გავცდი
რა დროსაც ქარი ამოვარდა და შტორმი დაიწყო
არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი ფსკერზე მაგრამ
უთვალავჯერ ვცადე ამოყვინთვა
ჰაერს კი ვერსად მივაგენი
და ჩემი ცხოვრების 14 წელი უკუღმა დავათვალიერე.
ცოცხალიაო
თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი
იქვე პატარა მაღაზია გვქონდა ინდურ სტილში შარფები მაშველი რგოლები და ასეთი რამეები ეკიდა
კი არ შევედი შევიპარე
თითქოს შტორმში არ მოვყოლილვარ თითქოს ზღვაზეც კი არ ვყოფილვარ
თითქოს სიკვდილს არ შევხვედრივარ
მხოლოდ ერთი რამ მაღელვებდა
თავისუფლება რომელსაც ცოტა ხნით მაინც დავკარგავდი
რომ შესაძლოა ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვა ყოფილიყო
ამაში კი ხშირად ვიყავი მართალი
2500 კვადრატული მიწა ფერმერისთვის
დიდი გამოწვევა არ უნდა ყოფილიყო
მაგრამ მე ფერმერი არ ვიყავი
ვიყავი მხოლოდ შთაგონებული
და ვისაც ერთხელ მაინც განუცდია შთაგონების ძალა
ის ყველაფერს მიხვდება
დილის შვიდ საათზე წამოვდექი უკვე ცხელოდა
იქვე ემალის ყვითელ თასში ხელები ჩავყავი და თბილი წყალი სახეზე შევისხი
გარეთ ჯერ კიდევ ყველაფერი სველი იყო
ცვრიანი
კვლებს შორის არხთან ჩამოვჯექი და სათითაოდ დავიწყე ფხვიერი მიწიდან ბალახების ამოთხრა
მხოლოდ მზემ რომ ძალიან დააცხუნა
მივხვდი რომ შუადღე მოახლოვდა
სახლში შევედი და უზარმაზარ ჭურჭლის გროვას შევავლე თვალი
წყლის დალევა მინდოდა და პირდაპირ ონკანიდან დავლიე
სადღაც ძველი ქუდი ვიპოვე მეზობლის
ჭილოფისგან მოქსოვილი
რომელიც ერთხელ ვითხოვე და არ დავუბრუნე
ველოსიპედი გამოვიყვანე და დავეშვი დაღმართზე
საშინლად ცხელოდა
მაგრამ უსწრაფესად მივქროდი და თვითონვე ვიყავი ქარი
მაღაზიაში შევედი და სიგარეტი ვიყიდე
ვიფიქრე იქვე მოვწევ მეთქი
მაგრამ დღეისათვის ველოსიპედი და თხელი კაბაც საკმარისი იყო
ადგილისთვის სადაც ისედაც არაფერი ხდებოდა
უბრალოდ მდინარეზე ჩავედი
და ცოტა ხანი გავირინდე
ასევე იხილეთ
მეტის ნახვა...
