AnnA Blume

უთავო

ჩემგან ღიმილის დანახვა უნდათ,
მე მებურცება თვალები და ვყეფ.

მომეცით, თეთრი ხელსაწმენდები და ბოთლი არყით
საკუთარი პლასტმასის ჭიქით
ჩემი ბავშვობის თოჯინები უნდა დავათრო.
მე ისინი არა მაქვს მთელი.

დახლთან,
იატაკიდან რამდენიმე სანტიმეტრში ვაქანავებ ფეხებს სკამიდან
ვუჭახუნებ ჭიქას საფერფლეს.

არ მოწიო, – მეუბნება მამა კვამლიდან
და მარტყამს კანზე მოზომილი განმეორებით.

ვეწევი.
მარტოსულია ჩემი მუცლის ბნელი ფუღურო
და როცა ვკოცნი პირველ შემხვედრს, ხვდება
მუცლის დასპირტულ სიცარიელეს.

 

დედაჩემი

მივისაკუთრე
დედა, რომელიც მიკერავს ვილვეტის შარვალს
გარღვეულ ჯიბესთან,
ვეუბნები, რომ მაინც მიატოვებს მამა,
რადგანაც თავად ტანსაცმელი არ შეიკერა,
დარღვეულ შარვალს
ნაოჭიანი ხელები მალავს,
ფარავს საკუთარი უსუსურობით.

მივისაკუთრე
ბინა, რომელიც ჩატყდა,
მოქუჩებულ ჭიანჭველებს თავზე დაეცათ,
სპილო ამდენს ვერ გაუძლებდა.

მივისაკუთრე
ქმარი ვნებიანი წაჩურჩულებით
და რამდენიმე მსუბუქი ჟესტით.
მე გავუღიმებ,
როდესაც წასვლას დააპირებს
უნაოჭებო ადამიანთან
და დედაჩემს არ ვემსგავსები.

 

***

დილაობით
აივანთან მივჩოჩდები
და ბუდეში დაგროვილ კვერცხებს ვამშრალებ.
მერე ვბრუნდები ლოგინში
და იქიდან ველოდები
სტუმარს.
ამბობ, მიყვარხართ.
დღეს ჩემი დაბადების დღეა.
ხელის თითებით მასწავლი
საკუთარ ასაკს.
ვიღებ ზურგჩანთას.
გავდივარ.
თურმე გავიზარდე.
დიდები არ ტირიან.

 

თანაკუბელებს

მე
დედამიწიდან გავრბივარ ქაოსში
დასასვენებლად.
და ვსუნთქავ კოსმოსს
დაბურული ნესტოებიდან,
საიდანაც გამოდის სითბო
და ვითბობ ხელებს
საკუთარი გამონაბოლქვით.
მჭირდება, რომ არ ვიყო მარტო.

გული
ბულავკა, –
წამოდებული კალგოტკაზე
და გახეული ვერტიკალურად.
ჩახეული კანის აქერცვლით.
შენ მადებ ბამბას, –
გამივლის.

მაკრატელი
დამრჩა
ჭურჭელზე დატოვებული
შენი ნალექი
და ფერფლი, ბევრი ფერფლი, ფერფლი უაზროდ.
მივაღწევ ბარის რომელიმე საპირფარეშოს
და ფერფლისფრად შევიღებავ თმას.

გაჩერებაზე
ჩაიჩოჩე,
მე შენ გიცნობ, –
შენ სულებს ყიდი,
რესტავრაციას უკეთებ და
მანამდე რეცხავ უაღსარებოდ.
ჩამოვჯდები.

****
შენი აურა
არეკლილი ობიექტივში
ფირზე დატოვებს ნალექს
წყალშერეული ნავთობისფერი
შენი აურა.

გადაბირება
მე უფერო ვარ.
საპნის ბუშტისფერი
ბრტყელი და უფორმო.
მაბიჯებ 80 კილოიან სხეულს
და გამოდის, რომ ვიწონები ბევრი.

მე კუბში ვარ
სხეულით ვზომავ ასიმეტრიას.
თან ჰაერს ვწონავ.
შენ დაჭიმე ქუთუთოები,
რომ არ გეტირა.
მე კი მთელი ძალით ვყვირი:
მე შიგ ვარ.

 

SHOOT

ვყროლდები.
ვირთხები კბილებს ასობენ ენას.
ვირწევი.
ჩაორთქლილ მინას თითებს ვუზომავ.
ვსწორდები.
მტრედის პირისპირ ვერ ვსწავლობ ფრენას.
ვირწევი.
სისხლში ერევა ძვალი,
რომელიც გატყდა,
და მოტყდა
წამწამები დაბეჟილ ხეებს.
ჩრდილით ზომავენ ხელები ტყეებს.
დედა, მე მოვკვდი, –
და დედაჩემი უკვე კუნძია.

 

მილიმეტრები

შიგნით
რამდენიმე მილიმეტრით კანის ქვეშ
ახალი კანი ეკრობა ნერვებს
და მოძრაობს აწ უკვე ბავშვი.
შეხედე! შენი შვილია.
როგორ გგავს.
მას უნდა ჩემში.
მას სტკივა ჩემში.
ჩამოფხეკილი ნაწილაკები.
შიგნით,
რამდენიმე კილომეტრით კანის ქვეშ.

ვერბალი

შენ არ იცი რა ლამაზია ნაგავი

ვილვეტის და ბოთლების ნაგავი

ბანტების და პლასტმასის კოლოფების ნაგავი

ჩემს უჯრაში.

ნამცეცებივით დაკარგული კვირები

და ბინოკლით დანახული ღმერთი,

რომელიც გიქნევს ხელს და გეუბნება:

მჭირდები.

და შენ არ იცი როგორ დაეხმარო.

რამდენიმე კილომეტრი დარჩა მთვარემდე.

სავარცხელი გადააგდე უკან.

Widget is loading comments...

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
216