ელის ქოუენის შესახებ
თარგმნილია გამოცემების: Tony Trigilio «Elise Cowen: Poems and Fragments» 2014 (Heartbeat #29) ; Joyce Johnson «Minor Characters: A Beat Memoir», 2012 და Brenda Knight «Women of the Beat Generation: The Writers, Artists, and Muses at the Heart of a Revolution» , Conari Press, 1996. გამოყენებით.
თარგმანი: ს.კ
1933
ელის ნადა ქოუენი დაიბადა 31 ივლისს, ვაშინგთონ ჰაითსში, ნიუ იორკში, საშუალო კლასის ებრაულ ოჯახში.
ელის ქოუენის სულ რამდენიმე ფოტო მოიპოვება, ერთ-ერთია ფოტო მისი პასპორტიდან, რომელიც მას (ქვეყნის დატოვების მიზნით) არასდროს არ გამოუყენებია.
1946
ელისმა სამზარეულოში, სკოლის მეგობრების სტუმრობის დროს, ხანძრის შედეგად სახეზე და თავზე დამწვრობა მიიღო. შემთხვევის შემდეგ მისმა თმამ და წარბებმა არათანაბრად დაიწყო ზრდა. ჯოისი ჯონსონი თავის მოგონებებში წერს, რომ ამ დღის შემდეგ ის «საკუთარ თავს მახინჯად მიიჩნევდა».
1951
გაიცნო ჯოისი ჯონსონი, თანაკურსელი ბერნანდის კოლეჯში.
ელისი ჩაეწერა ფილოსოფიის შესავალ კურსზე პროფესორ დონალდ ქუქთან, რომელიც მოგვიანებით შეუყვარდა.
1952
შემოდგომაზე დატოვა მშობლების სახლი და ოთახი ერთ-ერთ პანსიონატში, 108-ე ქუჩაზე იქირავა.
ჯონსონი წერს, რომ ამ პერიოდში ის «ოცნებებში დაკარგული» იყო, არ ჩანდა, აცდენდა ლექციებს, ავიწყდებოდა შეთანხმებები შეხვედრების შესახებ, არ დადიოდა სამსახურში, კოლუმბიიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომლითაც უნდა გადაეხადა ბინის ქირა (7, 50 $ ყოველკვირეულად).
განახორციელა სუიციდის პირველი მცდელობა.
1953
პროფესორმა ქუქმა ელისს ალენ გინსბერგი გააცნო. მალევე ელისს და ალენს სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.
1954
იანვარში გინსბერგი მექსიკაში გაემგზავრა. მოგვიანებით, ამავე წელს, ჩავიდა სან-ფრანცისკოში, სადაც პიტერ ორლოვსკის შეხვდა, რომელიც მისი ცხოვრების უცვლელი თანამგზავრი გახდა.
ქოუენმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო კეროლ ჰილერთან.
1955
ქოუენი და ჰილერი ერთად გადავიდნენ 1270-ის 1. ავენიუზე (68-ე და 69-ე ქუჩებს შორის, ნიუ-იორკი; ეს მისამართი წერია ქოუენის მოწმობაში, რომელსაც ფლობდა «წითელი ჯვრისგან», სისხლის დონორობის გამო).
1956
დეკემბერში გინსბერგი და ორლოვსკი ქოუენთან და ჰილერთან გადავიდნენ საცხოვრებლად.
1957
მარტში გინსბერგი და ორლოვსკი მაროკოში გაემგზავრნენ.
ამ ბინიდან ქოუენი, მაისში, 173-ს ისთ მე-4 ქუჩაზე გადავიდა. ახალი მისამართი პირველად ქოუენის მიერ პიტერ ორლოვსკის დედისთვის გაგზავნილ წერილში დაფიქსირდა.
ივნისში ელისმა სამსახური დაკარგა (მბეჭდავის პოზიცია ABC-ს სატელევიზიო ქსელში). ჯონსონის გადმოცემით, ერთ პარასკევს, მიზეზის დასახელების გარეშე, ელისმა, სამსახურშივე მიიღო წერილი დათხოვნის შესახებ. მომდევნო ორშაბათს ის მაინც მივიდა ტელევიზიაში, დაჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან და დაიწყო საკუთარი სახელის ბეჭდვა, ის ეწინააღმდეგებოდა ყოფილ თანამშრომლებს, არ ტოვებდა ოფისს და არ წყვეტდა საკუთარი სახელის ბეჭდვას. მისმა უფროსმა, ოფისიდან ქოუენის გაძევების მიზნით პოლიცია გამოიძახა. მოგვიანებით, ელისის ახლო მეგობარმა ლეო სკირმა გაიხსენა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქოუენს დაკავების დროს მუცელშიც ჩაარტყა. როცა ქოუენის მამამ შვილის დაკავების შესახებ შეიტყო, ელისს უთხრა: «ეს დედაშენს მოკლავს».
ქოუენი ამ შემთხვევის შემდეგ სან-ფრანცისოში გაემგზავრა.
1957–58
ივნისიდან (1957) მარტამდე (1958) ელისი სან-ფრანცისკოში, 490-ე, ბროდვეის ქუჩაზე ცხოვრობდა.
1958
იანვარში ან თებერვალში ორსულობის უკვე გვიანდელ სტადიაში, ქოუენს ჰისტერექტომიის გზით (საშვილოსნოს ამოკვეთა) ორსულობა შეუწყდა.
ქოუენის იმჟამინდელი პარტნიორი პროფესიით მხატვარი იყო და ელისთან ერთად ცხოვრობდა სავარაუდოდ ამავე წლის შემოდგომაზე.
მარტში ლეო სკირმა ელისს ნიუ-იორკში დასაბრუნებლად, ავტობუსის ბილეთისთვის და საკვებისთვის ფული გაუგზავნა. ლეო 2009 წლის ინტერვიუში იხსენებს: მან აიღო ერთი შეკვრა კვერცხი, მოხარშა, იყიდა ერთი ბოთლი ბრენდი (Christian Brothers) და ეს ეყო სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკამდე [გზაზე დაახლოებით სამი დღე-ღამის განმავლობაში იყო] – ბრენდის სმა და მაგრად მოხარშული კვერცხის ჭამა.
ელისი ზაფხულამდე ლეოსთან ცხოვრობდა, შემდეგ კი ჯოისისთან გადავიდა.
ზაფხულში ელისი კით გიბსს შეხვდა და მასთან და ჰოვარდ შულმანთან ერთად აგვისტოში კვლავ სან-ფრანცისკოში გაემგზავრა.
ქოუენი და გიბსი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. 12 ოქტომბერს, გისნბერგისთვის გაგზავნილ წერილში, ელისი ალენს და პიტერს რჩევას სთხოვს, თუ როგორ დაეხმაროს კითს სამხედრო სამსახურის თავიდან აცილებაში.
1959
აპრილში გინსბერგი და ორლოვსკი სან-ფრანცისკოში დაბრუნდნენ.
ზაფხულის ბოლოს ქოუენი და გიბსი ერთმანეთს დაშორდნენ და ელისი ნიუ-იორკში დაბრუნდა. ჯონსონი 2011 წლის ინტერვიუში ქოუენის და გიბსის შესახებ იხსენებს: კითს ელისი ნამდვილად მოსწონდა, ელისს კი კითი აღაფრთოვანებდა.
ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ მოკლე პერიოდი ელისმა მშობლებთან გაატარა და შემოდგომაზე ოთახი იმ შენობაში იქირავა, სადაც გინსბერგი და ორლოვსკი ცხოვრობდნენ. მოგვიანებით კი ცხოვრება ჯენინ პომი ვეგასთან (1942-2010) ერთად დაიწყო.
1959-60
1959 წლის შემოდგომიდან 1960 წლის გაზაფხულამდე ელისი წერდა იმ ერთადერთ რვეულში, რომელიც გადარჩა მისი სუიციდის შემდეგ. ამ რვეულის მიხედვით, ელისი ამ პერიოდში American Youth Hostels-ში მუშაობდა.
1960
გაზაფხულზე ელისი ვეგასთან ერთად ახალ მისამართზე გადავიდა (232 East 2nd Street). გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ბინა ტარაკნებით გაივსო და ქოუენს არ შეეძლო მათი მოკვლა.
მოგვიანებით, შემოდგომაზე ქოუენმა გინსბერგისთვის «კადიშის» საბოლოო მონახაზი დაბეჭდა და დასრულებული ვერსიის გადაცემის დროს მას უთხრა: მასთან [დედასთან] შენი საქმე ჯერაც არ დასრულებულა, არა?
1961
23 მარტს გინსბერგი და ორლოვსკი ინდოეთში წავიდნენ. მათმა გამგზავრებამ ქოუენი ძალიან დააზიანა. ის არ ელოდა, რომ ალენი და პიტერი მის გარეშე გაემგზავრებოდნენ.
ზაფხულის განმავლობაში ქოუენი (მეტწილად) ირვინგ როზენთალთან ერთად ცხოვრობდა.
შემოდგომაზე მას პარანოიდული შიზოფრენიის მწვავე ნიშნები გამოუვლინდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელისი სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა ბელვიუში (NYC Health + Hospitals/Bellevue, ადგილების (საწოლების) რაოდენობის მიხედვით) შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი საჯარო ჰოსპიტალი, მდებარეობს ნიუ-იორკში), საიდანაც მოგვიანებით კერძო დაწესებულებაში გადაიყვანეს (Hillside Hospital, Glen Oaks, Long Island).
1962
2 თებერვალს, როზენთალისთვის გაგზავნილი ერთ-ერთ ბოლო წერილის მიხედვით, ელისი დარწმუნებულია, რომ მის ფიქრებს ბელვიუს ფსიქიატრები აკონტროლებენ. ის როზენთალს მიმართავს, რომ იცოდეს, თუ რაიმე უცნაური შეემთხვევა, ეს მოხდება მასთან კონტაქტის გზით, მისი ტვინის მდგომარეობის გამო. «რადგან ყველაფერი, რასაც ახლა ვფიქრობ ან ვწერ, ბელვიუდან მოდის». ის აფრთხილებს როზენთალს, რომ არ მიწეროს და არც სხვა გზით შეეცადოს მასთან დაკავშირებას. «ცხოვრება მშვენიერია & საზარელია & იქნებ ურჩხული ამერიკანუსი აფეთქდეს, როგორც გობლინი ასეთ მზეზე».
1962
სავარაუდოდ 16 თებერვალს ელის ქოუენმა სუიციდი განახორციელა. 28 წლის ელისი კლინიკის დატოვების შემდეგ მშობლების სახლში მივიდა. ის მეშვიდე სართულიდან, სახლის ერთ-ერთი ფანჯრიდან გადახტა. პოლიციის ცნობით ფანჯარა, რომლიდანაც ის გადახტა (ან გადავარდა), დაკეტილი იყო.
ასევე იხილეთ
