MIRKANI
***
ვიღაცას სხეულის შიში ქუჩის გადამკვეთ წერტილში გაყინული უგდია.
მე ვმოძრაობ, ვმოძრაობ სხვა ჩუმ ყინულებში, სხვა სახლებში სხვა კორპუსებში
და ბალახებში ვკაწრავ ტუჩს რომ ხმა არ დაემსგავსოს მათ შიშს.
არ დამეკარგოს რომელიმე ქუჩის გადამკვეთ წერტილში სადაც აღარც მე ვარ არც შენ.
კრისტალები კი ფლამინგოს გავს კედელზე სადაც ცოტათი თუ ნასვამი ხარ ლამაზდები..
ყველა დამალული სიტყვა ნერწყვში მარილდება და როცა თვალებს იხსენებ სიზმრებში ჩატოვებულს, ოფლში იძარღვება.. არ გცხელა უბრალოდ ოფლიანობ ქუჩის გადამკვეთ წერტილში და ისევ შენ ხარ.
მარტო ვარ. არ მრცხვენია…
მარტო ვარ და ეს მტკივა.
ხეებში კი ენერგია მედუზას პოზას იღებს და სახლის იმ ძველ სხვენში იპერწკლება
ახლაც რომ აქვს მზის სუნი და კედლების ჩრდილს შავი ადამიანები რომ მოყვებიან
როგორც ატომები.
არაფერია გამიზნულად მტკივნეული,მაგრამ იკარგები ამ ფიქრებში..
შეგრძნება კი ნაბიჯებს მოაქვს. შენსას..ან შეიძლება რომელიმე ქუჩის გადამკვეთ წერტილში აეკრა ჩემს ნაბიჯსაც ახლა და იტვირთება უფასო მეგაბაიტებით.
ვერ გაიგებ. ან რა საჭიროა?
ამბობენ ოდესღაც ცხოვრობდა ტყის პირას ლამაზი გოგონა გრძელი თმით და ჭაობის ფერი კაბით, ტბის პირას გაშლიდა აიენი თავის თმას მოწყენილი და როცა ბაყაყები თმაში შეუძვრებოდნენ ყვებოდა ამბებს სიშორეზე.. ტყის სულებზე და ჯადოსნურ ქვეყნებზე.
ამბობენ რომ ვერ გაუძლო მარტოობას კენკროვანი სახლის სხეულზე და დაიმალა..
ამბობენ რომ ბაყაყები მის ამბებს იხსენებენ.. ამბობენ რომ ყოველ ღამე მას ეძახიან..
ამბობენ რომ როცა მოწყენილი ხარ ჭაობთან უნდა დაწვე.
ამბობენ რომ როცა გტკივა ტბასთან უნდა დარჩე..
ამბობენ რომ როცა მარტო ხარ იქ აიენი მოგიყვება ამბებს სიშორეზე..ტყის სულებზე და ჯადოსნურ ქვეყნებზე..
ამბობენ რომ როცა მარტო ხარ,აიენი ხარ.
და..
უბრალოდ უნდა გაქრე.
***
ბროწეულივით დაისერა შენი სხეული როცა მე ძველმანებში დავიჩოქე და იმ სივრცეს გავხედე სადაც კარები დაიკეტა.
კალიფორნია.მზის საფოსტო ბარათები.
სხვენში კედლები ხეა და ხეში კედლები სივრცეში მოძრავი მატლები.
ოდესღაც ჩვენი სიცილი ვარდებოდა ფანჯრიდან და ხელები
ფრინავ კვამლს გავდა სხეულის ბუფეტში.
ახლა ბროწეულივით სკდება შენი ნერვები და მებუფეტეს ეჩხუბება რელსებივით დაყრილ საქარე მინაზე.
არავინაა ამ გზაზე ჩემს გარდა შენთან.
მაგრამ არავინაა ჩემთან სხვენში ხეში მოძრავი მატლების გარდა.
კალიფორნია.მზის საფოსტო ბარათები.
გუშინ 30 წელი შემისრულდა და ტელევიზორი ფანჯრიდან ვისროლე..
ოდესღაც აქ ჩვენს მამემბს უყვარდათ ფეხების გაშლა შავ-თეთრი მონიტორის წინ. სამუშაო დღის ლუდით შელოცვა
დაღლილი ცოლების მკერდამდგარ სხეულზე.
და…
ახლა თითქოს არაფერი შეიცვალა.
პორნოსაიტები და დაღლილი ცოლების ამდგარი მკერდები.
ხელშეუხებელნი.. უკვე მივიწყებულნი..
და ინდიფერენტულობა თვალებში.
კალიფორნია .მზის საფოსტო ბარათები.
არავინაა ამ გზაზე ჩემს გარდა შენთან.
სხვენში ვზივარ და დიდ დროს ვანდომებ გაღიმებას.. მამაჩემის შვილმა თითქმის მამაჩემივით(ტელევიზორთან არა, მაგრამ) როგორც წესი, პორნოსაიტებზე უნდა ვანძრიო,
ისედაც გამოფიტულმა სხეულის ნაწილი ბოლომდე დავცალო და საკუთარი ასო შევიცოდო.
კალიფორნია.მზის ….
არააა.გუშინ 30 წელი შემისრულდა და კომპიუტერი ფანჯრიდან ვისროლე!
კალიფორნია.მზის საფოსტო ბარათები.
არადა ოდესღაც ხომ ჩვენი სიცილი ვარდებოდა ფანჯრიდან,
ხელები ფრინავ კვამლს გავდა სხეულის ბუფეტში
და ბროწეულივით მხოლოდ ბროწეული სკდებოდა ეზოში
ჩვენი მხიარული ვარდნის ქვეშ.
არავინაა ამ გზაზე ჩემს გარდა შენთან.
არავინაა ასე მარტო ჩემთან ჩემს გარდა.
