ბელა შანავა
***
ისინი ღამურებივით ეკიდნენ ბნელ მღვიმეებში და როცა უკვდავმა ჩვილებმა აანთეს ჩირაღდნები სამართლიანი ჩხავილით ჩაცვივდნენ ცხელ მდინარეებში და იყო ხელთნაკეთი მზე, დამჭკნარი ხილივით წებოვანი და ხეები, როგორც წმინდანის ნეშთი. ისმოდა საათები და ისმოდა წვიმა და მიწის სველი სუნთქვა, ბრონხიალური სტვენა. და არაფერი იყო ახალი ძველის გარდა. ისინი იხარშებოდნენ, როგორც სინთეზური შინაური ფრინველები და მოყვითალო ოხშივარი ფარავდა მშობიარეთა საშოებს.
***
(ფილიპეს)
ჩვენ მეტისმეტად აქაურები
და სხვადაურები ვართ იმისთვის,
რომ თავი ვიგრძნოთ მშვიდად და ჰაერი
რომელიც იტევს მილიარდობით სიცოცხლეს
ვერ იტევს ორივე თვალიდან ამოჩრილ
სინაფსურ ბადეს მათ მალშორებად მხრებამდე
და იგი, როგორც ფარდები ორპირ ქარში
ირხევიან და გსერავენ.
უკვე მერამდენედ მწერები მიირთმევენ ჩვენს ჰაპლოიდურ შვილებს
და უვიცი ბაგენი ღაღადებენ უდაბნოსა შინა.
ჩვენ მერამდენედ დავანთხიეთ ფერადი გონი მაგისტრალებზე,
რ0მლებზეც არავის გაუვლია
და ახლა გზისპირა ხეები იხვევენ ვარდისფერ ფარდებს.
ეს ხეებიც მეტისმეტად აქაურები და სხვადაურებია
***
ერთხელაც ფეხს წამოკრავ საკუთარ არტერიებს
და მოშვებულ არსებობას გადაჭიმავ კარიდან კარამდე.
მე მხოლოდ ყვავილების მჯერა.
შენამდე რომ იყვნენ ჩემს გამოფატრულ მუცელში
და ფესვების წვენით კურნავდნენ პირღია გულში დაავადებულ პეპლებს.
ასე დამიღამდება დღესაც.
ჩემი სალტატორული ფიქრებით ვიხეტიალებ კაკემონებზე გამოსახულ
ალუბლის ყავილებს შორის.
ერთხელაც ფეხს წამოვკრავ საკუთარ არტერიებს
და ნაფლეთებად ვაქცევ ჩემს დაჭიმულ არსებობას.
