პოეზია

ზურა ნეფარიძე

ლექსები ჩვენი მდუმარებიდან სიტყვდებიან.
ხმაურში ვნერგავთ ერთმანეთის ხმას
სიტყვები ნაბიჯებივით წინ ყრია გზებზე
მდუმარებას ადგილი არ აქვს ჩვენს ყურებში
შევსებულ ფურცლებს ვხევ დღიურიდან
კოგნიტურ უნარებს ვატან რომელიღაც გადაფურთხებას
რა შევაჩეჩო ხელს
რომელიც მუდმივად ეძებს იმას რისგანაც შედგება?
მტკენ როცა მიყურებ
განზე გამირბის მზერა:
ნაკლები ტკივილისთვის –
სურვილები და ახირებები ფესვებისგან გამოვხშიროთ
ბალახის ღეროსგან შევადგინოთ
ადვილჭკნობადი გავხადოთ

ადვილგმობადი ასოებისგან შევაწებოთ ერთმანეთს
სმენადად, ხილულად, სუფთა ჰაერის მყლაპავად ავკინძოთ
თვალები ადვილად მიწვდნენ და გაოგნდნენ
ხელები წამსვე შეეხონ და დაიგრაგნნონ
სმენად იქცნნენ და სიტყვა ვერ გაარჩიონ
წარსულით მაძღრებს აუდგეთ
ინტელექტუალებს დაუვარდეთ

ბგერები მძლავრობენ ჩვენს შორის
ერთმანეთს მიღმა –
მოლოდინი
სიზმარივით უკურნებელი და განუსაზღვრელია
ჩვენი უსურველი უსიტყვობები
ღამ-ღამობით ლამპიონთა ქვეშ წვიმაში ლბებიან
მასპინძლობენ დილის ხმაურს, აკანკალებულები და ჩაფსმულები
გვიბრუნდებიან განსჯილები და დავიწყებისკენ სვლა სურთ
ვერ გამოთალეთ დინჯი სასურველი სახეები ჩვენგან
არც კი ვიცი ვის მივმართავ
ვინ ჩვენგან ან?
ვუყურებ კარლოს „DER TOD DES LICHTES“ – ს.
ხიდი ხერხემალია სადაც განათებები ფხასავით ერთდებიან:
ბავშვობა მახსენდება:
ბევრს უყვირია სიბნელეში მუნკის ყვირილით სახლისკენ მიმავალს უჩუმრად
ნავთის ლამპა აუნთია და სარკეები უმტვრევია
ოთხმოცდაათიანების კივილი დღესაც გრძელდება ურბანულ და არაურბანულ ძარღვებში.

ო ეს სევდა. ის რომ გვტკენდეს სხვა რაღა დაგვრჩებოდა თავშესაფრად

***

ხარბად დაეშვა ჩემი მტკნარი სისხლი მდუმარე გარეუბნებისკენ.
როცა ხმაური გამოგვიგლოვებს მის დაქირავებულ ჯამბაზებს
ვინღა გაარღვევს დუმილს
რომელიც გონგით შეგვხვდება ცივილიზაციის მიღმა, ლაბირინთის გასასვლელში.
დროში აყეფებული მონოლითების ჯოგი სპირალური ცირკულაციით აორთქლდება მადისაღმძვრელი მიუსაფარი გალაქტიკებისკენ, ახალი სტომაქებისკენ.
რა ამოვძირკვოთ დამლაშებული დედამიწიდან
რაც კურნავს ბლანტ სიცოცხლისუუნარობას
თევზის ქერცლივით რომ მოსდებია ატმოსფეროს შინაგან ორგანოებს.
რა წავიღოთ ამ პოსტმოდერნული, გადამდნარი ბაღებიდან მომაკვდინებლად შეყვარებულ გაზაფხულთა საიქიოსკენ.
რას ვეზიაროთ, რაც დაგვამძიმებს ლევიტაციურ მაგისტრალებზე და პასუხს მოგვთხოვს ღვთაებრივის, კოსმიურის შელამაზებისთვის
ბოდვაექსპრესიითვის
ბუნდოვანი სანელებლებისგან გამოწვეული კოსმიური ეაკულაციისთვის
სამყაროს კიდესთან დგომის ორგაზმისთვის
არაჰუმანური, არაცხოველური ექსტაზისთვის.
ხელი ჩავკიდოთ ჩვენს უმშვენიერეს იარებს და სხვა სივრცის, სხვა სიცოცხლის მომლოდინე პეიზაჟთა იალქნებად დავკიდოთ
სადაც არა არს იდეები და მათი მტკეპნავი დინებები
და სიცოცხლე ეროზიული წესრიგით კომუნიცირებს.

***

იისფერი სინათლე ღებავს კედლებს
გარეთ გაზაფხულია და მცენარეები ნაღმავენ სამყაროს
აშლილ ლოგინში წუხანდელი სიზმრები ფუთფუთებენ
აზრის გაგრძელებას ვახშობ ფსკერამდე
სადღაც შუაში
იმ იმედით რომ შემდეგ ტალღაში შევაღწიო უკონტროლო დინებაში
მტკნარი წყლებისკენ
ჩემს ორგანიზმში
მის სისხლძარღვებში
ვეძებ ვინმეს ვინც შემოვა ჩემი ოთახის კვამლში და გაეხვევა როგორც მითოლოგიურ ესკიზში
ალბათ ესეც არაა შუაში გაწყვეტილი აზრი
სიტყვებს ვყნოსავ მშიერი მეძებარი ძაღლივით
რომელსაც დროშების ფრიალის არაფერი ესმის
კედლებს ჭირდებათ ფხაჭნა
ერთფეროვნების გასაშუქებლად
უჩრდილო ჰეგემონიის ჩამოსანგრევად

თვლემა მეხსიერების სკივრში

სიზმრებად გარდასაქმნელ ამბებში ვტივტივებ.
დაკარგული გზები მეძებენ.
ფილტვები ნაგვით დაფარულ ყურეებს გვანან.
ნისლი ბგერებს ფილტრავს.
მანერები საარსებოდ ყველგანმყოფ სარკეს იმოწმებენ
ისრუტავენ
კრიალა საგნები
ამპარტავნებას
ამ პატარა ვნებას
ჭამს მეშჩანი.

დავიწყებული სახეების კორტეჟი მომაცილებს ჩემსკენ. ჩემს ამწამიერ მუდმივობაში
მათი ზედაპირები ცახცახებენ.
მათ გულში გრძნობები განმისამართდნენ.
სამახსოვრო დღეების ბათქაში ლპება – სდევნიან მეხსიერების მონობიდან მონები.
დღეებს ფერები სცვივათ
ფოთლებივით
და წამებად იკუმშებიან.
სახეები და სახელები მჭიდროვდებიან და მეხსიერების სკივრის უმცირეს სამალავში ბღავიან, იცინიან, იმუქრებიან დამარცხებული პოლიტიკოსებივით, ვაჭრებივით, რომელთაც წააგეს და მდინარესთან მისვლა აუკრძალეს სიცოცხლემისჯილებს.
ხალხით გარშემო(უ)მყოფნი…

რაც სიყვითლით სავსე ნათურიდან ჟონავს
სინათლეს აღარ ჰგავს
არამედ რაღაც შხამისტიკურ საკენკს
დროში გაწელილი სახეებისთვის.

ეს სახეები კედლებს ჰგვანან
შევსებას რომ საჭიროებენ სტატისტთა როლებივით.
კარტოგრაფები მათ ნაკვთებს ჭიმავენ.
მცირდებიან.

ცრუმიმღებლები ხარბგამცემლებს ჭარბწარმოების კანალიზაციაში ექაჩებიან.
თითქოს მიწამ პირი დააღო საკუთარი არარსებობის ჩასაყლაპად
ნეტარებას რომ ვარქმევდით
უმყოფობის ორგაზმში.

სურვილები სიზმრებად იდღაბნებიან
ჯგუფდებიან
დაისების რკალში ეძებენ შენს ხელებს რათა წრედ გადააქციონ.
მრავლდებიან.

ფოსფორული ზმანებები

ჩემი ბალიშის ზემოთ წიგნების თაროა და არ ძინავთ ზედ მიკრულ ფოსფორის დელფინებს, როცა მე მძინავს. მეღვიძება და მათ განლაგება-მოხაზულობაში ვხედავ შენს ზღაპრულად გაღიმებულ ფოსფორულ სახეს
მეზმანა, რომ მძინარეს დამყურებდი სახეზე, როგორც მე დაგყურებდი ხოლმე და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, ჩემთან თუ შენთან, რადგან მხოლოდ ცივი გონების სპექტაკლში არსებობდა „ჩემი“ და „შენი“ რომლებიც არ მქონდა, იქამდე სანამ შენი სახე გაქრებოდა და პლასტმასის დელფინთა აბსტრაქტული განლაგება გამოჩნდებოდა
მეუბნები, რომ შევწყვიტო
მე ვერ შევწყვეტ იმას რაც მე არ ჩამინერგავს ჩემში. ვერ შევწყვეტ აღმოჩენებს და ჩემი თავის და სხვების შეცნობას, შემჩნევას ჩემში, იქამდე, სიზმრის თუ სიცხადის იმ შრეებამდე, სადამდეც შემიძლია ვწვდე მომღიმარე ზმანებებს, რა სიბნელეც არ უნდა იყოს მათ ღიმილს მიღმა.
მეუბნები, რომ ჩემთვის დავიტოვო
შენ არ გინდა იმის გაგება, რას აკეთებ მაშინ, როცა გძინავს, ვისთან რა სახით ვლინდებით შენ და ის, ვისთანაც ვლინდები
მეუბნები, რომ არ გინდა
მფრთხალი ხარ და ფრთხილი მისგან თავდასაცავად ვისთანაც საფრთხეს არ აქვს ადგილი
შესაძლოა. ამბობ შენ
მფრთხალია ადამიანთა გულები, ისევე როგორც ბეღურის გული ქარის ნესტარზე წამოცმული ცოცხლად ამოღებული
მფრთხალია ურთიერთობები
მფრთხალი არაა შენი დამოკიდებულება ვიღაც შეშლილი პერსონაჟის მიმართ რადგან მან შენს გაყინულ ფასადს მიღმა ვერ შემოაღწია, მხოლოდ გული აგიფრთხიალა წამით და კვლავ თავის გარსში დარჩა. შენ ვერ დაუბრუნდი ამ განცდას და ფსევდოცვლილებას მას მერე რაც ეს პერსონაჟიც მოკალი შენს სურვილთა სასაკლაოზე, მას მერე რაც უარმყოფ და უარყოფ სხვებს რომლებიც არ ვართ პერსონაჟები
თუმცა ვართ პერსონაჟები
შენ დგახარ მაგიდაზე შუაღამის ფანჯრის მიჯნასთან და აქანავებ თეძოებს რათა გამოდევნო სპლინი ჩემი ძილ-ღვიძილიდან იმ დროს როცა სარკმლიდან მოძვრება თერმული კიბორჩხალის სუნი. შემდეგ მოდიხარ და ჩემსა და შენს შორის აწვენ ბობ დილანს (და მუსიკა ისმის ისე, როგორც სრულ სიჩუმეში საბჭოთა მაცივრის ზუზუნი) რომელმაც განდევდა სპლინი რადგან მე
დამავიწყდი სხვაგანმყოფიშენ
და შენი თეძოებიც
რომელიც აქვე მიღმიერ სივრცეში ქანაობდა და მითრევდა
თუმცა მხოლოდ წამიერად, რადგან უცბად იკივლეს მათ და ამომყარეს თბილი ზმანებებიდან სპერმით შესაწამლ დამშრალ გუბეებამდე
შენ იცი ტკივილი ამძაფრებს ჩემს შეგრძნებებს
თუმცა არ იცი რომ ის ასევე მაძლიერებს
შენ არც ის იცი მე რომ მინიმალურად პატივმოყვარე ვარ და არ ვმიჯნავ თავს უპატრონოდ მიმოყრილ ძვალთაგან. შეგიძლია როგორც ნანგრევებში დაობებულ მანეკენს, ისე მომაფურთხო, გაიცინო და გზა გააგრძელო კოლექციურ ატრიბუტთა შორის

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
76