პოეზია
ირაკლი შარმიაშვილი, სკა ინდიგოთი
როცა ყურები სავსეა,
შეგიძლია შეხედო ხმაურს.
ადღვებილ ფერებს მოუსმენელი მუსიკიდან.
სხვა ხმებს ამწყვდევენ
სიბნელემოხვეული ხეები,
რომლებიც იდგამენ ფესვებს ჩვენს ძარღვებში
და გვახარებენ.
შენ არ ხუჭავ თვალებს
ან იხშობ ყურებს.
დაკეტილ კარამდე არაფერია.
როცა გააღებ,
ქრის ქარი ჩვენ შორის,
ტოვებს ჩრდილს და სავსე ადგილებს,
იისფერი შუქის ხანჯალს ასობს წყალში,
სადაც ერღვევათ მთლიანობა
მეგობარ ლოდებს,
როცა მინდა ვიყო მათ ქვეშ,
ისინი იხდიან ლამებს
და ჩრდილების ტყვეებად რჩებიან
სიმარტოვეში.
მათ ზემოთ თევზები ცეკვავენ ნიჩბების დრამზე.
ჩვენ კონტექსტიდან ამოგდებულ ქვაზე ვზივართ
და გარშემო გვინთია ტბები
ღამურების ანარეკლებით.
თანდართული გრაფიკული ნამუშევრის ავტორი: ©Mirkani Heilige
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
