გვანცა ბახუტაშვილი

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
I

სიზმრები და სიტყვები

სიზმრები

აქ ვარ სიყვარულო, აქ ვარ.
ფეხშიშველმა გადავკვეთე შენი წყვდიადი.
დღისა და ღამის გასაყარზე
შენ ძილში შფოთავ.
შენ გძინავს ქალთან, რომელიც მზეა,
ფეხშიშველმა შევაბიჯე მის სინათლეში,
დიდი ხის ჩრდილში ჩამოვისვენე,
ის ზრდიდა ბავშვს და ზრდიდა ყვავილებს.
მე , რაც ვნახე მომეწონა და ჩემს მიწაზე წამოვიღე,
ბაირაღივით მომქონდა ქარში
და ვინც ხედავდა რაღაცის რწმენა უჩნდებოდა
და ამ რწმენაში ,
დიდი ხნის წინ დავიწყებულის
უძველეს ფსკერზე,
ბუნდოვანი გამოფხიზლების
ბალახს ძოვდნენ მათი ხბოები.
მე კი მთვარე ვარ სავსე და ვრცელი ,
მე მთვარე ვარ ფეხშიშველი
და სანამ ზღვაა, მეც ვიქნები
რომ გადავკვეთო შენი სიზმრები
და მათ ნაპირზე ჩამოვისვენო.
იქნებ ყვავილიც კი მოვწყვიტო
იმ უცნაური სინათლიდან, რომელსაც
სძინავს ამღამ შენს გვერდით
და ერთნი გავხდეთ.
მე ამ სიყვარულს დროშასავით გავშლი ქარში და იმის ჩრდილში
ფეხშიშველი ბავშვები მოვლენ,
რაღაცის რწმენა გაუჩნდებათ,
რწმენას ვარსკვლავად გადააქცევენ
და დიდხანს, დიდხანს,
ქანცგაწყვეტამდე სიხარულით ითამაშებენ .
აქ ვარ სიყვარულო, ჯერ არაფერი გაჩენილა,
მარტო ყოფნაა და ამ ყოფნაში
უცნაურად მოკაშკაშე
დიდი სხეული იძერწება,
რაღაც არის ჩაფიქრებული-
გათენება როგორც ინებებს,
იყოს ისე, გათენება როგორც ინებებს.
მე აქ ვარ, აქ ვარ და ამ ყოფნაში ათასჯერ ვიშვი,
კიდევ მოვა ათასი შობა,
ათიათასი მთვარის თვალი…
რა უცნაური სიყვარულია,
რა ნამდვილი სიყვარულია
ფეხშიშველების სიყვარული-
მარტო ეს ვიცი
და რაც ვიცი სიტყვა არ ეთქმის
და სიტყვებს ვუკმევ,
მე მომწონს ასე,
სიტყვებს ვუკმევ:
და იყოს ასე.
რა სურნელებას ატრიალებს ეს საკმეველი.
რაა უსასრულო მინდობა არის,
რა უსასრულო მდინარეა-
რაც არის, არის…
ზუსტად ის არის, რაც მართლა არის.

 

 

საიდუმლო

როგორ შეიძლება თან საიდუმლო იყოს
და თან ისე ვარვარებდეს…
როგორ შეიძლება საიდუმლო იყოს
და სიბნელე კიარ ფარავდეს,
აი ასე ვარვარებდეს ..
-რაც არ უნდა წყვდიადში ვმალო
ვიღაც იპოვის
და ვინც იპოვის დაიუფლებს.
ამ სინათლეს კი, რაც შენს წინაა
მიდი და თვალი გაუსწორე-
მითხრა მეფემ
იმ ღამიდან, პირველად რომ გადავკვეთე შენი სიზმარი.

 

 

სიტყვები

ზღვა ღელვა იყო.
ქარის ფეხებს გამოედო ჩემი სიტყვები.
მოვიკვეთე და გავატანე,
შენ მაგაზე არ იდარდო, მე ბევრი
მაქვს, ახლებსაც ვაჩენ,
წაიყვანე თქო ჩემი სიტყვები.
სულ სიზმარივით ვლაპარაკობ,
შენ მართლა მყავხარ,
მყიფეა და მსხვრევადია
ყველა ყოფნა
ყველა არსების.
ქარი წავიდა შიშველ ფეხებზე
აბლანდული ჩემი სიტყვებით,
შენს სახელს არსად გავატანდი
შენს არც ერთ სახელს…
ეს უკვე ვიცი
და რაც ვიცი
ჩემი ყოფნაა უსიტყვებო ზღვის სიმართლეში.

 

 

სიტყვები

მე ამ ჭრელი მოსასხამით,
მარჯნის საყურით,
მე ამ მზერით,
კანის ხავერდით
ამბავს ვყვები
და ეს ამბავი ათასწლეულის მიღმიდან მომაქვს.
მე ამ შიშველ ტერფებზე დგომით
და ამ ტერფების ქარში რწევით
ამბავს ვყვები…
ხოლო სიტყვები ფრთებია ჩემი.
მე ყველა სიტყვას კარგად ვიცნობ
და ზუსტად ვიცი რა ეთერული სინათლე ყვავის იმათ წიაღში.
შენი სახელი ის სიტყვაა, რაც მუდმივად მოგემართება.
შენი სახელის ფსკერზე განდგომის ტაძარია,
ბერის მარტვილობა, მარტოობის განზომილება,
მზის უარყოფა , ასტრალური კარის მოკეტვა შენი თავისკენ .
სიტყვების ველი დანაღმულია ,
ამ ნაღმებზე ფეთქდებიან
ასწლეულები.

 

განსაცდელი

მზის რკალში ჩაწვა რაღაც შავი, ემბრიონივით ,
სიკვდილზე მღერის.
მზის რკალში ჩაწვა და ყველა ხმას უკან აბრუნებს
-არაფერია სიკვდილზე ძველი,
სიკვდილზე ძველი და ყოფნაზე უფრო ახალი.
და მე დაჭრილი შენს ზურგზე ვწვები.
მარადმკურნალი და სიტყვაზე უფრო მართალი
შენი სუნთქვაა, ყოველთვის იყო,
მაგრამ ეხლა ვერაფერს მშველის.
რაღაც ბნელი და უცნაური სიზმრებში
ჩადგა
და ფეხს არ იცვლის.
სიზმრებში ჩადგა, ფეხს არ იცვლის ,
სიკვდილზე მღერის.

 

 

ცხადი

სიზმრებს ვხედავდი , ასწლეული
და სიზმრებს ვთმობდი
და ჩემი სახე შეიქმნა ასე.
სიტყვებს ვაჩენდი
და ამ სიტყვებს ქარებს ვატანდი
ჩემი სხეული შეიქმნა ასე.
გამოღვიძება ძნელი იყო და მტკივნეული,
შევბრუნდი ძილში.
მე სიტყვა “ცრემლში” განვიბანე
და ამ სიტყვამ დაარბილა სიზმრების მიწა.
შენ მართლა მყავდი.
დედა ფუტკარი გამოფრინდა იმედის სკიდან,
იმის ნექტარი ყველაფერს კურნავს,
გადმომყვა ცხადში.
სიყვარულია წყნარი სიო დიდი მინდვრების,
მაღალ ბალახში ჩამძინებია.
სიყვარულია მშვიდი სიო ვრცელი ჭალების-
დედა ფუტკარი მღეროდა ასე.
ფეხისგულებით ამ მინდვრების მიწას ვიცნობდი
და ჩემი კანი ცნობდა ამ ქარებს.
სიყვარულია, რაც სიზმრებზე ადრე დაიწყო
და გაგრძელდება სიზმრების შემდეგ.
სიყვარულია, რაც სიტყვებზე ადრე დაიწყო
და გაგრძელდება
და იყოს ასე .
ეს სიტყვა შენზე სიმღერაა
და ამ სიმღერამ მოიაროს ათასწლეული,
სიყვარულის ზარები რეკოს.
ეს სიტყვა შენზე სიმღერაა
რათა გაცხადდეს საიდუმლო,
მანათობელმა იაროს ასე,
ასე იაროს მოშრიალე დღესასწაულმა:
მზის თვალში-წმენით
მთვარის თვალში- მკურნალი ცრემლით
და ყველა შემხვედრს დაუკრას თავი.
რაღაცა ძველი გაახსენოს ,
ძალიან ძველი,
დაბადებამდე რაც დაიწყო
და გაგრძელდება სიკვდილის შემდეგ,
ოღონდ რა არის, ან ვინ არის
არ იცოდნენ
და იყოს ასე.
ხოლო ბავშვები თამაშობდნენ იმის გარშემო,
წრეზე სხდებოდნენ,
ვარსკვლავს პურივით ინაწილებდნენ,
ირმის რძეს სვამდნენ
და თვლემდნენ ჩრდილში ამ სიმღერის
და იყოს ასე.
ეს სიტყვა ჩემგან დაიბადა,
ვათავისუფლებ,
ახლა თვითონ შვას თავისი თავი.
მე ბალახს ვუკმევ ,
ქარებს ვუხმობ,
შენს გზებს ვასწავლი
და მოხდეს ისე,
შენს გზაზე დადგეს.

II

კანი და ძვლები

ძვლები

შორ ტრამალებში დიდი ხანი ვიხეტიალე,
დამდევდა მთვარე.
ამ ხორცით მგლები გამოვკვებე,
ძვლები ვაგროვე
და შენზე ფიქრი არ მტოვებდა არც ერთი წამით.
ძვლების ჟღარუნით სინამდვილეს ვუვლი და ვიცავ,
ყური დაუგდე.
ძვლების ჟღარუნი მოგიყვება სიკვდილის დღეზე,
ხოლო სიცოცხლე გახდება ცხადი.

მანამ სიზმარი არ ამიხდა ვერ მოვისვენე,
შენს მოსაძებნად დავგეშე ქარი.
კვალში ჩამიდგა კოიოტი,
სიტყვა ვიყმუვლე,
სიტყვიდან იშვა ახალი მთვარე.
ცხოველი მთვარეს წამოეგო,
მთვარე-მწვერვალებს .
მე დავივიწყე ეს ამბავი და გავეცალე
ძვლების ჟღარუნი მესმოდა რაკი…

ცხოველი კაცად გაიდაიქცა იმ მწვერვალებში,
მთვარის ნათელი ჩაუდგა თვალში.
ის ფლობდა მიწის საიდუმლოს,
ქარის ძალას,
ზამთრის სიჩუმეს
და იმის ძვლები მღეროდნენ ცხადზე.

 

 

კანი

ღამის მიწებზე
ქვებს ვუთხარი შენი სახელი,
ქვებზე მდინარემ გადაიარა,
ვერ წაშალა სიტყვების კვალი.
რაღაცას მივხვდი
და მიხვედრამ კანი გაჭრა,
სისხლი ამოთქვა
და ჭრილობაში შევიდა მთვარე .

ჩემი ჭრილობა დიდი იყო და საოცარი
და ანათებდა ექვსივე მხარეს.
სისხლის სიმღერა ღამის ფსკერზე
ყინულს ადნობდა ,
მისი კურნება მდინარეს ვანდე.
მდინარემ მითხრა, ღრმა არისო შენი ჭრილობა,
გზა კი გრძელია, აქ უნდა დარჩე.
-რაც დათმო შენი ფრთები იყოს
და რაც ვერ დათმო, ფესვები იყოს
მიწითა და სიმართლით სავსე.

სიტყვა კურნებად წამოვიღე
და წრიალებდა,
როცა მეჭირა გულისა და ჭრილობის მხარეს.

რაც დავთმე ცხადის ნაპრალებში, ბალახად იქცა,
ეხლა ბიბინებს სიზმრების მხარე.
გულის ხორბალი ღამის მცველებს დიდხანს ვაძლიე,
ხელი არ ახლეს.
გულის ხორბალი მიმოვფანტე ღამის მიწებზე
და მოიწია მწიფობის ჟამი.
ასი დღე ფოთლის ჩრდილს ვჭამდი და მთვარის შუქს ვსვამდი
და მოიწია პურობის ჟამი.

კურნების სიტყვა გავურიე პურის დუმილში
მე კი ვმღეროდი .
დუმილის პური არ ცხვებოდა
სიზმრის ღუმელში
მე ეს ვიცოდი.
ჩემი ჭრილობა დიდი იყო და საოცარი ,
დიდი სინათლე მცხუნვარებდა
იმის მღვიმეში,
იმისი ნათლის საიდუმლოში
ჩავაკარი ცომი არსობის
და მოიწია პურობის ჟამი.

 

 

ცხადი

მე ჭრილობიდან ამოვედი და დავიბადე
და სიზმრის ძალით გავიგე ცხადი.
შენი სიზმრიდან ამოვედი და
დავიბადე
ზაფხულის გული წვავდა მინდვრებს
ცხადის მიწაზე.
მაღალ ბალახში გავიღვიძე,
ზაფხულის გულში,
ცხადის მიწაზე.
ცეცხლის ენები სისინებდნენ
უკვე გაგებულ:
-რაც დათმო შენი ფრთები იყოს
და რაც ვერ დათმო, ფესვები იყოს
ამ მიწაში …
ხოლო ეს მიწა, მისი ბალახით,
ყვავილებით,
მისი მწერებით და ცხოველებით
იწვოდეს ჩემში.

მე კი ვერ გთმობდი
და ვფიქრობდი უსაზღვრო ზღვებზე.

 

 

ზღვის ლოცვა

ზღვამ იხსნას ჩემი ყვავილები,
ჩემი სიტყვები
ჩემი სხეულის მიწები
და შენი სახელი
ამ სხეულზე სამუდამოდ-
ასტრალური ორნამენტებით,
ათასი სიზმრის ლაბირინთით,
ქარის ენით,
მიწის სიჩუმით,
ბალახის ზრდით,
წყლის საიდუმლო მოძრაობით,
სიტყვის კურნებით
და სიტყვის წყევლით,
ზღვის უდიდესი არსებობით
და ჩემი ყოფნით
მის სიმართლეში,
ამ სხეულზე სამუდამოდ
-ყველაფრით, რასაც შევხებივარ
და რის ნექტარიც დამილევია,
ყველაფრით, სადაც ფეხი დამიდგამს,
სიზმრის სიფხიზლით და ცხადის ძილით
-ამ სხეულზე სამუდამოდ,
ცხადის ცოცხალ ნერვზე შეხებით,
სიზმარში კვდომით ,
დაბადებით.
ამ სხეულზე სამუდამოდ
-შენი თვალის სასწაულით,
შენი კანის სასტიკი ზამთრით,
შენი ყოფნით,
ამ უცნაურ, მაგიურ გზაზე ჩემი მდგომით
და ან დარჩენით, ან დაცემით,
ამ ყველაფრის გიგანტურ ძალით
და ჩემი რწმენის იეროგლიფით
-შენი სახელი,
ჩემს სხეულზე
სამუდამოდ
ამოტვიფრული.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
374