პოეზია

მარი ჩხაიძე

*
ეს ყველაფერი ადრეც გვითქვამს ერთმანეთისთვის
ვთვი და მაგიდიდან გაბზარული ჭიქა გადავდე
*
კეთილი იყოს შენი ფეხი დედამიწაზე
ვთქვი და შემთხვევით
ხეს დავეჯახე
*
რატომ მესროლე ეს ყუმბარა?
ვიკითხე და მეორე მომხვდა
და ყოველი სიკვდილის შემდეგ
ვხედავდი მას
როგორც დევს
რომელსაც ერთის ნაცვლად
ცხრა თავი ჰქონდა
*
მე ვიდექი მუხლამდე წყალში
წყლის ზედაპირი ჩატეხა სინათლემ
რომლის ქვეშაც
ფერადი კენჭები ჩანდა
იმაზე ახლოს
ვიდრე იყვნენ
*
სინამდვილეში ალყაში ვარ
და ერთადერთი გზა აფრენაა
მიწაზე ფეხის სუსტი მიბჯენით
*
ვეღარც ვიგებდი
ვერც ვაგნებდი
საკუთარი თავის სხვებში მხილება
“ბორბალი რომ დაშალო
მისგან არაფერი დარჩება”
*
თითქოს ყველაფერს გამოვეყავი
და ვიდექი თოვაში
რომელიც პაწაწუნა ქარბორბალამ ბურთად აქცია
და ეს ბურთი ჰაერში იდგა

*
მზეში ვიდექი
ალესილი მისი სხივები
კაბის კალთაზე მეფინა
სავსე ვიყავი ტკივილებით
და მარტოობით
მაგრამ ვიდექი
რომ დანარჩენი რაც მოძრაობდა
მისთვის მესმინა
მე შემეძლო ჩემი თავის შეჩერება
უზარმაზარი ზვირთის წინაშე აღმართვა
თუ ეს ყველაფერს გაანათებდა
მაგრამ ვტიროდი

*
ნავში ვიწექი
და ის ნავი სად ირწეოდა
არ შემეძლო ამის გარკვევა
მაგრამ მივენდე.

*
მე ჩავიხედე ჩემი თავის ყველაზე დიდ სიბნელეში
სინათლიკენ მიმავალ გზაზე
*
ყველა სიტყვა ჩაძირული მეგონა ფსკერზე
გაქვავებული
მაგრამ ჩიტებივით აშრიალდნენ
*
უკან ისე სწრაფად დავბრუნდი
თითქოს ზამბარაზე ვიდექი
ცალ ხელში ყვავილი მეჭირა
და არ ვიცი სად მივდიოდი
მე ახლა აქ ვარ ვთქვი და ირგვლივ რომ გავიხედე
შევესწარი უკანასკნელი ფოთლის ვარდნას წაბლის ხიდან
სკამზე დავჯექი
*
ძალიან მსუბუქ ტკივილს მივებჯინე
რა უჩვეულო იყო გარინდება
სამი ნაბიჯის შემდეგ სამი ყლუპი წყალი დავლიე
ვიგრძენი როგორ ჩაირბინა სხეულში.
კედელი
რომელსაც სახე მივადე ცივი იყო
წამღერება დავაპირე და ვერ შევძელი
“ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის”
და მისი ქროლვიდან ქროლვამდე
ვიძინებ ვიღვიძებ ვიშლები
*
ავტობუსის გაჩერებამდე მივდიოდი
კოკა_კოლას სატვირთო შემხვდა
გაჩერებული
შევიჭყიტე და მძღოლს ეძინა
გზა გავაგრძელე
*
სიყვარული
როგორც ვაშლები ჩემი კალთიდან
ისე დაგორდა დაღმართზე
*
ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი გაცხადდა
რომ პირველივე ქარბორბალამ ჩამყლაპა
*
მოულოდნელი ქარი იყო
როგორც ელდა.
ისე მეძინა სანამ ჭერი არ გადამხადა ვერ გავიღვიძე
*
წარმოიდგინე საყვარელო
ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი გამახსენდა
ეს ისეთი საშიში იყო
როგორც ყუმბარა ბავშვის ხელში
თითქოს რადიოს შიშინის მსგავსი
ჩახშული ხმები ტალღებად ჩემში
ფანჯრის გავლით ხის ტოტს არხევდა
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
84