პოეზია

მარი ჩხაიძე

***

როგორ ღვივდებოდა და იზრდებოდა მარცვლები

და გვებერებოდა მუცლები

ფუვდებოდა კოჭები და ფეხის თითები

ყველას მაინც ერთი რამ სურდა

დაენახათ მშვენიერება

ის ვინც ყლუპობით სვამს წყალს

და სავსე მთვარეს ელოდება

შიგ ჩაყრილი ვერცხლის კოვზებით

ყველა სიზმარს ერთბაშად ხვეტავს

და აფრქვევს

სად არის.

სად არის ჩემი პატარა საღამო

როგორც დაკეცილი ცხვირსახოცი

სხვის ჯიბეში

როგორც გაყოფილი სანაპირო

როგორც გამრავლების ტაბულა

არ ვიცი ვინ ვარ

ვინ გაიღვიძა ჩემში

და ვისი ხმით ვლაპარაკობ

მაგრამ ისე ვარ

თითქოს ვიღაცას ქარივით ძლიერს ვაჩენდე

 

***

თუ დასხლტებიან
აცვივდებიან პატარა ჩიტები
ბუდეებიდან
თუ მათ კატა მთელი დღე დარაჯობს
თუ ვიცხოვრებ თუ-ში
როგორც სამი ძმიდან ერთ-ერთი
რომელმაც ბეჭედი გზაჯვარედინთან დატოვა
რომელსაც ყველაფერი გადახდა
და რომელსაც არაფერი გადახდა
ან თუ მესამე ვიქნები
ის იღბლიანი ნაბოლარა
ვინც უდარდელად ივლის და
შინ მაინც სამი ჯადოსნური ნივთით დაბრუნდება
ვინც წყალში ჩაუყრის ძმებს ჯაფას
ვინც მამის გულს მოინადირებს
ან თუ ჭაში ჩავალ
მოლიპული ქვის კიბით
მხოლოდ მეგობართან
რომ ვუთხრა
უყურე N
რომ ახლა
როცა გარეთ
სინათლე აბრმავებს
ჩვენ ვარსკვლავებს ვხედავთ

 

***

მომიცვა შიშმა

როგორც ხეები ხავსმა

 

***

პირველად ვნახე ქარბორბალა

საჩვენებელ თითს რომ გავყევი

და წამიერად ამოვყირავდი

რადგან თავბრუ დამეხვა

და მომეჩვენა

რომ დამენძრა

რადგან წელში მოხრილი ვიყავი

აღარ მახსოვს რის გამო

პირველად ვნახე მელია

რომელიც სრულებითაც არ იყო კუდფუმფულა და სტაფილოსფერი

ის იყო გაქუცული და კუდამოძუებული

არც კი ვიცოდი ამის გამო თუ ვიტირებდი

პირველად ვნახე რომელიღაცა ამინდი იყო

არაფერი არ მეცვა მახსოვს

გარდა ყავისფერი შორტისა

და მკერდი თმაზე გრძელი მქონდა

საშინელი სიზმარი იყო

 

***

სალამი ოულინ
პატარა საყვარელო მტაცებელო
სინათლევ და თვალისჩინო
ის რასაც ხედავ მე არ ვიცი
რადგან ხილული არა არის რა
გარდა იმისა რასაც ვხედავ
დათოვლილ მთასავით აქაფებულ ჭურჭლის გროვას
სალამი საყვარელო საქანელავ
და სალამი საყვარელო
ვაპირებ ვიყო ირონიული
ასე ვაპირებ ყოფნას
და ვაპირებ ვიყო სიყვარულით სავსე.
ვაპურებ ჩიტებს
მე ვარ კერძო ადამიანი
საკუთარი თავის ინვესტიცია
ნახევრად ველური და უცხო სხვათათვის
ნახევრად თვალისმომჭრელი
არ იყოფიან ჩემი სიტყვები რადგან ისინი არ მაქვს.
რადგან ხმა არ მაქვს

 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
30