პოეზია

კორეულიდან თარგმნა თეონა კომახიძემ

Moon Taejun (1970-)
თოვლიანი ღამე
ჰოი, ჩემი უცოდველთვალება შეყვარებული,
ვერცხლის ქერცლი რომ შეესახლა თვალის გუგებში.
ამაღამ მოთოვს.
თეთრი პირსახოცი რომ მომხვია ყელზე, სახე დამბანა.
ოჰ.. ჩემი საბრალო შეყვარებული.
მარტოსული ზეციდან,
წმინდა სიჩუმე დაეშვა.
თვალები დავხუჭე.
მინდოდა დამემახსოვრებინა მისი ხელები,
დრო, როცა ისინი ჩემს სახეს ბანდნენ.
Kim Chun-soo (1922-2004)
ყვავილი

სანამ მას სახელს დავარქმევდი,
ის არაფერი არ ყოფილა,
უბრალო მოძრაობის გარდა.

როცა მას სახელი ვუწოდე,
ის ჩემთან მოვიდა
და ჩემი ყვავილი გახდა.

ვის შეუძლია მომიხმოს ისე,
მე რომ მას ვუხმობდი?
დამიძახოს ისე,
ჩემს სინათლეს და სურნელს
რომ შეჰფერის,
იმისთვის, რომ გავხდე მისი ყვავილი?

ჩვენ ყველას გვსურს,
რომ ვიყოთ ვიღაცისთვის რაღაც.
შენ მე, მე კი შენ
გვინდა, რომ ერთმანეთს
მივაპყროთ მზერა,
რომელიც არ იქნება დავიწყებული.

Seo Jung-ju (1915-2000)
კეთროვანი

მზის შუქი ციდან
დაეცა კეთროვანს,
მწუხარებით სავსეს.

როცა მთვარე ქერის მინდორს
თავს წამოადგა,
მან ბავშვი შეჭამა*.

და შემდეგ, ის ქვითინებდა მთელი ღამე,
როგორც ალისფერი ყვავილი.

 

___________________________________

*არსებობს კორეული მითი, რომლის თანახმადაც თუ კეთროვანი ბავშვის ფილტვს შეჭამს, ის გამოჯანმრთელდება.

Baek Seok (1912-1963)
ნატაშა, თეთრი ვირი და მე

ამაღამ დაუსრულებლად ბარდნის,
რადგან მე, საბრალო კაცს,
მიყვარს მშვენიერი ნატაშა.

ნატაშა მიყვარს,
თან ბარდნის.
მე კი მარტო ვზივარ და ბრინჯის ღვინოს ვსვამ.
ბრინჯის ღვინოს ვსვამ, ვფიქრობ:
ნატაშა და მე,
მინდა, ზამთრის თოვლიან ღამეს,
თეთრი ვირით მივსეირნობდეთ,
გადავიაროთ შორეული, სევდიანი მთა
და დავსახლდეთ ლამაზ სახლში.

უსასრულოდ ბარდნის.
ნატაშაზე ვფიქრობ.
ის აუცილებლად უნდა მოვიდეს.
როდის მოხვალ ჩემთან? როდის დამელაპარაკები?
აი.. ის მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა:
„შენ ისეთ რამეს კრავ ხელს, როგორიცაა სამყარო,
რადგან ის არეულია,
მაგრამ შორეულ მთებში გადახვეწა,
არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაკარგე.“

თოვლი ბარდნის უსასრულოდ,
მშვენიერ ნატაშას ვეყვარები,
და ამაღამ, სადღაც თეთრი ვირიც იყვირებს.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
83