პოეზია
ივა თადიაშვილი
ციყვიკაცი იწვა სხვა ქალის საწოლში,
არა საკუთარ,
სხვა ქალის საწოლში.
ძილში კი, ციყვიკაცი იდგა,
როგორც სხვა ციყვი დგას ან კაცი
და ქანაობდა ინერციის კალორიებით,
როგორც ლურჯი ფოთლოვანი კაკტუსების ფოთლები და ეკლები ქანაობენ
მიუდგომელ უდაბნოებში,
რომელზეც ფეხი არცერთ სიზმრად მოგზაურს დაუდგამს,
რომელთაც მხოლოდ ხილვაღა ძალუძთ.
ავტობუსში კი, სხვა ხალხი ზის და დგას,
არა ციყვიკაცის ნაცნობნი.
‘სხვა ხალხი კოშმარია’
– გაიფიქრა ციყვიკაცმა
და შეავლო მხედველის მზერა თაიგულთ,
არა ეკლოვან ყვავილოვანთ,
რომელიც სხვა ხალხს ეჭირა,
თავისი ცხოველური კიდურებით,
არა სხვების,
მხოლოდ თავისი,
რომლებიც ასევე ცხოველკაცები იყნვენ
და ცხოველ ქალები.
ციყვიკაცი ეძებდა კატა ქალს ავტობუსის სავარძლებზე
და თან ხვდებოდა, როგორც ყოველთვის,
სადაც იმყოფებოდა
და როგორ სიზმარეულ ძალასაც ფლობდა.
გაიღო ავტობუსის კარი
გაჩერებასთან,
სადაც წყლის ტბორი იდგა,
სადაც მთვარის ბნელი მხარე ირეკლებოდა,
საიდანაც, მისი სიღრმიდან ლოტოსის ყვავილი ამოტივტივდა,
რომელიც გაიფურჩქნა,
როგორც ქალწული
მხურვალე, მწველი, ცეცხლ ანთებული,
რომელმაც გომბეშო შობა.
ციყვიკაცი ხედავდა ლოტოსის კერტებს
რომელსაც გომბეშო ეტანებოდა,
თავისი და არა სხვების
პირით და ყბებით და მთელი სხეულით.
‘მე ვისი ნაშიერი ვარ ამ ზმანებაში?’
– გაიფიქრა ციყვიკაცმა.
სანამ ის ლოტოსის კერტებს მიშტერებოდა დახამებული,
როგორც კატა უმზერს რძის თეფშში ჩაგდებულ ბუზს,
შავად რომ დაცურავს თეთრ აბაზანაში,
ავტობუსი დაცლილიყო ცხოველ ხალხისგან,
სხვა ხალხისგან
და ციყვი კაცი ხედავდა მხოლოდ ერთ მგზავრს,
კატაქალს.
რომელიც თათს ილოკავდა.
თავისი და არა სხვისი სავარცხლისებრი ენით.
ციყვიკაცი, ავტობუსში,
სიზმრად მოძრავში,
კატაქალისკენ იძვროდა,
როგორც ცხადში ნანახი საუკუნის ქვები იძვრიან,
როცა რამე არ მოსწონთ ან მოსწონთ.
კატაქალმა შემცბარმა,
როგორც ცეცხლმა,
რომელსაც ქარი არხევს და ფოთლებთან თამაშის უფლებას აძლევს,
თათი გაიქნია და ერთი კერტი გამოუჩნდა მხოლოდ, ექვსიდან.
ციყვიკაცი დაეწაფა კერტს,
როგორც გომბეშო ეწაფება ბუზს და არ აძლევს რძეში ჩავარდნის უფლებას
და ამის შემდეგ, შემდეგი
და იმის შემდეგი
და აღარასდროს
შემდეგი გაჩერება აღარ ყოფილა.
ასევე იხილეთ
