პოეზია

ჯუდი ლი

სპონტანურობა და შიში

სპონტანურობისკენ სწრაფვის საფუძველი შიშია.
სტაბილურობის შიში.
უარყოფილი, მიტოვებული, მარტოსული ხარ.

შენთვის მძიმეა და მოსაწყენი, სტაბილური გრძნობები.
ვიღაცის მოლოდინის პერმანენტული განცდა,
რომელიც ბავშვობიდან თან გდევს,
ან ვინმეს მუდმივი არმოსვლით გამოწვეული იმედგაცრუება,
ყველაზე ღრმა და სისხლში დალექილი გრძნობებია შენთვის.

იქნებ დედას ელოდი, ან მამას, მთელი ბავშვობა.
გინდოდა შემოეღოთ კარი,
როცა სხვა ბავშვები ნაყინსა და ტკბილეულზე ოცნებობდნენ,
შენ მხოლოდ მშობელი გჭირდებოდა.
იმ გულუბრყვილო ოცნებაშიც კი, გსურდა, მოსულიყო, ხელცარიელი.
უბრალოდ, ყოფილიყო, შენი მშობელი.
როდესაც სხვები მუდმივობაზე საუბრობენ შენ მოლოდინი გახსენდება.
მუდმივი მოლოდინი
იმედგაცრუება გახსენდება.
მუდმივი იმედგაცრუება.

მიტოვებული უარყოფილია და მარტოსული.
ეს მისი მდგომარეობაა.
გეშინია? უნდა გეშინოდეს.
გიმძიმს? უნდა გიმძიმდეს.
სავსე უნდა იყო ამ სიცარიელით რადგან
სწორედ ეს მიგიყვანს მეორე სისავსესთან.
ისეთთან, რომელსაც თავისი განმასხვავებელი თვისებები აქვს მაგრამ:
მსგავსი უფსკრულითაა სავსე.
მხოლოდ შენ შეგიძლია გაიზიარო ეს.
დგახართ ორივე ამ უფსკრულთან, ორი მებრძოლი, მაძიებელი
და სიყვარულის გჯერათ
რადგან სიყვარული სრულყოფილებაა.

უგუნური იფიქრებს, რომ უარყოფილი სუსტია.
რომ სიმძიმე, შიში და მოწყენილობა მას ძალებს აკარგვინებს.
მაგრამ რეალურად, სწორედ უარყოფილებს შეუძლიათ
სამართლიანი და შეუპოვარი ბრძოლა.
ხელეწიფებათ კარგისა და ცუდის,
ძალადობისა და სიყვარულის,
წყვდიადისა და სინათლის
ერთმანეთისგან გარჩევა.
გრძნობენ თითოეული სხივის სითბოსა და სინათლეს.
ისინი “ღამითმავალი ნათელი სულები” არიან,
მათ გაიაზრეს თავიანთი ხვედრი.
მიიღეს უარყოფა და ლეკვებივით არ აწკავწკავდნენ
ნუგეშისა და თანაგრძნობის მოლოდინში,
ამაყად გააგრძელეს სვლა…
ძიება დაიწყეს. ბრძოლა აირჩიეს.
მათ იციან – ეს მდგომარეობა დამსახურებული არაა.
ეს ხვედრია, კანონზომიერება.
ამის გააზრება მათ აგრესიითა და სიძულვილით არ წამლავს რადგან
ესმით საკუთარი თავის ფასი.
იცნობენ საკუთარ სულს.
შენ ღირსეული ხარ იმ წუთიდან,
როცა წკავწკავს წინსვლა ამჯობინე.
ღირსეული ხარ როცა მძიმე და მტკივნეულ სპლინს
მხოლოდ საკუთარ თავში იტოვებ.
ღირსეული ხარ რადგან იცი რომ
საკუთარ ნაღველს თავად გახედნი.

სტაბილურობის მტკივნეული გამოცდილება ხშირად გიბიძგებს, ითამაშო.
შენ იწყებ თამაშს მოვლენების სპონტანური დინებით.
როცა რაღაც წინასწარ განსაზღვრული არ არის,
როცა მოვლენები შენთვის არასასურველი ტენდენციით ვითარდება,
იმედგაცრუების გადატანა უფრო მარტივია.
თამაშიც უფრო სახალისო.
ამბობ, რომ ყველაფერი თამაშია რადგან ცხოვრებას სარკეში ხედავ.
ეს იყო გამოსავალი.
თუ საკუთარ ნაღველსაც სარკეში იხილავდი, საკუთარ თავსაც,
საკრალური გახდებოდა ცხოვრება.
რიტუალი გახდებოდა ცხოვრება.
ყველაფერი თამაშია რადგან ყველაფერი წმინდაა
ყველაფრის მხილველი ხარ.
სარკეში აკვირდები საკუთარ თავს როგორც სამყაროს
ებრძვი ეგოცენტრიზმს და გჯერა
იპოვი სიმართლეს,
რომელიც გაქცევს ვარსკვლავებად
ცაგამჭვირვალე სიცარიელეში.

მიტოვებული უარყოფილია და მარტოსული.
ეს მისი მდგომარეობაა.
გეშინია? უნდა გეშინოდეს.
გიმძიმს? უნდა გიმძიმდეს.
სავსე უნდა იყო ამ სიცარიელით რადგან
სწორედ ეს მიგიყვანს სრულყოფილებასთან.

 

ვიზუალი: “looking for”, ©ჯუდი ლი

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
63