ირაკლი შარმიაშვილი

+++

ქალაქი სავსეა გამხმარი ადამიანებით.

დანგრეული ქუჩების ჩრდილებში  მათი ყოფნა მოჩვენებითია.

აქ ყველა საკუთარი პატარა მომავლისთვის იბრძვის,

მომავალი სიხარულისთვის თელავენ წამებს და ერთმანეთს,

როგორც მორწმუნეები – სამოთხის ბილეთების რიგში.

დრო მათ კვალდაკვალ მიაგორებს მათ შიშებს და ზიზღს,

მძიმე და ცარიელ სხეულებს მოხრილი და დასვრილი მუხლებით,

ახვეული თვალებით და გაუმხელელი სურვილებით.

სუპერგმირებს ეზარებათ მათი გადარჩენა.

 



		

ალაზანი დიდია,
მტკვარში ბავშვი ჰკიდია.

რაღაცის ეშინია მაცივრის თაროზე დადებულ ქალაქს.
ლამპიონების თვალები გახელილია.
სიგარეტის კვამლი ღიმილთან ერთად ჩემს ჩასარეცხ სიზმრებსაც მალავს.
ნაგვის ურნები
(რომლებმაც დღეს გამართეს აქცია „ბიჩოკების“ წინააღმდეგ),
ტოვებენ ქუჩებს.
რაღაცის ეშინია შესაწვავად გამზადებულ ქალაქს.
იქნებ იმ ბავშვის კივილის,
რომლის ოცნებაც სუიციდია ან ჯადოქრების,
რომლებიც ცოცხის მაგივრად გიტარაზე შემომჯდარნი გადაიფრენენ ხოლმე კორპუსის სახურავიდან მიწამდე
ან იმ პილოტების,
პარაშუტების ნაცვლად ქოლგებით რომ ხტებიან.
ასეა თუ მასე,
ყველა პარლამენტარს კისერზე კიდია, სად დაიძინებენ ღამით უსახლკარო ბავშვები.
ტელევიზორი რომ მქონდეს, ისევ ფანჯრიდან გადავაგდებდი.
სარკეში რომ ვიხედები, სფინქსს ვხედავ.
ალაზანი დიდია, მტკვარში ბავშვი ჰკიდია.

+++

ცხოვრებაში,

ისევე როგორც წყლიან ჭიქაში,

ყოველთვის რჩება ცარიელი ადგილი

– შიში,

რომლითაც ივსებიან ადამიანები და ერთმანეთს ართმევენ სამყაროს
ჩვენს ჯოჯოხეთურ სამოთხეს
ჩვენს შორისაა სილამაზე,
რომელიც უნდა დაიღუპოს.
ჭუჭყიანი ქაღალდების შოვნით შეპყრობილ,
შეშლილ ადამიანებს შორის მოწყობილ საგიჟეთში,
გაახილე თვალები,
ბრმა ქალაქებში და შემზარავ სოფლებში.
დაჭრილი სხეულებით მოფენილ სივრცეში
აღარ ჩანს სინათლე,
რომელიც ყველგან იყო.
მათ ხელები გადაიტყავეს, რათა სახლები ცამდე აეყვანათ.
ანტენები და საკვამურები
საფლავზე დარჭობილი ჯვრებივით დაადგეს ქალაქს.
ბალახი გაყვითლდა და ყვავილები გახმა ცათამბჯენების ჩრდილში.
დარჩენილ ხეებს ახრჩობს და ხრწნის ქარხნებიდან ამომავალი კაციჭამია კვამლი.

კოშმარი, უსიყვარულობა, სატანური ინდუსტრია…
მე სილამაზე დავფარე რძისფერ ნისლში. 

+++

ღრუბლები ვერ ეწევიან მერცხლებს

და სიგარეტის კვამლისგან წარმოქმნილ აბსურდში

ილექება ამაოება.

და როცა კედლები ნებდებიან სიკვდილს,

ჩვენი მეამბოხე სულისკვეთება აგებს ნაბიჯებს და ცდილობს გადალახოს ცხოვრებიდან ამოგლეჯილი,

მავთულხლართებით შემოსაზღვრული მიზნები.

დამარცხება აღემატება ღიმილს და ქარები ვერ ცეკვავენ რიტმულად.

გამარჯვება მხოლოდ ხანმოკლე სიხარულია.

არ ამოგლიჯო ნოტები შენი დეპრესიული სიმფონიიდან.

ჩვენი ხანგრძლივობა თუ ვერ დაიტია სივრცემ,

ამით არაფერი დააკლდება ჰაერს.

კოსმოსის გარღვევა მხოლოდ უმნიშვნელო სიახლეებს მოიტანს და წასვლა არ იქნება შეცდომა.

ნუ დანებდები სიჩუმეს,

შენი მელოდია ყველაზე ლამაზია და სამყარო ნოტებითაა დანაღმული.

+++

უღიმილობით ვარ დაინფიცირებული,

თვალები, რომლებშიც ჩამოიღვენთა უსახური ღამეები,

ვეღარ გრძნობენ გათენებას.

სინათლეები ცდილობენ გადმოცურონ მთვრალი ჯვრების ტყეები და იკარგებიან ვადაგასულ სუნამოებში.

ისინი მორბიან ჩვენსკენ,

რათა წაგვართვან უმანკოება,

საზოგადოება სიბილწის სურნელით.

ქალები ძირგამომპალ გისოსებში შეფუთული ბავშვებით ტრიალებენ და შთანთქავენ აზრის ინდივიდუალობებს.

საზიზღრობაა, როცა მამაშენი მუცელს ეფერება,

და ძვალზე ბადეშემოხვეული ობლები პურის ნატეხებს ეძებენ ერთმანეთის გადასარჩენად.

და ღამის გასათევად მიმავალთ,

მზე ზურგზე აწერს გეჰემონიას

და თვალებში ეჩხირებათ მტვერი.

მე არ გთხოვ მათ დახმარებას,

მინდა განიცადო ის,

რასაც განიცდის ბრმა, რომელიც კარუსელზე დასვეს.

ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
19