*
– კიდე და ერთი კაცი ცხოვრობდა აგე იქ. ისე იცოდა პირჯვრის გადაწერას რო წვიმა მოჰყავდა.
– ეგ რანაირად.
– აიეგრე. ცაა მოტვლეპილი, დადგება ეს , გაიხედავს იქით მერე აქეთ, შეკრავს თითებს, იხლის შუბლში, მუცელში, მხრებში. ორი წუთი და უკვე წვეთები გეცემა. ბევრი ხორბალი გადაგვირჩინა. ხორბალიც და ისეც, მოსავლები.
– იქნებ დაემთხვა?
– რას დაემთხვა კაცო. განა ერთჯერ ქნა. როცა გინდა. დილა-საღამოს. შემოკრავს ერთ პირჯვარს, გაიხედავ და წვიმა იწყება. ეგეთი კაცი იყო.
მერე ტელევიზიაც იყო ჩამოსული, გვაჩვენე ერთიო.
– არ ქნა?
– არ ქნა. გადი გამეცალეთ, ცირკის პამპულა კი არ ვარო. ისინი კი რო წავიდნენ, მოტრიალდა ჩვენკე და გადაიწერა.
თქეში დასცხო, გავიქეცით სახლებში ეგრევე.
– მერე სადაა ახლა?
– სად და. ახლა აქ აღარ ცხოვრობენ მარა ბენდელიანები გახსოვს? მაგათ პატარა გოგო ჰყავდათ ერთი. მდინარეზე თამაშობდა და ჩავარდა. გვიან ამოიყვანეს, უკვე აღარც სუნთქავდა არც არაფერი. გაგიჟდა მამამისი, კი გაგიჟდებოდა. გაქანდნენ, ეგ კაცი მოიყვანეს. გელაპარაკება ღმერთიო თუ რაც არი და გვიშველე რამეო. მივიდა ესეც, ეგრე ფრთხილად მივიდა იმ ბავშთან, ჩაიმუხლა და დაიწყო ლოცვა. ლოცულობდა კაი ხანი. ერთი საათი, მეტიც შეიძლება. მერე კი ადგა, გასწორდა, დახუჭა თვალები, შეკრა შუბლი და გადაიწერა პირჯვარი.
– რა მოხდა მერე.
– არც არაფერი. წვიმა წამოვიდა, რა უნდა მომხდარიყო.

 

საუზმის წერილები

ლამარა, როგორ ხარ? როგორ არიან ბავშვები? ვანო? ტყუპები? პასუხს ვერ გამომიგზავნი, ამიტომაც ვიფიქრებ რომ კარგად. ლამარა, შენი დახმარება მჭირდება. ჩემს საწოლში, ბოლოს სადაც ვიწექი, სველი მატყლი ჩაალაგე და ხორბალი მიაყარე. წითელ პარასკევამდე სამჯერ მაინც გაწურე და ისევ დაასველე. ვერ აგიხსნი, რატო. თავისი წესები აქვს აქაურობას. მეც არ ვიცი ბოლომდე. აბა ჰე, გელოდები, არ დამაღალატო. აბესალომი. (ასე მეძახიან აქ)“.

პირველ წერილში მეტი არ ეწერა. ჩუმად ვისხედით. მაგიდაზე მარტო კვერცხის ნაჭუჭები ეყარა. ტყუპები ვერ ხვდებოდნენ რა მოხდა და ჩვენი სახეების გამომეტყეველებით უფრო ჩანდნენ შეშინებულები. ცოტა ხნის მერე ბებომ წერილი გამომართვა, ადგა და მეორე ოთახში გავიდა. მე როცა შევედი, კედლის ხალიჩაზე ჩამოკიდებულ სურათთან იდგა სანთლით და ფართოდ იწერდა პირჯვარს.
შვიდი წლის ვიყავი, პაპა რომ მოკვდა და ძალიან ცოტა რამე დამრჩა მეხსიერებაში, მაგრამ სახე გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი. როცა ჩავდიოდით ბებოსთან, პირველი ორიოდე დღის მანძილზე კედელზე ჩამოკიდებული ან ფანჯრის რაფაზე მიყუდებული ფოტოების მზერასთან მიწევდა შეჩვევა. ყველა ოთახში იყო რამე ფოტო: ახალგაზრდობის, სიბერის, ცოლთან ერთად, მარტო. სახლის დალაგებაში სურათების მოვლას ცალკე ნაწილი ეკავა. ბებო თავად წმენდდა ჩარჩოებს და შუშასაც აპრიალებდა, რის მერეც პაპა უფრო დაჟინებულად იყურებოდა სახლის ყველა კუნჭულიდან. ბებო ცოტას ყვებოდა პაპაზე, მაგრამ ყოველ ჯერზე ლამაზ ამბებს. ცხენი ჰყავდა როცა ცოლად გავყევიო, სოფელში არავის ჰყოლია არც პატარძალი ასეთი და არც ცხენი. ერთხელ პაპას ძმის სახლში ქურდები შეჭრილან, დააგროვეს ალაფი და გაიქცნენ. გამოჰკიდებია. იმათაც კარგი ცხენები ჰყავდათ და მთელი ღამე სდია. თან არც თოფი, არც სხვა იარაღი არ ჰქონია. იქამდე სდია, სანამ იმათი ცხენები დაქანცა. მერე კი მილიცია მოვიდა და ჩააბარაო. მატყლის აჩეჩვისასაც ამ ამბებს ყვებოდა. ტყუპებს უხაროდათ მატყლით თამაში, ულვაშებს იკეთებდნენ. ბებო ცდილობდა სწორად დაეფინა, მაგრამ როგორ იყო ეს „სწორად“ არცერთმა ვიცოდით. ჯერ დასველება იყო საჭირო, თუ ჯერ ჩაფენა? ან ხორბალი როგორ უნდა გადაგვენაწილებინა? ან თუ შეიძლებოდა იატაკზე დაღვრილი წყლის მოწმენდა? ოთახის კარი გამოვკეტეთ და ტყუპებს შესვლა ავუკრძალეთ. „ისედაც მაგისი იყო ეგ ოთახი, არა უშავს“ – მპასუხობდა ბებო კითხვაზე, რომელიც არ დამისვამს.
ერთი კვირის თავზე კიდევ მოვიდა წერილი. ბებო საუზმეს ამზადებდა და მესამე გატეხილი კვერცხიდან შიშხინა ტაფაზე დახვეული ქაღალდი გადმოვარდა:
მატყლი წამეხმარა ცოტაზე, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია. ვიღაცებს პირდაპირ უშვებენ, ჩემზე კი არაო, კიდე უნდა ველოდო. ამომიქექეს რაღაცები. ამბობენ, ყოველ სასიკვდილო ცოდვაზე შვიდასი კაცით უკან გწევენო. მე ჯერ სამი მომაბეს, ეგ ორიათას ასი ხო გამოდგა, და კიდე შვიდასი ქურდობაზე. ეგ ხომ ადრე იყო მეთქი. სულ არ აწუხებს არავის. მაგრამ აგე საუკუნეები დგას ზოგი რიგში და უსწავლიათ ხრიკები. მოკლედ, ახლა მჭირდება რო სახლში ბროლის ჭიქები რაც გვაქვს, ცვილით ამოავსო, მარა მანამდე ძაფები ჩააყოლო და თითო ფანჯარაში დადგა სანამ ჩაიწვება. ეგ ყველაფერი ისე უნდა მოასწრო, რომ სამი დღის მერე ყველა ჩამწვარი იყოს. ეგარის ჯერ.“
ხმამაღლა კითხვა რომ დავამთავრე, ბებომ კედლის განჯინას გახედა. შუშის უკან ბროლის გამოუყენებელი ჭიქები იდგა. უყურა ცოტა ხანი, მერე გამომართვა წერილი ვერაფერი გაარჩია და ისევ უკან დამიბრუნა.
მთელი სოფელი მოვიარეთ ცვილის შესაგროვებლად. მერე კი ღამემდე ვავსებდით ჭიქებს. „ქორწილში გვაჩუქეს ესენი“ – თქვა ბებომ და აღარ გაუგრძელებია. შუაღამეს სახლის ყველა ფანჯარაში თითო სინათლე ენთო. როცა დასაძინებლად წავედი, ბებო მაგიდასთან იჯდა. სანთელზე ჰქონდა მზერა გაშეშებული და თითებიდან ცვილს იცილებდა. მას შემდეგ ყოველი დილა კვერცხების გატეხვით იწყებოდა. ტყუპებს სამიოდე დღის მერე უკვე ყველაფერი დაავიწყდათ,თუმცა, ალბათ ვერც ვერაფერი გაიგეს. ერთი კვირის მერე ჩაკეტილი ოთახი გავხსენით. ლოგინის ქვეშ გუბე იდგა, მატყლიდან კი ჯეჯილი იწყებდა ამოსვლას. კიდევ ერთხელ დავასველეთ და ისევ ჩავკეტეთ.
– ბებო, ბებო, გზაში გაუვარდა, მოდიოდა, მოდიოდა და გამოუვარდა! – შემოვარდნენ ტყუპები კვერცხით ხელში. ბებომ მაშინვე გამოართვა, აიღო ჯამი და ჩატეხა. ჯამში არ ჩამიხედავს, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ისევ წერილი მოვიდა.
– რომელი იყო? – მოტრიალდა ბებო ტყუპებისკენ. იმათ კითხვა ვერ გაიგეს, ერთი თითს ღეჭავდა, მეორე კი უკვე გარეთ გაიქცა.
– რომელმა ვარიამ დააგდო კვერცხი?
– აგე იმან, ელამი რომაა – უპასუხა პირველმა და დორბლიანი თითი ეზოსკენ გაიშვირა, სადაც ნაცრისფერი ქათამი ორი წამის წინ მიწას კენკავდა, ახლა კი უცებ გასწორდა, თითქოს მიხვდა, რომ მასზე იყო საუბარი.
ბებომ გახსნა წერილი, მოჭუტა თვალები, მაგრამ ისევ ვერაფერი გაარჩია და მომაწოდა.
„ ბროლის ჭიქებზე თურმე მომატყუეს. მატყლზე არა, მატყლი ეხლაც მადგება. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მგონია რო ორ კაცს გავცდი, რაღაცას პოულობენ და სამასი კაცით უკან მგზავნიან. ბოლოს მითხრეს, შენი ცხენი რო სცემე და კვიცი რო გააგდებინე მუცლიდან, მაგის გამო საერთოდ ჭიაღუად უნდა გაქციოს კაცმაო. მეთქი, თქვე კაი ხალხო, თუ რაც ხართ მეთქი, ასე ვუთხარი, ცოლი რო საშობაოდ გავტყიპე, მაგაზე არაფერი მომესაჯა და ცხენის ცემაზე მემუქრებით – მეთქი. ჰოდა ამათაც უიო, ეგ აღარ გვახს..
ბებომ წერილი ხელიდან გამომგლიჯა.
– კიდე წერია რაღაცები. – ვუთხარი.
– აღარაფერი არ წერია! პირველად აიმაღლა ხმა. – წადი შენს ძმებს მიხედე, ტალახი არ ჭამონ. – და წერილი უბეში ჩაიკუჭა. გარეთ გავედი. ტყუპები ტალახს არ ჭამდნენ, ჭინჭრებს ჭრიდნენ წკეპლებით.
ბევრი რამის გაკეთება მოგვიწია მას შემდეგ. ჩალის დედოფალები ჩამოვკიდეთ კარში, სანთლით ჭვარტლის წერტილები დავტოვეთ ჭერზე, სარკეები შევღებეთ შავად. ერთ დღეს კი მორიგი წერილი მოვიდა:
„…თითქმის რიგის ბოლომდე მივედი. ორასიოდე კაცი დარჩა ჩემ წინ და მერე უკვე შემიშვებენ. მატყლის მესამედ გაწურვა არ დაგავიწყდეს და სარკეებშიც არ ჩაიხედოთ არცერთმა. კიდევ რამე რომ მიპოვონ და ისევ აქ ჩამტოვონ, აღარ ვიცი რა ვქნა ან მე და ან თქვენ..“
– ესეგი მოისვენებს მალე. -თქვა ბებომ.
გადაიარა წითელმა პარასკევმა. აღდგომამ. ამაღლებამდე ორი დღე იყო დარჩენილი, წერილი კი მაინც არ მოდიოდა. სახლის დალაგება დავიწყეთ. გადავფხიკეთ სარკეები, გამოვიტანეთ ამყრალებული მატყლი, გავასუფთავეთ ჭერი, ქორწინების ბროლის ჭიქები კი ვეღარ გადავარჩინეთ.
საქანელაზე ვიჯექი. ეზოში ქათმებიდან მარტო ნაცრისფერი ვარია ჩანდა. მე რომ შემამჩნია, თითქოს განზრახ წამოვიდა, გაჩერდა ჩემ წინ და ყურება დამიწყო. ცუდი შეგრძნება დამეუფლა. ავდექი საქანელიდან და მოშორებას ვაპირებდი იქიდან, როცა ქათმის გამომეტყველება ჯერ შეშფოთებულზე შეიცვალა, მერე უკიდურესად შეშფოთებულზე, ხოლო რამდენიმე წამში ისევ ჩვეულებრივს დაუბრუნდა.
– ბებო, ვარიამ ისევ კვერცხი დადო. – შევედი სახლში.
ბებომ ჭარხალი ჩაჭრა შუაზე.
– კიდევ ისაა? მკითხა პატარა შეყოვნების მერე.
– კი. წავიკითხე უკვე მე.
– რაო, რას ამბობს?
გავშალე სველი წერილი და თავიდან დავიწყე :
აი კიდევ უცნაურობა, თუ გინდა. მივედი როგორც იქნა საზღვრამდე, და მეუბნებიან, უნდა დაგახარისხოთო. რას ქვია – მეთქი. რას ქვია და ვინ როგორ მოვიდა აქ, მაგის მიხედვით უნდა დაგახარისხოთო. პირდაპირ გეტყვით – მეთქი. მთვრალი ვიყავი და გზიდან გადავვარდი მეთქი. ფეხი მოვიტეხე, ჩავწექი, ვიწექი ასე ერთი წელი და აი მაგ საწოლიდან პირდაპირ აქ მოვდივარ მეთქი. ჩვენ უკეთ ვიცითო. ამზომეს, დამზომეს და არა, აგე იმ კარში შედიო. მანდ რა არის მეთქი. მოწამლულების განყოფილებააო, ასე მითხრეს. დარიშხანი, ანწლმუცელას კენკრა, თაგვის წამალი, ეგეთებიო. აკი გითხარით, ფეხი მოვიტეხე და ჩავწექი-მეთქი. ჩვენ უკეთ ვიცითო, და ვარ ახლა ამ მოწამლულების გამშვებ ოთახში. მოკლედ, უნდა გავარკვიო, აერიათ რაღაცები აშკარად. თუ კიდე დამჭირდა რამე, კიდე მოვიწერები. აბა ჰე.
ვახშმად ქათმის ბულიონი გვქონდა.
ART
ნინიკო მორბედაძე
გალერეა
    54