***

სახლი მას ხაპავდა
და მთვლემდა
მიყუჩებდა ყველა ნაბიჯს
და ფეთქდებოდა სიზმრებში
და იქ ირეკებოდა ყველა ზამბარა
ყველა მაღვიძარა ირთვებოდა ერთდროულად
ყველა საგანგაშო სირენა
დილით მაინც მთვლემდა
და მაინც ვერ ვიხსენებდი ვერაფერს
მხოლოდ ის სიჩლუნგემდე მისული უძლურება
როცა ყველა საგანი გაურკვევლად დევს
როცა არაფერი შეგიძლია მოიმოქმედო
გარდა ერთისა
იწვე მთვარით სავსე ნათელ მინდორზე
და იყო
მეტი არაფერი

 სულ რამდენიმე ნაბიჯი მქონდა მელანქოლიანმდე
როცა წელში მოვიხარე
და მინდორში დავიკუჭე
მაგრამ ვიცოდი რამდენიმე ჯადოსნური სიტყვა
რომელიც სიზმარში ვეშაპებმა უთხრეს ზღვას
და წარმოვთქვი.გავიმეორე
შემდეგ მესიზმრა
როგორ ამოიზნიქა მრგვალი ბალახი
რომელმაც ამოაფრქვია ობობები
რომლებიც გამოექცნენ დედას
და მათი სიჩქარე მზეზე სწრაფია
თითქოს ყვავილი მეჭირა ხელში
უფრო სწორად ასე მეგონა
მაგრამ როცა დავხედე ვნახე ვარდისფერი ბამბის მსგავსი
ალბიცია.
რომლის სუნიც შემეძლო გამეგზავნა
ცხრა მთას იქეთ
ვნახე როგორ დაპატარავდა ჩემი სხეული
და ჩამძვრა კაბა
ზურგი მხოლოდ მძიმე ჩანთამ მატკინა
რომელშიც ხუთი წიგნი მედო სკოლის გზაზე
და ხელში აბრეშუმას ტოტი
და ამ ბადეში
სიზმრის რამდენიმე შრეში
გამოჩნდა პატარა ყვავილები
რომელსაც ჰქონდა ზამბარები
და ერქვათ ხმაური
მისიი ყვავილი ჰგავდა პატარა ზარს
და შეიცავდა ფოსფორს
როცა შევეხე ა სინათლეს აღმოვჩნდი ცათამბჯენის სხვენზე
სადაც იატაკზე ვეგდე და ცალ ხელში მეჭირა ხმაური
მეორეში ხელისგული
მწყუროდა

***

შავმა ღრუბელმა რომელიც სამხრეთიდან დაიძრა მოიტანა ძლიერი წვიმა და ქარი
მინდორში ვიწექი.ცხელ მინდორში რომელმაც ერთ წამში ააორთქლა თქეში
ვხვდებოდი ერთ რამეს
არაფერი გვაქვს საერთო იმასთან რასაც თვითონ ვქმნით
რადგან ჩვენი ტვინი და ჩვენი ნეირონები და ჩვენი მიდრეკილება სტრესის მიმართ
არის ისეთივე ბუნებრივი როგორც ეს თქეში და მიწა რომელმას ჩაყლაპა და შეიშრო წყალი

***

ომახიანი კი ვიყავი
მაგრამ უბრალოდ შევიმოწმე ჩემი დათრგუნული ხმა.
დათრგუნული მიმიკები და მოძრაობა.
რომელშიც ხანდახან მამაჩემი იღვიძებს
როგორც ყველაზე მძვინვარე მხეცი.
ამ დროს თუ გავრბივარ-
ის უხილავი მუსიკა ლაბირინთივით მხვევს ბურთში რომელიც წრეზე იწყებს გორვას
და არსაით გადაადგილდება.
ვარ მეგობრების იმედად ხანდახან მე ისინი მყავს
ხან მათაც ვყავარ მე.
ხან ყველაფერი ერთად.
ვკიდივარ ხეზე როგორც საქანელა.
როგორც ნისლის გრეხილი თოკი.
როგორც ის რომელიც არ ჩანს
რამეთუ არ არის
.როგორც ლოცვა ექსტაზის პირას
როგორც დიდი და ვრცელი კორიდორი.
იყავი გულწრფელი.
და თქვი:
თუ როგორ არ გემეტება დრო-
რომელშიც ზრდასრული ხარ.
რომ ეს სიბრმავე მელანქოლიაა
მანაგუის მსგავსი სიბლანტით ფერით და შინაარსით.
ცოტა მეძინა
რადგან ვბოდავდი და ვმძვინვარებდი.
რადგან ჩემი შვილის სიცხე მე მქონდა
რადგან დამიბუჟდა მთელი ტანი
რადგან ყველაფერი ვიგრძენი.
შორს იყოს.შორს!

***

ჭიანჭველებმა
რომლებმაც მთლიანად შთანთქეს ჩვენი ბაღი
და რომელმაც გააქრეს ჩვენი ჯაფა,
მასწავლეს ერთი მნიშვნელოვანი რამ
რომ როცა გძინავს ან როცა გცხელა 
და პირს ცივი კოქტეილით იგრილებ
ან როცა ეწევი და შემდეგ საოცარ მუსიკას უსმენ
ამ დროს მათ არ სძინავთ
არ იგრილებენ პირს ცივი წყლით
და ეწევიან მხოლოდ მძიმე შრომას
აშენებენ სწრაფად და მოხერხებულად
მახსოვს ჯერ ვიდექი და მერე ჩავიკეცე
როდესაც მივხვდი
რომ არ ვგავარ მათ
და მათ ჩემზე მეტი ძალა აქვთ
რადგან მეტი ნებისყოფა მათ ხელშია

***

მინდოდა აღმოვჩენილიყავი ელექტრონულ ველზე
სადაც მაგნიტებით მაგრდებიან ყვავილები
რადგან მაშინებდა ტენდენცია
რომელშიც არაფერი არ ერია რასაც კანი ჰქონდა
ყველაფერი იყო ლითონის
ან სპილენძის
ფორთოხალი სპილენძის
მუსიკა სპილენძის
თმა სპილენძის
მზეც სპილენძის
და მათი პეშვი ხომალდივით მოცურავე
ჩემს ნეკნებზე
როგორც ჟანგიანი ოთხთვალა
წინა საუკინიდან მორჩენილი
ელექტრონული მუსკა ჩემი
რომელიც გადიოდა ჩემს კანზე
როგორც იატაკზე.
რომელსაც წიფლის ფიცრები ჰქონდა.
და ქარი როგორც ნემსებივით წვეტიანი
უჩინარი ისრები ხვრეტდნენ ოთახებს
რომელიც წყალში იდგა
იყო ხმაური
იყო ქარი
იყო სპილეძის ბრდღვიალა მზე
და ვიყავი მე ფერადი ლითონის
დასაზეთი მუხლებით და მუხლებში მოყოლილი ნერვებით
რომელმაც ერთი გზა იცოდა სახლიდან მზემდე
მზიდან სახლამდე

მხატვარი

ლაშა ჭრელაშვილი

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

კონტაქტი:

lasha.tchrelashvili@gmail.com

    81