***

ჩვენ ჩავაგდეს შაბათის ყბაში და ამას დაარქვეს დაბადება.
ის დღე  ბოთლის თავსახურს გაყვა სავსე ურნაში-
მარტოობას ობმოდებული ნარჩენები არჩია.
მე კი მხოლოდ არაფერს ვხედავ.
შენც,
მაგრამ ეს ცვლის არაფერს არაფრით.

მოსაწყენია.
ჩვენ მოვიწყინეთ-
იცეკვე ღმერთო.
ჩვენი თვალები გიკრავენ ღილებს ხორცის პერანგზე.
შენ რათქმაუნდა გეპატიება.
შენ ყოველთვის მართალი ხარ ხალხთან და ხალხთან.
შენი ხალხი ხომ ფულს ხარჯავს შენთვის.
შენ ხალხს შიგ ყავხარ.
აი, ვენები დაკბილული,
გამოდი და იცეკვე ღმერთო.
გამოაძვრინე ბლანტი სითხე შენი სხეულის.
შაბათის ყბის საკვამურიდან ჟონავენ ბავშვები.
ჩვენ სამუდამოდ ვიბადებით,
ჩვენ სამუდამოდ ვკვდებით,
ჩვენ სამუდამოდ შეგვყავხარ ჩვენში და სამუდამოდ ვიკლავთ თავებს შენს მოსაკლავად
და ტყუილია, რომ არ დაღლილხარ.
ამ მანძილებზე ყვავილებს აყრი.
დღეს ჩვენზე მეტად ბოთლის თავსახურები უყვარს,
ჩვენ ვრჩებით მარტო.
ეს შენი გამარჯვებაა.
იცეკვე ღმერთო.

 

***

ვცადე საათზე ისრების ნაცვლად მებრუნა,
გადმოვიხარე სხეულიდან,
რომ დავმსგავსებოდი სიმშვიდეს.
შენ გინდა გცადო.
დღეებსაც.
დედასაც, რომელიც მივატოვე მუცელშივე.
ამბობს დრო. იგივე არარსებობა.
ცდა გზაა, რომელიც გაბრუ(ნ)ებს,
არ აქვს მნიშვნელობა სად.
გამოცდი.
თუ სახლს არ აქვს მეგობრები
და ერთსართულიანი სახლის სარკმელი მეორე სართულზეა,
საიდანაც ვიხედებით საკუთარი და ჩვენი არსებობიდან
დროში ანუ არარსებობაში ვერ ჩაეტევა.
ვეცადეთ მოვხვეოდით სახლს
და არა პირიქით.
არსებობა უკანონოდ დავაშენეთ მიწაზე,
რომლის სახელი იმაზე უფრო შორსაა,
ვიდრე ჩვენი სახლი.
სინამდვილეში.
დედამიწიდან.

ვცადე საათზე ისრების ნაცვლად მებრუნა.
ეს მხოლოდ იმ დღეს,
როცა დროს აფთიაქშშიც იყიდდი,
როცა წარმოიშვა არარსებობა და გაიყიდა მართლმადიდებლური ტირაჟით.
სახლში კედლებო ერთმანეთს იზიდავდნენ
და დროს ახრჩობდნენ საკუთარი ისრები.
მეც გადავწყვიტე.
გადმოვიხარე სხეულიდან.
დავემსგავსე სიმშვიდეს.

მას შემდეგ აფთიაქში ვიყიდები.

 

***

როცა ცხოვრობ სხვისი თანდასწრებით

უნდა იცოდე

რომ შენი სახლია სტატისტიკა

და ხვალ ერთმანეთი ნაოჭებივით გამოჩრილი სვეტოვანი დიაგრამებით უნდა ვიცნოთ

ჩვენ ვართ დამატებითი ცვლადები

რაც ნიშნავს იმას

რომ ჩვენი გავლენის ნიველირება აუცილებელია

წინააღმდეგ შემთხვევაში

სამშობლო თავს დახრის

და მომავალი ნათელი არ იქნება

ამიტომ ყოველთვის არის სხვა

ვინც გვახსენებს ვინ ვართ

ვინც დროდადრო თავს ყოფს ეკრანიდან

გვიღიმის და პირიდან დუჟს იდენს

შენ ბევრს წერ

არ ფიქრობ მასზე

და შენი ლექსი უკეთესია.

 

***

ჩვენ გავიცანით გზის ფორმის ადამიანები

რომლებსაც სურთ ყველა ამბავი წელით ზიდონ

და დაგვაჯერონ ნაბიჯების სიმძიმე

გვიყვირონ და იტკინონ

როცა ფეხსაცმელს გავიხდით

ან სიამოვნებას მოვიკლებთ და გავნადგურდებით

ვერ აიტანონ თუ ფეხი დაუცდებათ საჩვენებელი ცხოვრების გზაზე

და თვალები სხვა მიმართულებით წაიყვანენ

საიდანაც ვერ გაგვარჩევენ მცენარისგან

და ჩვენს ნაწილებს გაიყოლებენ

იქ

სადაც სხვა დღეები ვერ მოვლენ

და სხვა ამბები ვერ მოხდებიან.

 

***

მოდი, მოვიქცეთ ისე,

რომ სიზმრების დასასრულსა და დასაწყისს შორის ზღვარი გავაქროთ.

სახეებიდან ამოვიშალოთ თვალები,

მათ მაგივრად ჩავისვათ ლოკოკინები,

რომ მხოლოდ ხელსაყრელ მომენტებში გამოვიხედოთ ჭუჭრუტანიდან.

დავიპყროთ ყველა ნესტიანი სააბაზანო და მისასვლელები.

გავხდეთ სუფთა და დაუბანლები.

ერთდროულად მივუშვიროთ ორივე ლოყა ყველა გამვლელს და გაჩერებულს.

მე მეშინია,

რომ გზებზე დახოხავენ მუცელგაბერილი ანგელოზები და ელიან წვიმას.

ჩვენ ველოდებით მათ წასვლას,

რომ მერე ვნახოთ აქამდე სად იყვნენ ისინი,

რადგან გზა ერთია და ყველა ნაბიჯს ვერ იტევს,

გაჩერებები კი მუხლებსაც იტევენ.

ჩვენ ველოდებით იატაკის დასვრას,  რომ მერე მოვწმინდოთ.

გვაქვს უამრავი გაუმართლებებლი იმედი,

რომლებსაც ვარქმევთ ოცნებებს და მერე ვიძინებთ.

რატომ არ ვამბობთ „ძალიან მეღვიძება“?

როცა ასეთი მკაფიოა ყველაფერს შორის ზღვარი.

ვშიშობ, რომ მარტო არ ვართ

და ამ შიშს ადამიანების ყლაპვით ვძლევთ.

 

***

მე შემეშინდა შევხებოდი ჩემი ცხოვრების მომაველ დღეებს,
ან შევხებოდი მათზე შემოხვეულ უცხო ხელებს,
წყლები გვიდგება მუხლებში,
ქალაქს არ აქვს სხვა გასასვლელები,
ჩვენი სხეულები ისე დამძიმდა,
მხოლოდ ხელებით ვერ აგვწევენ.
გვიწევს დავირქვათ მიწისქვეშელები,
ვყლაპოთ ჰაერის მძიმე ბოლქვები,
სუნთქვები ისხამენ სხვა დღეებს
მათაც იგივე ფორმა აცვია,
რაც რიგით დღეს პირში დაგუბებული ჰაერით.
მე ჩანთაში ვყრი ყველა სხვა ჩანთას და ვცდილობ დავბერდე.
მგონია, რომ ქალაქს არ აქვს სხვა გასასვლელები.
წყლით სავსე მუხლები.
უფანჯრებო დერეფნები.

 

***

მე ვცდილობდი,
რომ ადამიანებისთვის მათი საჭიროება დამენახებინა.
ვიხსენებდი,
როგორ ისრესდნენ დილაობით თვალებს.
მე ვუყურებდი
ჩემი ფეხებიდან ამოზრდილ გზებს
და ვერ ვხვდებოდი როგორ მიმეღწია თავამდე-
-ხორცის მავთულებზე ჩიტები მტკენდნენ სინათლეს
და მანქანებს დაჰონდათ სიყვითლეები.
ჩვენ ვცხოვრობდით
აღარც სილამაზეში
და ხეები ჟონავდნენ სხეულებს თავიანთ გარშემო.
სუნთქვა გავდა მანქანას,
რომელიც ყოველთვის თავის მძღოლს ეჯახება.
ვიმსხვრეოდით ყველაფერ დანარჩენთან ერთად
და ეს გვმატებდა სიმყარეს.
სინამდვილეში ეს იყო წესრიგი,
რომლისგანაც წამოვედით.
უკან არ გაიხედეს ბეჭებმა.

დრო ჩვენს ზურგთან გაჩერდა და ისრებით მოგვკლა.
მას შემდეგ ერთად დავიწყეთ უძრაობა.
ჩვენ-ვერტიკალურად,
დრომ-წრიულად

 

ჯიუტი jesus(რემინისცენცია)

მე არ ვიცი, რომელი უფროა ღმერთი,

შენ თუ შენ.

ოთახში მზე არ წვდება საგნებს და სინათლეა,

რადგან შენ ან შენ

ახელ კედელზე მილურსმნულ თვალებს.

რა უფრო მტკივა,

მე თუ მე,

მინდა გკითხო,

რადგან მე არ ვიცი,

რომელი უფრო ვარ,

მე თუ მე.

ცვრიანია ბალახი შენს თვალებში,

ალბათ ამიტომ დარბიან შიშველი ტერფებით

და ჯიუტად შენ ისევ არ გტკივა,

ახელ

არ ვიცი ჩემთვის თუ ჩემთვის

და არც მაინტერესებს,

ალბათ ამიტომ ვარ ადამიანი

მე ან მე,

არ გაიღვიძო,

ჩვენ ვიცით,

რომ ცხოვრება მშვენიერია,

როცა გძინავს შენ ან შენ

და სიზმრებივით ხდებით.

ღვთიურები.

მე ან მე ადამიანი ვარ,

შენ ან შენ ამინ

და ადამი ნაწლავიდან იხერხავს

ხეს სიკეთისა და ბოროტების შესახებ,

შენ ისევ ჯიუტად არ გტკივა,

არ ხუჭავ ცვრიან თვალებს,

რომლებზეც დარბიან

შენზე შეყვარებული შიშველი ტერფები.

თუ არ ირბინეს,

რა ხარ ღმერთო შენ ან შენ.

მე არ ვიცი,

რომელი უფრო.

 

მხატვარი

დათო ფარცხალაძე

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

კონტაქტი:

p.dato@yahoo.com

    53