***
ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება

***
დროს ნუ კარგავ ფიქრთა მართვის მოსაპოვებლად
შესაძლოა ეს ნიშნავდეს იდეებზე უარის თქმას
ეს არაფერია
როცა წამი ნიშნავს იდეებს ჩარჩოში
როცა გაძვერი ხორცის მარწუხებიდან
იყავი
ჭრიჭინებისგან გაგუდულ ტყის შუაგულში
ლაქის საპოვნელად მისული
ერთ ბოთლშია დამწყვდეული ჩემი სიყვარული
წადი და მარწყვის მდელოზე ამოარწყიე
საკუთარი პოეტური მიზანთროპია
ფოთოლთა თვალთა მწვანე სიმეტრიულ სიბნელეში
იმ დროს როცა კითხავ შენ თავს
ვისი აქ მოსვლა გაგიკვირდებოდა ყველაზე მეტად

***
როცა თვალებს ვხუჭავ და ბგერები მაბრუნებენ ჩემში
ხეთა იისფერი სულების უხმო ნიავი
თუ ქარბორბალაა
ტყეში
ჰაერი მაქვს მუცლის ნაცვლად
ხელს ვიფარებ თვალებზე და ხელი არის გამჭვირვალე
ენერგოხაზები მივლის უმტკივნეულოდ
და ჩანს მის მიღმა ფოთლები
ფოთლებს მიღმა – ცა
გარშემო ყველაფერს ვბლოკავ (გარდა ხმებისა)
რაც არ მინდა რომ ჩემამდე მოვიდეს
ხეს ვეყუდები როგორც ჩათამბრჯენს და მასთან ერთად ვირწევი წინ და უკან
წინ და უკან
ქუჩებში მიმდინარე პროცესები ჩემს მონაწილეობას ითხოვენ
ჭიანჭველები ძრავების ხმაზე ორ ფეხზე ცეკვავენ
ზეცას ძუძუები ჩამოეწელა ნეონთა ციხესიმაგრეებში
თვალებს ვხუჭავ და
კიბეზე ჩამავალ შავებში ჩაცმულ მოხუც ქალს ვხედავ
ბავშვივით ვუღიმი ჩემს მიერ წარმოდგენილ მონსტრებს და ისინი ქრებიან
ვიწყებ საუბარს და ვბრუნდები ჩემში
უხმოდ ვარ და სხვადასხვა სივრცეებს ვუერთდები

***

შენისლული შავი ტბის თავზე ფარფატებს ნაკადი
მშვიდად წარმოქმნილი ენერგიის
ელექტრული პეპლების
მშვიდი ცურვა
უკაცრიელ „მთვარის ჩრჩილთა“ ხეობაში
არ თბილა
არ ცივა
არ იძვრის ჰაერი
არ ისმის ბგერა
ლურჯი სინათლის ეპოქალური მზადყოფნა სფეროსებრ მუდმივობაში
ძვალთა შორის გამდნარ აგრესიას გამორეცხავს
და დაგვანახებს
ჩვენს თვალებში ანთებულ გაღიმებებს

***

ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება

***

იისფერ ნიავში გაფრქვეული ბობ დილანის ჰარმონიკა
რიტმულად კრავს ნაძვის ტოტებს
იქ სადაც სამი ქალაქისკენ და სიფხიზლისკენ ზურგშექცეული მეგობარი
საუბრობს პოეზიაზე
ხეებზე
და ბედნიერების განცდას სცილდება ბუტაფორია როგორც
ფასადი
შიგნით ქუჩებში ცხარდება ბრძოლა ფასადების დაკავებისთვის
შიგნით ქუჩებში
შიგნით მანქანებში
შიგნით ბაზრებში
შიგნით ტაძრებში
შიგნით სახლებში
სადღაც რომელიღაც კუთხეში
ყველგანაა იესოს ჯვარცმა
ყველგან არაა თავად იესო
ყოველი სახლის რომელიღაც კუთხეში ყრია
2 ლარიან წმინდანთა წმინდანთა ჯარი
დღეს შევნიშნე რომ ჩემი სახლის კუთხეებში
მიმობნეულა ბოთლები და წიგნები და ფოთლები
შიგნით მყრალი ბაზრის შუაგულში
ბებერი ნარკომანი მეძავი
წყლის ჭავლის წინააღმდეგ იბრძვის
ტირანოზავრის ჩონჩხი ელექტრული კანკალით ითხოვს ბილბორდიდან გაქრობას
არსებობს გაქცევის მსურველთა
ჩანთაში ჩაყრილი ნივთების გაღიზიანებული ტონი
მიბმული ნერვულ სიმშვიდესთან
არსებობს მთლიანობის უსაზღვროების შეგრძნება
და მის ნაყოფში
უარყოფილი ხორცი

მხატვარი

Sean D’antoni

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

    69