***

მე ვიცი შენ ის ხარ
ვისაც არავინ აღარ გაიხსენებს
შენ არაფერო 
ქვაზე დატოვებულო სახელო
შენ ვისაც შენი სახელით არ მოგმართავენ
ქალაქი აუჯანყდა შენს მკერდს
ის შენი არ არის – ყვირიან
გთხოვენ რომ მოიხსნა
როგორც სამკაული უმნიშვნელო
დადექი შენი სხეულის მიღმა
დადექი შენი სახელის მიღმა
შენი სურვილების
შენი სიყვარულის
შენი ავადობის
შენი გამოცარიელებული თვალების მიღმა
ვისი ყმუილის კაბაც მოვირგე
ვისი დაჩხვლეტილი ხელებიც თოკივით დავგრაგნე

შენ ვისაც აღარასდროს გაგიხსენებთ

 ***
მე დავლიე მდინარე
რომელიც ყველაზე დიდი იყო სოფელში
და დავიწყებას მიეცა ბავშვობაში მოჭრილი ყველა ხე
უნებლიე ვარდნა მძინარე სიმინდებში
ბაყაყის სკდომით
მე დავლიე შავი ზღვა
და მკვდარი ზღვა
ზღვა წითელი და ზღვა მინის
დავლიე და დავკარგე იუდას ტომის საყვირი
სხეული რომელიც ჩემია მე არ მეკუთვნის
ხმა რომელიც ჩემია მე არ მეკუთვნის
***
ის იქვე იდგა
დამსკდარი მზერით ჭაში ჩავარდნილი
მდუმარე მეფე
კარგად იცოდა
რომ ყველაფერმა ტოქსიკურ თვლემას მისცა თავი
თამაში ბავშვების იდუმალ ტყეში
სადაც არ იყო სიტყვა
არ იყო ომი

მოკვეთილ თავებს ელექტრომინდვრებში სძინავთ
ხელისგულიდან ამოზრდილ მეგობარს ვუსმენ

მისი ხმა შორია
მაგრამ მკაფიო
ვემორჩილები იმ ტემბრს რომელსაც გამოსცემს
რომლის სიხშირესაც ვიჭერ
იატაკი აღებს პირს და ვუჩინარდები
სიბნელეში მივემართები გზებისარმცოდნე
მეშინია
და ვკანკალებ
მეშინია
და წინ მივიწევ.

***

მე არ ვიცნობ არავის

ვისაც შეიძლება მიგამსგავსო

და ვთქვა აი, ამ ქალს ჰგავს,

ან ამ კაცს ან სულაც ამ ბავშვს

არც არაფერი ვიცი ისეთი

რაც შეიძლება იყოს შენი ფერი

ზომა ან ტოლი

შენი სიგიჟეც უცნობია

და ჯერ კიდევ დაუდგენელი ფორმის

და მდგრადობის

შენ ამბობ და პირიდან იფრქვევა საწამლავი

შენ ამბობ და გარშემო ცეკვავენ ატომები

შენი სიტყვები ყოველ წამს იცვლიან წონას

შინაარს

მოძრაობას

სიმაღლეს

ზოგჯერ გემოსაც

ისინი მახტებიან ტანზე

კანქვეშ მიძვრებიან ყველა ფენაში სათითაოდ

ყველა სიღრმეში სათითაოდ

რაც კი სხეულზე არსებობს

რაც კი რამ სუნთქავს ან იღება

და ძალადობენ

და ზეიმობენ

ქვემეხების ბადეში მძინავს

კონვეიერი ვარ შენი სიტყვებისთვის

სიზმარში შევაბიჯე რომ მეპოვნე

მკრთალად ჩანს სურათი

ზიხარ სავარძელში რომელიც ლაპარაკობს

ცალ ხელში გიჭირავს დანა

მეორე ხელი არ გაქვს

და ვეფერები იმ ხელს

რომელიც არ გაქვს

და ვეფერები იმ ხელზე თითებს

რომელიც არ ჩანს.

***
როცა თვალებს ვხუჭავ და ბგერები მაბრუნებენ ჩემში
ხეთა იისფერი სულების უხმო ნიავი
თუ ქარბორბალაა
ტყეში
ჰაერი მაქვს მუცლის ნაცვლად
ხელს ვიფარებ თვალებზე და ხელი არის გამჭვირვალე
ენერგოხაზები მივლის უმტკივნეულოდ
და ჩანს მის მიღმა ფოთლები
ფოთლებს მიღმა – ცა
გარშემო ყველაფერს ვბლოკავ (გარდა ხმებისა)
რაც არ მინდა რომ ჩემამდე მოვიდეს
ხეს ვეყუდები როგორც ჩათამბრჯენს და მასთან ერთად ვირწევი წინ და უკან
წინ და უკან
ქუჩებში მიმდინარე პროცესები ჩემს მონაწილეობას ითხოვენ
ჭიანჭველები ძრავების ხმაზე ორ ფეხზე ცეკვავენ
ზეცას ძუძუები ჩამოეწელა ნეონთა ციხესიმაგრეებში
თვალებს ვხუჭავ და
კიბეზე ჩამავალ შავებში ჩაცმულ მოხუც ქალს ვხედავ
ბავშვივით ვუღიმი ჩემს მიერ წარმოდგენილ მონსტრებს და ისინი ქრებიან
ვიწყებ საუბარს და ვბრუნდები ჩემში
უხმოდ ვარ და სხვადასხვა სივრცეებს ვუერთდები

***

სიზმრების ქალაქი დაცურავს ჩემი კიდურების გასწვრივ
ნელნელა მიახლოვდებიან რძეში ამოვლებული სახეები
ისინი მიღიმიან
და მელაპრაკებიან უსასრულოდ
მრავალსახიანი ღმერთივით მოძრავი და ცვალებადი
ბნელ მატერიაში შთანთქმული სულები
მე მათ გავურბივარ ვარსკვლავის სიჩქარით
მე თვითონ ვხდები ვარსკვლავი
ჰელიუმის ყურებს და ხელებს ვიბამ
მაგნიტური მცენარეების მინდვრებში მოცეკვავე
ეს უსასრულო სამყარო მეძახის
როგორც დედა სახლიდან გაქცეულ ბავშვს
როგორც ყვავილები წვიმაგროვას
როგორც ნიანგი ჩიტს
მეძახის და შველას მთხოვს
მეძახის და ხერხემლიდან სათითაოდ მაძრობს ყველა მალას
მეძახის და ვხვდები, რომ მისი ტყუილების ქსელში ვიხლართები

მისი ძახილი ეს სიმღერაა
სიმღერა ჯიმის გველივით დახვეულ დაუსრულებელ დასასრულზე
კოსმიურ სილაში თავი ჩავრგე და ჩამეძინა

***

(პატრიარქს)

როცა ვლაპარაკობ მასზე
უეცრად ყელი მიშრება
მუხლები მიკანკალებს და მარჯვენა ხელი ერთბაშად ეშვება 
როგორც მოჭრილი მორი
მის სიახლოვეს ვგრძნობ ათეული კილომეტრებიდან
ზოგჯერ ასეული კილომეტრებიდან
ძირითადად კი სულ თვალწინ მიდგას
როგორც კოლოსალური ნაგებობა
როგორც უილის თაუერი ან ტაიბეი
რომელზეც ეშვება ღმერთის მარცხენა პროფილი
ლითონის ღიმილით
(სინამდვილეში ის არასოდეს არ იღიმის)
ერთხელ როდესაც ძალიან დაღლილი ჩაფიქრებული
მივუყვებოდი ქალაქის ქვაფენილებს
უკნიდან ვიგრძენი ძლიერი ორპირი ქარი
ჩრდილოეთიდან წამოსული
ძალიან შორი გზაგამოვლილი
ბებერი, დაუძლურებული
ცივი და საშიში
მაგრამ უგემური და მომჟავო
მივხვდი რომ ის იდგა ისევ ისეთი დიდი და ბრძენი
ისევ ისეთი შეუცდომელი და მართალი
ვუყურებდი ისე რომ თვალს არ ვახელდი
ვუყურებდი ისე როგორც მოსე ღვთაებრივ ცეცხლს
როგორც აბრაამი ისააკის დანას
როგორც მაგდალინელი იესოს კაბას
როგორც ტოლსტოი ანას.
ვუყურებდი და ყელი მიშრებოდა
რამდენიც არ დამელია ამ წყურვილს ვერ დავიკმაყოფილებდი
რამდენიც არ გამერბინა ყველა სავალი გზა მოკლე მომეჩვენებოდა
რამდენიც არ მელოცა
რამდენიც არ მეცოცხლა
რამდენიც არ გამეთავებინა
ყველაფერი ამაო ჩანდა.

მე მას მივუძღვენი ქებათ-ქება
დავითის ტოლი და სწორი
ყველა დავითის ტოლი და სწორი
მე მის კაბის კალთას ვეამბორე
ყველა ცნობილი ამბორის მსგავსად
ყველა ნაამბორალს გადავაჭარბე
მე მას ფეხები დავბანე.

***

ოთახში ნივენის ჰიპსტერ იესოს მზესუმზირა ულოკავს ზურგს
მას მხოლოდ ერთი თვალი აქვს და ისიც მკვდარი.
მე ვიპოვე ის გუშინ, ან მოვიპარე.
შეიძლება მეტის თქმა.
იქ იყო მწვანე ტოტი
რომელმაც შეჭამა ბალი
ისეთივე ველური როგორიც თვითონაა.
ახლა ვკითხულობ პულმანს და რინგზე ერთანეთს ვახვედრებ დედამიწელ ყველა ქრისტეს.
წარმოვიდგენ როგორ გამოდიან სუდარაში გახვეული იესოები წითელი ხელთათმანებით
და გამეტებით ურტყამენ ერთანეთს ხელისგულებში.

მე ვხედავ სიზმარში კაცს
რომელმაც სხეული გარეკა ქარში
სწრაფად, სწრაფად!
ამბობს ის
და ეცემა რვა ცათაბჯენიდან ერთდროულად.
მისი ხელები მისსავე მუხლებს ენარცხებიან
როგორც ძლიერი წვიმისას მინაზე წყლის შხეფები
ისევე როგორც ვარდება იესო ჩემი ოთახის რაფაზე
ყველა ავტორთა წიგნიდან
უსულოდ
უგულოდ
მაგრამ რაც შეიძლება რბილად და ნაზად.

მხატვარი

Ilya Zomb

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

    64