***

მისი ნათელი ფანჯრებიდან
მისი ნათელი აივნებიდან
მთვარის უსასრულო ბაქტერიული ფარდები ეშვება
ძაღლები მორბიან მისი სიტყვებიდან
ისინი სანთელივით დნებიან სხვათა ხელებში
და ჩვენ ამ ყველაფერს განთიადისას ვივიწყებთ
ბავშვის კივილმა ახლახანს ჩემს თვალწინ
მოჩუქურთმებულ ჭრილობებს შორის ორმო წარმოქმნა
ევკალიპტის სისხლძარღვები ჩაბრუნდნენ მის სხეულში
ის სისხლუკუქცევით იწვა და დროს შეექცეოდა
ის იყო მის ერთერთ ქართაგანს მიყრდნობილი
თვალის კაკლებით სამყაროს განმანაყოფიერებელი
ჰიპერბოლოიდურ სიზმარბარში მჯდომი
აპოლონის მურაბა
გამოაცხადე საყოველთაო თავისუფლება
მათ სურთ იცოცხლონ სარწეველებთან ერთად

***

შენს საპონს სახეზე ვისვამთ
ყინულის საპონს და იქვე კუთხეში
მოძალადე სიტყვებისგან ვაგებთ ადამიანებს
ყვავილნარს ვწირავთ
ხელახლა მსურს დავიბადო აქ
სადაც ჩემი მეგობრები მოუხელთებელი სოკოს იარაღებით
წინ წამოვლენ რათა დამეუფლონ და წავიდნენ
ჩემი სიზმრისეული ჩანჩქერებისკენ
მე ვგრძნობ მოახლოებული კატასტროფის საშიშროებას
მე ვგრძნობ ეროტიკული დარბაზის ფილაქნებიდან
როგორ მოემართებიან ჯუჯა ვარსკვლავები
რათა დაღვარონ გრძნობების ნავთობი
ჩვენს მუცლებზე და მის ქვემოთ გააშენონ
აბრეშუმის ცეცხლის მდელო

***

დარჩი შენს კომაში
შენს ფრუსტრაციაში
დემონში ბრილიანტის ხმით
მოგვეცი შუქით სავსე ხელები
შენი სხეულის თევზი
რომელიც ცოცხალია
გვიწილადე და დარჩი
შენს სიზმარეთში და
გაშალე ქვიშის ფრთა

***

შენობა ვიყავი საკუთარ სიზმარში და ვტრიალებდი სხეულის ნაწილებს ვიფლეთდი
მე ვნახე გამოშიგნული თევზი სერაფიმები
გონებიდან წარსულის რეაბრაზიის მრავალჯერადი მცდელობით
ობობაიეროგლიფები, რადიონათლისღებათა სიკაშკაშე
ბაყაყისხორხიანი მოქალაქეები, დაბრეცილი ფანჯრებიდან გამოპარული შუქების თავისუფლება,
რომლის მომცრო ნაგლეჯებზე ბავშვები დარბიან
კალუზურ წყლულთა წარმოუდგენელი კლდეები,
სიცარიელე
აბსოლუტური სიცარიელე
ჩაკეტილი და დაზეთილი ორგანოები
მე ვნახე სამუდამოდ ჩაკეტილი სახეები ბრბოში
მათ მიღმა ჩვენ ვისხედით სამუდამო სიზმარბარში
რომლის ზღვაშიც მინარეთისებრ ფეხებს ავასავსავებთ
სადაც ჩვენმა მანათობელმა სუნთქვამ
გზა შეუკრა მოყინული სიტყვების ტუტეს
ჩვენ ვიყავით ჰიპნოსხეულები

***

მათ უბოროტეს ფიქრებს ვასხურებთ
მარგალიტს ვთესავ საკუთარ თმაში
ნაყოფად იღებს
დაშაქრულ კრიალოსანს ჩემი სიტყვების
თოვლმარცვლებო 
თქვენ წამოეგეთ სიბნელის ნაწნავს
მარტოები ხართ და
მიგიძღვებით ჩემი სიზმრისკენ
სადაც ვერ შეძლებ ძალადობის ბურთებით თამაშს

***

მე ვარ ბაბუაწვერა ღმერთი
ის ვარ ვინც თხმელისა და იფნისგან გშვა
ვინც მარჯვენა ხელი მოგაჭამა და
ბნელ ღამეში რადიომიმღებით გაუჩინარდა
ის ჩიტი ვარ ოკეანის სიღრმეებში რომ მიფრინავს 
ფსიქიური ჰიალუნური ფუტკარმგლებისკენ
განათებული წარღვნებისკენ და ფერმკრთალი ოქროს ტბორებისკენ
კვამლის გიგანტური ციხესიმაგრე ვარ
ჩემს არაცნობიერ კლდეებზე აღმართული
მე ვარ მწიფე წითელი ნათურების ბაღში
ჩემი ხელები გასაღებია
მე შემიძლია შემოვიდე შენს უდროო
დაგვიანებულ არსებობაში
და შენი სიზმრები მივისაკუთრო

 

***

სიტყვების ვულკანური ამოვფქვევა
მავთულხლართღმერთების ქალაქში
სადაც ვიკრიბებით ბოთლისშემგროვებლები
დევნილები და მეოცნებეები
სადაც ციცინათელა სულები გვიერთდებიან
დაგვიანებული რეისებიდან
სადაც გაშეშებული შუქნიშნები ვართ
სადაც ჩვენი მძლავრი ციხესიმაგრეები
იმტვრევიან და ძირს ეცემიან
ჩვენი ბუდეები ნაცრდებიან
ჩვენი თვალები სკდებიან და
გაუგებარი მივიწყებული პლანეტები ხდებიან
გაიქეცი ამ ბიპოლარული პიროვნებიდან

მხატვარი

Sean D’antoni

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

    78