პოეზია

ჰ.დ. 

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ევრიდიკე

 

1

მაშ, შენ ისევ უკან გადამისროლე.

მე, რომელსაც შემეძლო, ცოცხალ სულებს შორის მეარა

მიწის ზედაპირზე.

მე, რომელსაც შემეძლო, ბოლოს და ბოლოს,

ცოცხალ ყვავილებს შორის მეძინა;

 

მაშ, შენი სიამაყის გამო

ბოლოს და ბოლოს გავტყდი,

მე, რომელმაც, არაცნობიერად ვიცხოვრე;

მე – თითქმის მივიწყებულმა;

 

რომ დაგეცდია

ვიქეცი უსიცოცხლობიდან

სუფევაში,

რომ დაგეცდია მკვდრებთან ყოფნა,

მე დაგივიწყე

შენ და წარსული.

 

2

აქ მხოლოდ ალი ალზედ

და შავი წითელში ელვარებს,

ხაზები შავისა და წითლის

უფერულდებიან;

 

რისთვის მობრუნდი,

რომ ხელახლა ქვესკნელი დასახლდეს

ჩემით, ასე არარაში

მოსროლილით?

 

ზურგსუკან რისთვის მოიხედე?

რისთვის შეყოვნდი მაგ ერთი წამით?

რისთვის მოხარე ზესკნელის

ალნაკრავი შენი სახე,

ჩემი სახის თავზე?

 

რა იყო ეს, რამაც ჩემი სახე გადაკვეთა

შენისგან ნასროლი სინათლით

და შენი მზერით?

რა იყო ეს, რაც ჩემს სახეში იხილე?

ნათელი, იქნებ, შენივე სახის?

შენივე, იქნებ, მყოფობის ცეცხლი?

 

რა ჰქონდა ჩემს სახეს შემოსათავაზებელი

გარდა მიწის უკუქმედების?

ფერი სუმბულის

კლდის უმი ნახეთქიდან მოკრული

სადაც ელვა დაეცა,

და ფერი ლაჟვარდი ზაფრანების

და ფერი ფრინტების,

მსწრაფლ მის ვენებში ვით ელვა

და ვითარცა თეთრი.

 

3

ალისარჩული მიწის ფოჩებიდან,

ველური ალისარჩული, მიწის

ბასრ კიდეზე რომ გადახრილა,

ყველა ყვავილი, მიწას რომლებიცესობა,

დაკარგულია – ყველა, ყველა ეს ყვავილი დაკარგულია;

 

ყოველივე დაკარგულია,

ყოველივე შავითაა გადახაზული,

შავზე შავით

და შავზე უარესით,

უფერული ამ ნათებით.

 

4

ფოჩზე ფოჩი

ლურჯი ზაფრანების,

თავიანთივე ლურჯზე აყუდებული ზაფრანების,

იმ ზესკნელის ლურჯზე,

ყვავილთა სიღრმეზე სიღრმის ლურჯზე,

დაკარგულია;

 

ყვავილები,

რომ შემძლებოდა ერთადერთხელ მათგან ჩემი სუნთქვის წაღება,

ეს იკმარებდა მათგან,

მიწაზე მეტი,

ზესკნელზე მეტიც კი,

რომელიც აქ, მიწის

ქვეშამდე ჩამომყვა;

 

რომ შემძლებოდა მიწიდან გამომეჭირა

სისრულე მიწის ყველა ყვავილთა

სულ ერთადერთხელ რომ შემძლებოდა ჩემში ჩასუნთქვა

სწორედ ამ ძალიან ოქროს ზაფრანების

და წითლების,

და სულ პირველი ალისარჩულის სწორედ ის ძალიან ოქროს გულები,

სისრულე იმ ოქროს მასის,

სისრულე იმ დიადსურნელების,

გავებედვოდი მაშ ამ დანაკარგს.

 

5

ამდენად გამო შენი ამპარტავნების

და გამო შენი ულმობლობის

დავკარგე მიწა

და ყვავილები მიწის,

და შენც, რომელმაც ნათელი გადაკვეთე

და მიაღწიე

ულმობლად;

 

შენ, რომელსაც შენივე ნათელი გაქვს,

რომელიც შენივე თავის თანამყოფობა ხარ,

რომელსაც არა მყოფობა გჭირდება;

 

მაინც მთელი შენი ამპარტავნების

და შემოხედვის მიუხედავად,

მე ამას გეტყვი:

 

ასეთი დანაკარგი დანაკარგი არაა,

ასეთი შიში, ასეთი აურზაურები და მიუსაფარობები და საფრთხეები

სიშავის,

ასეთი შიშის ზარი

დანაკარგი არაა;

 

ჯოჯოხეთი შენს ზედა მიწის

მიწაზე უარესი არაა,

უარესი არაა,

არა, არც შენი ყვავილები,

არც შენი სინათლის ძარღვები

არც შენი მყოფობა,

დანაკარგი;

 

ჩემი ქვესკნელი შენსაზე უარესი არაა,

თუმც შენ ყვავილებს შორის დადიხარ და ზედა მიწის

სულებს ესაუბრები.

 

6

ამ შავით მოცული

მე მეტად ვმგზნებარებ

ვიდრე შენ მაგ ადგილის მთელ სიკაშკაშეში,

შავით მოცულს

ამ სადა რუხში

მე მეტი ნათელი მაქვს;

 

და ყვავილები,

რომ მეთქვა შენთვის,

პირს იბრუნებდი შენივე სადაგი ბილიკებიდან

ქვესკნელისაკენ,

კიდევ ერთხელ პირს იბრუნებდი და მოიხედავდი

და მე იმადგილას ჩავეშვებოდი

ამაზე მეტად რომ საზარელია.

 

7

სხვა თუ არაფერი, ჩემივე თავის ყვავილები მაქვს,

და ჩემი ფიქრები, ვერა ღმერთი

ამას ვერ წამართმევს;

თანამყოფობად ჩემივე თავის მგზნებარება მაქვს

და სინათლედ ჩემივე სული;

 

და ჩემმა სულმა თავის დანაკარგით

ეს იცის;

თუმცა ციცქნა ვარ ბნელით მოცული,

ციცქნა უფორმო კლდეებს შორის,

ქვესკნელი უნდა გატყდეს ვიდრე მე დავიკარგები;

 

ვიდრე მე დავიკარგები,

ჯოჯოხეთი უნდა გაიშალოს წითელი ვარდივით

რათა მკვდრებმა გაიარონ.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
107