პოეზია

გოჩა სხილაძე

ზარი
მე ვარ ზარის ხმა რომ ესიზმრათ ვარდებს, ნარგიზებს,
შენი გული კი სამრეკლოა, სადაც ვდუმდები,
მე ვარ ყვავილი მოელვარე შენს გულსაკიდზე,
შენს გაზაფხულში მინდა მოსვლა და ვერ ვბრუნდები.
შენი ცა ასე უძიროა და მოციალე,
მე ვარ დაისი, დიდი ზარი ხმაჩაწყვეტილი.
როცა წავედი ჩემი სახე შევატრიალე
ვარსკვლავებისკენ. ელვარებდა ბნელი წერტილი.
ჩემს ხმაში ათას ველის ყვავილს გააქვს ღაღანი,
მაინც არ გესმის ჩემი ცრემლის დიდი ხარება,
ვიღაც იზრდება ჩემში წმინდა, ცამდე მაღალი
და შენს სიზმრებში დაბნეული დაიარება.
თიხა და სული
პოეტი კონდესირებას უკეთებს მოვლენებს,
წნეხავს ისე, როგორც ჭვარტლს წნეხენ და ალმასს იღებენ…
ის შეკუმშულად წარმოადგენს სიმართლეს,
რომელიც თითქოს არადროს მომხდარა,
მაგრამ ყველა მომხდარ მოვლენაზე რეალურად
გამოიყურება იმიტომ, რომ ეს არის ეიდოსური სიმართლე,
სიმართლე, რომელიც სადღაც მოხდა, დროის და სივრცის გარეთ და გამუდმებით მეორდება სხვადასხვა სახისა და ადამიანების ცხოვრებაში.
ლექსი ეს არის შინაგანი, დაფარული სიმართლე,
რომელიც მუდმივად გამეორებადია.
მზესავითაა და ჩვენი ცხოვრებას ატრიალებს თავის გარშემო,
მაგრამ მას ვერასოდეს მივუახლოვდებით,
შეიძლება ზოგი უფრო ახლოს მივიდეს,
მაგრამ ცოცხალი ადამიანი იდეალური ცხოვრებისგან შორს დგას
და არ შეუძლია იყოს ისე ჰაეროვანი,
როგორც დიდი რომანების ან ლირიკის პერსონაჟები არიან.
ჩვენში უფრო მეტი თიხაა,
ისინი უფრო ღრუბლებისგან და ეთეროვანი მატერიისგან არიან ნაგები,
მაგრამ ჩვენ ყველა ვოცნებობთ ასეთ ცხოვრებაზე და ასეთ სიკვდილზე.
ადამიანი ზედმეტად დამიწებულია იმისთვის,
რომ იდეალურ სამყაროში შეაბიჯოს.
ის პავლე მოციქულივით დროებით შეიძლება
ატაცებული იქნას მესამე ცამდე ან მეეცხრემდე,
მაგრამ მას არ შეუძლია, სულ ამ შთაბეჭდილებების ქვეშ იცხოვროს,
ეს მის ძალებს აღემატება.
ნამდვილი ნაწარმოები არაფერია,
თუ არა სიცრუიდან თავის დაღწევის ცდა,
ანუ იმის დანახვა, რისი დანახვაც ადამიანს არ შეუძლია,
ან არ უნდა დაინახოს
ის, რაც დაფარულია, მხოლოდ ხანდახან გაიელვებს
ჩვენ წინ მოჩვენებასავით ან სიზმარივით.
ის რაღაც სიზმრისეულის ხორცშესხმაა
და მატერიალურის ეთერულად ქცევაა,
ეს არის ნამდვილი სიცოცხლის პროექტი,
რომლის განხორციელება, გამუდმებით გადაიდება,
ის ჰორიზონტივით გამხლტომი იდეაა,
ის ”შეუძლებელი” ყოველგვარი არსებულის და არარსებულის გულისგულია,
დიდი ალმასის მსგავსი ბირთვია,
სადაც ჩვენი სინათლე შედის და ათასმაგი ბრწინვალებით გამოკაშკაშდება ჩვენი სიცოცხლის სიბნელიდან და ჩვენვე გვანცვიფრებს ელვარებით
და ყელზე ალესილი დანის წვერივით მიდებული,
მჭრელი და შეღწევადი სიმართლით.
შემოქმედება არაფერია, თუ არა მოხმობა.
ყველაფერი, რაც კარგი შექმნილა,
მხოლოდ შეუთანხმებლობის და ვერშეხვედრის ექოა.
ეს არის დაკარგული სამოთხის ექო, ანუ ის,
რაც შეიძლება ყოფილიყო და მაინც თითქოს არასდროს ყოფილა,
ან თუ ყოფილა, მაშინ ეს მისი ექოებია
ჩვენამდე მოღწეული ტურბულენტური,
დიდი შემოქმედების სახით.
მტრედის ღუღუნი
გუშინ მოაჭრეს სამი ტოტი საფლავთან ურთხმელს.
ჭრილობა ღია, სისხლისფერი, დააჩნდა მერქანს.
ათასი წელი ინახავდა რაღაც ბნელს, უთქმელს,
ახლა მას უნდა რომ ბავშვების სახელი ერქვას.
ამ სექტემბრიდან სამი კუბო გამოირანდა.
მირაჟი გაქრა. გაკრიალდა მღვრიე და ბუგე.
სამი ბავშვი წევს ბნელ კუბოში. გძინავს მირანდა
მამის სიზმარში. ვერ იღვიძებ. შენს თვალის გუგებს
ძარცვავს სიბნელე, მაინც ხედავ გადახრილ ჯვარცმას.
ღუღუნებს მტრედი, თითქოს ამბობს: მამის მაცნე ვარ.
მიდიხარ გზაზე. ჯერ მძიმეა წარსულის ფუთა-
ბავშვის პერანგზე დაგავიწყდა ღილის დამცნევა.
გახსოვს დაისში რომ უთხარი შენს სულთამხუთავ
ანგელოზს სიტყვა, წარმავლობას რომ გამოსტაცე,
ჩურჩულებ სიტყვებს, საუბარში რომ გაიწაფოს
ბავშვი, ვარდების და ჩიტების თანამოდასე.
შეხედავ სოფელს, აღმართიანს და გულციცაბოს.
შემოდგომა კი ფერად-ფერადს მოაფენს გოგრებს.
ასე მგონია, მოხვალ ღმერთო, შეარყევ დუმილს.
თვალებს აგვიხელ სინათლეში, ამ ბავშვებს მოკრებ
და შენი ბაგე ისევ იტყვის: „ტალითა კუმი“.
სიბნელე

მითხრეს: ცხოვრება არის დღესავით,
მე კი არა მაქვს შნო და გერგილი,
რომ ვარ უგრძნობი დიდი კლდესავით,
ანდა ცივი ვარ აისბერგივით.

ეშმა ამ სოფლის მამასახლისი
ჩემზე სხვა ათას რამეს მოროშავს,
გულზე გადივლის მისი სახნისი-
ამოჰყრის ვარდებს, აფრთხობს ბოლოშავს.

ისმის ჩურჩული: ამოიბაგე,
კვლავ შეერიე დაისს, სიბინდეს,
კოცნისთვის ჰპოვე წყვდიადის ბაგე,
ოქროსქოჩრიანს, გასცდი სიმინდებს.

მაღალი ხე ხარ, რომ ვერ დაგაპეს,
წადი, წყვდიადის კალთას ებნიე.
თუ ხედავ ვარდებს-ბავშვის საკაბეს,
წამიერია და უნებლიე.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
67