პოეზია
ნიკა გეი
I
ღამის ფრინველები ან მარწყვის მდელო ამოზნექილი კადრიდან
რომელსაც ასე ხშირად ვაბრუნებ
მე ვშორდები ჩემს თავს სადღაც გატეხილი თავთავების კარნავალზე
ჩემი ნიღაბი ნიღბის არქონაა
წარმოვიდგენ მკვდარი ბაყაყების გუნდს რომლებიც სამოთხეში მღერიან
სამოთხე პრიალა ზედაპირია სარკეების ჩრდილების რომლებიც ბაღებს იპარავენ
მე ვიმალები ამ ბაღის გულში გოლიათმა რომ შეჭამა
რომელშიც წყალი წყალს ედება ცაკიბედ
ყველაფერი წყალია ამბობს ის და აქრობს ხმელეთის ცნებას
სად მიდიან თევზები სიკვდილის შემდეგ
მათი ოქროსფერი დაცემა
ხელი რომელიც იჭერს ქარს შეკრულ მუშტში ათასი ყვავილის მდელოდ
ხელმა აავსო ოკეანე პეტროგლიფებით ფსკერზე
წარუშლელი კვალი ენის რომელიც ზღვის ენაა
რომელი დამარხული განძიც ხარ შენ სებეკ
შენს პირში შემოფრენილ ტბის ჩიტად ვიქეცი
მელაპარაკე ამ ნაპირებზე ყვითელი დინების მინერალებში
მელაპარაკე ოქროველებში ჩაწოლილ იდუმალ ცხოველებზე
რომლებიც ტბის გულს შეუერთდნენ
რომლებმაც გაიძრეს ჩლიქები და ბასრი კბილები ყვავილის ყელში ჩააგდეს
ღამე დიდხანს იბადებოდა ამ კბილნათესიდან
ამ მაგიური შენადენიდან რომელიც მიწვდა დაკეტილ კარს ჩემს შიგნით
რა არის ის რაც შენ მომეცი რაც შენგან იყო და შენ არ იყავი
ეს ჰგავდა მწარე ბალახის ჭამას მთვარის ქალის წინ
სადაც მონუმენტივით აღვიმართე და იმავ წამს დავეცი
II
ოთახი სიჩუმის ყუმბარას ისვრის
ოთახი კანიონი სიცარიელის შენი დახუჭული საშოდან
უსინათლო აზრების ურნა
შეგეხო ნიშნავს შევიდე შენს ტყავში როგორც ცივ აბაზანაში
ყინულის გრანულებით ეცემი ჩემს ფეხის წვერზე
მოცურავე მინა არეკლილი ფრითვუდის მოხეტიალე აჩრდილებით
წარმოვიდგენ როგორ შემოდიან მოცეკვავე ტყეები ჩემს ფანჯარაში
ოთახში რომელიც დედაა
რომლის მიღმაც ბავშვი იმალება ურჩხულით ხელში
სიკვდილს დაატარებ უქმნელ ნათელში
ოთახი გტოვებს მიდის შენი ყოველდღიური ჭაობის ფერიებისგან
ვინც გვის ამ ჭუჭყებს შენი სახის კუთხეებიდან
მრგვალი ფოსოებიდან სიღრმეში კატა რომ ჩამძვრალა
შენი სახე მათ თავშესაფარს ჰგავს
სადაც კნავილი გაგდის ნესტოებიდან პირნახვრეტამდე
დაწექი იატაკზე რომელიც არ არსებობს
მისი ზედაპირი ჩიტის მუცელში ჩაგდებული ნავივით ირწევა
თეთრი ხმა მოადგა კარს თეთრი ქარი ჩემს ყურთან სადგომს ეძიებს
ელფის ნაქარგი ბასრი ენით
ასევე იხილეთ
