ჯიორჯიო კოლი – ფილოსოფიის დაბადება

თარგმნა გიგლა გონაშვილმა

I. სიშლეგე სიბრძნის წყაროა

ბერძნული ფილოსოფიისა და, მაშასადამე, მთლიანად დასავლური აზროვნების საწყისები იდუმალებითაა მოცული. სწავლულთა აზრით, ფილოსოფია იბადება თალესთან და ანაქსიმანდრესთან: მეთვრამეტე საუკუნეში, გამოიკვლიეს მისი უფრო შორეული საწყისები და აღმოაჩინეს ის კავშირი, რომელიც მას ეგვიპტურ და ინდურ აზროვნებასთან თითქოსდა გააჩნდა. ამ მხრივ, საბოლოოდ, ვერაფერი დამოწმდა და ანალოგიებსა და პარალელებს დასჯერდნენ. სინამდვილეში, ბერძნული ფილოსოფიის საწყისის ეპოქა ბევრად უფრო ახლოსაა ჩვენთან. პლატონიფილოსოფიასუწოდებს სიბრძნის სიყვარულს, საკუთარ კვლევაძიებასა და განმანათლებლობით საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია წერილობით გამოხატვასთან, დიალოგის ლიტერატურულ ფორმასთან. და პლატონი მოწიწებით იყურება წარსულისკენ, იმ სამყაროსკენ, სადაც ნამდვილად იყვნენბრძენები“. ხოლო შემდგომი ფილოსოფია, ჩვენი ფილოსოფია, სხვა არაფერია, თუ არა გაგრძელება, განვითარება ლიტერატურული ფორმისა, რომელსაც პლატონმა დაუდო სათავე; მეორე მხრივ, ეს უკანასკნელი ამოიზრდება როგორც დეკადენტურობის ფენომენი, რამდენადაცსიბრძნის სიყვარული“ „სიბრძნეზედაბლა დგას. მართლაც, პლატონისთვის, სიბრძნის სიყვარული ნიშნავდა არა ლტოლვას იმისკენ, რაც არასოდეს მიღწეულა, არამედ მცდელობას, რომ აღდგენილიყო ის, რაც უკვე იყო განხორციელებული და ნაცხოვრები.

მაშასადამე, სიბრძნესა და ფილოსოფიას შორის არ არსებობს უწყვეტი, ერთგვაროვანი განვითარება. ის, რაც ამ უკანასკნელს წარმოშობას, არის გამომხატველობითი გარდაქმნა, ახალი ლიტერატურული ფორმის ჩარევა ფილტრი, რომლის გავლითაც დგება შემეცნება იმისა, რაც მას წინ უსწრებს. სიბრძნის ტრადიცია, მეტწილად ზეპირი, უკვე ბუნდოვანი და ხრიოკი, რაკი დროში ჩაძირულიყო, უკვე მქრქალი და მინავლებული თავად პლატონისთვის, ჩვენს წინ წარმოდგება ნაყალბევი სახით ფილოსოფიურ ლიტერატურაში გამოჩენით. მეორე მხრივ, ცხადი არაა სიბრძნის ამ ეპოქის დროითი განფენილობა: იგი მოიცავს ეპოქას, რომელსაც სოკრატემდელს უწოდებენ, ანუ ქრისტეს შობამდე მეექვსე და მეხუთე საუკუნეებს, მაგრამ გვისხლტება უფრო შორეული საწყისი. საჭიროა, თვალი შევავლოთ პოეზიისა და რელიგიის უფრო შორეულ ტრადიციას, თუმცა იმას ვერ წავუვალთ, რომ ფაქტების ინტერპრეტაცია მხოლოდ ფილოსოფიური იქნება. უნდა წარმოვიდგინოთ, თუნდაც მხოლოდ ჰიპოთეტურად, იმ ტიპის ინტერპრეტაცია, რომელიც ნიცშემ ტრაგედიის დასაბამის ასახსნელად შემოგვთავაზა. როდესაც ფენომენი საკმარის ისტორიულ დოკუმენტაციას მხოლოდ თავის საბოლოო ფაზაში გვთავაზობს, ისღა დაგვრჩენია, ინტერპოლაციას მივმართოთ; მხედველობაში მივიღოთ გარკვეული სახეხატებისა და ცნებების მთლიანობა, რომელთაც რელიგია იყენებს და რომლებიც სიმბოლოებად მიიჩნევა. როგორც ცნობილია, ნიცშე ამოდის ორი ბერძნული ღმერთის, აპოლონისა და დიონისოს ხატებებიდან, და დიონისურისა და აპოლონურის ცნებების ესთეტიკური და მეტაფიზიკური გაღრმავებით, მოხაზავს, უპირველეს ყოვლისა, მოძღვრებას ბერძნული ტრაგედიის დაბადებისა და დაღმასვლის თაობაზე, ხოლო შემდეგ, ინტერპრეტაციას მთლიანად ბერძნობის შესახებ და, ბოლოს, სამყაროს ახალ ხედვას. ნიცშეს კვალად, იკვეთება, რომ ჩვენთვისაც იგივე პერსპექტივა იხსნება, როდესაც, ტრაგედიის დაბადების ნაცვლად, სიბრძნის დაბადებას განვიხილავთ.

აქაც იგივე ღმერთებს ვხვდებით, აპოლონსა და დიონისოს, როდესაც ბერძნული სიბრძნის გზებს უკან მივუყვებით. თუმცა, ამ სფეროში ნიცშესეული დახასიათება უნდა შევასწოროთ; მეტიც, უპირატობა უნდა მივანიჭოთ აპოლონს და არა დიონისოს. სინამდვილეში, სიბრძნის ოსტატობა უნდა მიეწეროს უფრო დელფოს ღმერთს, ვიდრე რომელიმე სხვას. დელფოში წარმოჩინდება ბერძნების მოწოდება შემეცნებისადმი: ბრძენი არაა ის, ვინც გამოცდილებითაა მდიდარი, გამოირჩევა ტექნიკური შემძლეობით, ხელმარჯვეობით, ფანდებით როგორც ჰომეროსის ეპოქაში. ოდისევსი არ არის ბრძენი. ბრძენი ისაა, ვინც ბნელში სინათლის სხივს ტყორცნის, კვანძებს ხსნის, უცნობს წარმოაჩენს, ბუნდოვანს მკაფიოდ აქცევს. ამ არქაული ცივილიზაციისთვის, ადამიანისა და სამყაროს მომავლის შეცნობა სიბრძნის საქმეა. აპოლონი განასახიერებს (simboleggia) ამ გამსჭვალავ თვალს; მისი კულტი სიბრძნის ზეიმობაა. მაგრამ მოცემულობა, რომ დელფო გამაერთიანებელ სახეხატს წარმოადგენს, რომელიც თავად საბერძნეთს კუმშავს, მიანიშნებს რაღაც მეტზე, კერძოდ, იმაზე, რომ შემეცნება ბერძნებისთვის ცხოვრების უმაღლესი ღირებულება იყო. სხვა ხალხებიც იცნობდნენ და განადიდებდნენ განჭვრეტას (divinazione), მაგრამ არავის დაუყენებია ის გადამწყვეტი სიმბოლოს სიმაღლეზე, რომლის მეშვეობითაც, სიძლიერე, თავის უმაღლეს საფეხურზე, შემეცნებაში ვლინდება, როგორც ეს სწორედ ბერძნებს მიაჩნდათ. ელინურ ტერიტორიებზე, ყველგან იყო თაყვანისცემის ადგილები (santuari), რომლებიც განჭვრეტას ემსახურებოდა; ეს დარჩა გადამწყვეტ ელემენტად ბერძნების საჯარო ცხოვრებასა და პოლიტიკაში. ის, რაც ბერძნებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია, არის განჭვრეტასთან დაკავშირებული თეორიული ასპექტი. განჭვრეტა გულისხმობს მომავლის შეცნობას და ამგვარი შეცნობის წარმოჩინებას, გადმოცემას (communicazione). ეს ხდება ღმერთის სიტყვის მეშვეობით, ორაკულის გავლით. სიტყვაში, ღმერთის სიბრძნე წარმოუჩინდება ადამიანს და ფორმა, მიმდევრობა და დაკავშირებულობა, რომლებშიც მჟღავნდება სიტყვები, აჩვენებს, რომ აქ საქმე გვაქვს არა ადამიანურ, არამედ ღვთაებრივ სიტყვებთან. აქედან მოდის ორაკულის გარეგნული ხასიათი: ბუნდოვნება, სიბნელე, რთულად გასაშიფრი მინიშნება, გაურკვევლობა.

მაშ, ღმერთი იცნობს მომავალს, უჩვენებს მას ადამიანს, მაგრამ თითქოს არ სურს, რომ ადამიანმა გაიგოს ის. აპოლონის სახეხატში არის არაკეთილმოსურნეობის, სისასტიკის ელემენტი, რომელიც აირეკლება სიბრძნის გადმოცემისას. ჰერაკლიტე, ბრძენი, ხომ ამბობს: „ბატონი, ვისიცაა დელფოს ორაკული, არც ამბობს და არც მალავს, არამედ მიანიშნებს.“ ეს გადაკვეთები აჩვენს, რომ ის მნიშვნელობა, რომელსაც ნიცშე აპოლონს მიაწერს, ნაკლულია. ნიცშეს გვეუბნება, შოპენჰაუერისეული ცნების [სამყაროს როგორც] წარმოდგენის (rappresentazione) კვალად, რომ აპოლონი ჩენადი სამყაროს სიმბოლოა. ეს ჩენა ლამაზია და ამავდროულად მოჩვენებითი (illusoria), რაკი აპოლონის შემოქმედება არსებითად ხელოვნების სამყაროა, გაგებული როგორც თუნდაც მოჩვენებითი გათავისუფლება შემზარავი დიონისური ცოდნიდან, სამყაროული ტკივილის ჭვრეტიდან. ნიცშეს ამ პერსპექტივას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ვუყურებთ როგორც საკვანძო ინტერპრეტაციას საბერძნეთის გაგებისთვის შეგვიძლია დავუპირისპიროთ ის, რომ აპოლონისა და დიონისოს შეპირისპირება, როგორც ხელოვნებისა და შემეცნებისა, არ შეესაბამება მრავალ, მნიშვნელოვან ისტორიულ საბუთს, რომლებიც ამ ორ ღმერთს ეხება. ჩვენ ვთქვით, რომ ბევრად უფრო ბუნებრივია, შემეცნებისა და სიბრძნის სფეროები აპოლონს დავუკავშიროთ, ვიდრე დიონისოს. ამ უკანასკნელზე, როგორც შემეცნებისა და ჭეშმარიტების ღმერთზე საუბარი, რომლებიც გაიგება ვიწროდ როგორც რადიკალური შფოთვის ჭვრეტა, გულისხმობს საბერძნეთში შოპენჰაუერის არსებობას, რაც გამორიცხულია. დიონისო დაკავშირებულია შემეცნებას მეტადრე როგორც ელევსინური ღვთაება: მართლაც, ელევსინურ მისტერიებში ინიციაცია კულმინირდება ეპოპტეაში[1], ნეტარყოფისა და განწმენდის მისტიურ ხილვაში, რომელსაც, გარკვეული საზრისით, შეიძლება ეწოდოს შემეცნება. თუმცა, მისტერიული ექსტაზი, რომელიც მიიღწევა ინდივიდუაციის პირობების სრული ჩამოშორებით, რამდენადაც მასში შემმეცნებელი სუბიექტი თავს არ განარჩევს შემეცნებული ობიექტიდან, უნდა მიჩნეულ იქნას შემეცნების წინაპირობად და არა თავად შემეცნებად. ამის საპირისპიროდ, შემეცნება და სიბრძნე ვლინდება სიტყვის გავლით და დელფოა ის ადგილი, სადაც წარმოითქმება ღვთაებრივი სიტყვა. ნამდვილად, აპოლონია ის, ვინც ქურუმი ქალის პირით ლაპარაკოს, და არა დიონისო.

ნიცშე მოხაზავს აპოლონურის ცნებას: ის თვლის, რომ აპოლონი ხელოვნების ბატონია (signore), ნათლით მოსილი, მზიური ბრწყინვალების ღმერთი ეს ასპექტები ავთენტური, თუმცა ამავდროულად ნაწილობრივი და ცალხაზოვანია. ღმერთის სხვა ასპექტები გვთავაზობენ უფრო ფართო საზრისს და მას სიბრძნის სფეროს უკავშირებენ. მასში არის რაღაც შემზარავი და მძვინვარე. თავად ეტიმოლოგია აპოლონისა, ბერძნების მიხედვით, მიანიშნებს მასზე, „ვინც სრულად ანადგურებს“. ღმერთის ეს ფიგურა წარმოგვიდგება ილიადას დასაწყისში, სადაც მის ისრებს სნეულება და სიკვდილი მოაქვთ აქაველთა ბანაკისთვის. ეს არის არა მყისიერი, პირდაპირი სიკვდილი, არამედ გაშუალებული, სნეულებით მოტანილი. ღმერთის ატრიბუტი, მშვილდი, რომელიც აზიური იარაღია, მიგვანიშნებს არაპირდაპირ, გაშუალებულ, დაყოვნებულ ქმედებაზე. აქ ვხვდებით სისასტიკის ასპექტს, რომელიც მინიშნებულია ორაკულისეულ ბუნდოვნებაში: განადგურება, დაყოვნებული ძალადობა დამახასიათებელია აპოლონისთვის. მართლაც, აპოლონის ეპითეტებს შორის ვხვდებით: „ის, ვინც შორიდან ახვედრებსდაის, ვინც შორიდან მოქმედებს“. ღმერთის ამ მახასიათებლებს შორიდან მოქმედება, განადგურება, შემზარაობა, სისასტიკე და სიბრძნეს შორის კავშირი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი. თუმცა, აპოლონის სიტყვა არის გამოხატვა, რომელშიც წარმოჩინდება ცოდნა: იმის მიხედვით, თუ როგორ ერწყმის პირვანდელ საბერძნეთში განჭვრეტის სიტყვები მსჯელობას (discorsi), როგორ ყალიბდება ისინი საუბრებში და იხვეწება გონების აბსტრაქციებში, შესაძლებელი ხდება აპოლონის ფიგურის ამ ასპექტების გაგება როგორც სიმბოლოების, რომლებიც ნათელს ფენს მთლიანად სიბრძნის ფენომენს.

ნიცშესეული ინტერპრეტაციის კიდევ ერთი სუსტი ელემენტი ისაა, რომ ის აპოლონურ და დიონისურ იმპულსებს ანტითეტურად წარმოსახავს. ბოლო დროინდელმა კვლევებმა ბერძნულ რელიგიაზე აჩვენა აპოლონის კულტის აზიური და ნორდიკული ფესვები. აქ უკვე ვხედავთ ახლებურ კავშირს აპოლონსა და სიბრძნეს შორის. არისტოტელეს ერთი ფრაგმენტი გვამცნობს, რომ პითაგაორა ანუ ბრძენი ჰიპერბორეელ აპოლონად იწოდებოდა კროტონელების მიერ. ბერძნებისთვის, ჰიპერბორეელები უკიდურესი ჩრდილოეთის მითიური ხალხი იყვნენ. როგორც ჩანს, სწორედ აქედან მოდის აპოლონის მისტიკური, ექსტატური ხასიათი, რომელიც პითიასეულ ექსტაზში დელფოს ორაკულის გონებამიხდილ სიტყვებში ვლინდება. შენიშნულია, რომ ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთის ვაკეებზე დიდი ხნის მანძილზე არსებობდა შამანიზმი, ექსტაზის თავისებური ტექნიკა. შამანები აღწევენ მისტიკურ ეგზალტაციას, მდგომარეობას, რომლის დროსაც მათ შეუძლიათ განახორციელონ სასწაულებრივი განკურნებები, დაინახონ მომავალი და იწინასწარმეტყველონ.

ამგვარია აპოლონის დელფური კულტის ძირი. ამასთან დაკავშირებით, მეტყველია ერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი პასაჟი პლატონთან: მსჯელობამანიის“, სიშლეგის შესახებ, რომელსაც სოკრატე ავითარებს ფედროსში. იგი უმალ უპირისპირებს ზომიერებასა და თავის კონტროლს სიშლეგეს და, რაც თანამედროვე ადამიანებისთვის პარადოქსული განვითარებაა, განადიდებს ამ უკანასკნელს როგორც უფრო აღმატებულსა და ღვთაებრივს. ტექსტი ამბობს: „ყველაზე დიდი სიკეთეები ჩვენამდე სიშლეგის მეშვეობით მოდის, რომელიც მიჩნეულია ღვთაებრივ ნიჭადდელფოს წინასწარმეტყველმა და დოდონას ქურუმმა ქალებმა, მაშინ, როცა სიშლეგით იყვნენ მოცული, ბევრი კარგი რამ მოუტანეს საბერძნეთს, როგორც ცალკეულებს, ისე ჯგუფებს.“ მაშასადამე, აპოლონსა დამანიასშორის კავშირი თავიდანვე ცხადია. აქვე, ერთმანეთისგან გამოიყოფა ოთხი სახის სიშლეგე: წინასწარმეტყველური, მისტიური, პოეტური და ეროტიული, რომელთაგან ბოლო ორი პირველი ორის სახეცვლილებაა. წინასწარმეტყველური და მისტიური სიშლეგე შთაგონებულია აპოლონის ან დიონისოს მიერ (თუმცა კი, ეს უკანასკნელი არაა სახელდებული პლატონის მიერ). ფედროსში, წინ არის დაყენებული წინასწარმეტყველურიმანია“, იმდენად, რომ პლატონი აღნიშნავს მის ღვთაებრივ და საკვანძო ბუნებას როგორც დელფოს კულტის საფუძველს. პლატონი თავის მსჯელობას ეტიმოლოგიით ამყარებს: „მანტიკაანუ განჭვრეტის ხელოვნებამანიიდანმოდის და მისი ყველაზე ავთენტური გამოხატულებაა. ამრიგად, ნიცშეს პერსპექტივა არა მხოლოდ უნდა შევავსოთ, არამედ შევასწოროთ კიდეც. აპოლონი არის არა ზომიერებისა და ჰარმონიის, არამედ ეგზალტაციისა და სიშლეგის ღმერთი. ნიცშე მიიჩნევს, რომ სიშლეგე მხოლოდ დიონისოს უკავშირდება და, უფრო მეტიც, მას თრობით შემოსაზღვრავს. ამის საპირისპიროდ, ისეთი წონიანი მოწმე, როგორიც პლატონია, მიგვანიშნებს, რომ აპოლონი და დიონისო საფუძვლისეულად არიან ახლოს, სწორედმანიისნიადაგზე: დაწყვილებულები, ისინი სრულად ამოწურავენ სიშლეგის სფეროს, და არსებობს საკმარისი საფუძველი ჰიპოთეზის გამოთქმისთვის, რომ, თუ მივაწერთ აპოლონს სიტყვასა და შემეცნებას, ხოლო დიონისოს სიცოცხლის უშუალობას, პოეტური სიშლეგე პირველის შემოქმედებაა, ხოლო ეროტიული მეორის.

უნდა დავასკვნათ, რომ მაშინ, როცა სიბრძნის საწყისების კვლევას ძველ საბერძნეთში დელფოს ორაკულამდე, ღმერთი აპოლონის კომპლექსურ საზრისამდე მივყავართ, „მანიაწარმოგვიდგება როგორც რაღაც კიდევ უფრო საწყისისეული, როგორც განჭვრეტის ფენომენის ძირი. სიშლეგე სიბრძნის მატრიცაა.

[1] ელევსინურ მისტერიებში ინიციაციის მესამე და უმაღლესი საფეხური (მთარგმნ. შენიშვნა)
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
173