გი

პოეზია

გიორგი ბუნდოვანი

პოეტი, არტისტი,  პერфორმერი –

/მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია/

 

გიორგი ბუნდოვანი 90-იანელების სახელით მონათლული, თბილისური სალიტერატურო და არტ თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელიც 2022 წელსაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისევ ანდერგრაუნდში რჩება და თავის – ნონკონфორმისტი, ბუნტარი პოეტისა და ხელოვანის სტატუსს უღალატოდ ერთგულებს.

გიორგი ბუნდოვანი  გახლავთ დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის – ტერენტი გრანელის სულიერი მემკვიდრე, 1980-იან, 90-იან წლებში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, მისი ყოფილი საფლავის მცველი და შემდგომში გადამრჩენელი… მისი ბიოგრაფიის ამ (გრანელისეულ) და სხვა სალიტერატურო თუ არტ ეტაპებს, კარგად იცნობდა და იცნობს  წინა თუ ახალი თაობის ქართული საზოგადოება და მასზე უხვადაა ინფორმაციები ინტერნეტ სივრცეში…

გიორგი ბუნდოვანი არის უკვე 7 პოეტური კრებულის თანაავტორი და ავტორი.

თავის ბავშვობის მეგობართან, ლიტერატურულ და არტ-თანამებრძოლთან, აწ გარდაცვლილ, ცნობილ  პოეტსა და არტისტთან, ზურაბ რთველიაშვილთან ერთად, გიორგის არაერთი, აწ უკვე  ქართული ხელოვნების  და ლიტერატურის ისტორიად ქცეული პროექტი განუხორციელებია… ესენია, 1990 წელს მათ მიერ დაფუძნებული —„ქართველ პოეტთა ორდენი-ქრონოფაგები“. გიორგი ამ ორდენის მაგისტრის მოადგილე გახლდათ; „ალტერნატიული კულტურის ლაბორატორია“, ასევე 1993 წელს დაფუძნებული–„ანომალიური პოეზიის“ პოეტური საძმო,  უკვე ცნობილ მწერალ–შოთა იათაშვილთან ერთობაში,   და სხვა… ასევე გიორგი ბუნდოვანი, სხვა ცნობილ ქართველ პოეტებთან და არტისტებთან ერთადაც (ბადრი გუგუშვილი, კარლო კაჭარავა, შალვა ფანცულაია, დავით ჩიხლაძე, დავით ბარბაქაძე, გურამ წიბახაშვილი, მალხაზ კობერიძე-„მემენტო მორი“, ოლეგ ტიმჩენკო, ვალერი ხაჩიძე-„მონოპლანი“, რობი კუხიანიძე, ქუთაისური არტ-ჯგუფი-„მესამე კლასის ვაგონი“, მიხეილ გისტი და სხვები…) მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა და დგამდა არაერთ გახმაურებულ სალიტერატურო ღონისძიება-პრეზენტაციებს, მუსიკალურ არტ-პროექტებსა თუ პერфორმანსებს…

90-იან წლებში, გიორგი ბუნდოვანი  გახლდათ პოეტის, ლიტ-კრიტიკოსისა  და პერфორმერის, დავით ჩიხლაძის – „მარგო კორაბლიოვას სახელობის პერ ф ორმანსის თეატრის“ აქტიური წევრი და აღმასრულებელი დირექტორიც…

შემდგომში, როდესაც გიორგი ბუნდოვანის და მისი ახლო კოლეგების სამოღვაწეო გზები, სხვადასხვა მიზეზების და გამო, გაიყო, მან (2006-2012 წწ-ში) დამოუკიდებლად შექმნა და ცალკე ჩამოაყალიბა საკმაოდ მარგინალური და წმინდა ანდერგრაუნდის ტრადიციებზე დაფუძნებული  – მულტიმედია არტ-ჯგუფი–„STIGMAT“-ი, რომელიც  ძირითადად შედგებოდა პოეტებისა და არტისტებისაგან და მათთან ერთად გადაიღო 65 მდე მინი არტ-ფილმი (დაბალი რეზოლუციის კინო-პოეზია/Film-poetry/), ასევე, თბილისის სხვადასხვა კულტურულ-სივრცეებში დადგა რამოდენიმე პერФორმანსი და მიიღო მონაწილეობა 6 საერთაშორისო არტ-გამოფენაში, მათივე კატალოგებში მოხვედრით…

2012 წლიდან -2021 წლის ჩათვლით, გიორგი ბუნდოვანმა ფაქტიურად მთლიანად აიღო ხელი სალიტერატურო და არტ მოღვაწეობაზე, (1996 წლიდან, მისი, ტიბეტური კლასიკური ბუდიზმით 16 წლიანი, ძალიან  აქტიური გატაცების დასრულების შემდეგ, 2012 წელს იგი გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანი და წავიდა ეკლესიაში, მორჩილად…), მისი მიზანი იყო მღვდლობა, რაც, მისდა სამწუხაროდ ვერ რეალიზდა, და 2021 წელს, პანდემიის პირველ ნახევარში,  მან გაიხადა სამორჩილე კაბა, აგრეთვე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო წამოვიდა ეკლესიიდან, (სადაც თითქმის 9 წელი იმსახურა)  და დაუბრუნდა საერო ცხოვრებას…

თუმცაღა, გ. ბუნდოვანს მთლიანად არ მიუტოვებია ლექსების წერა. იგი,  ზემო-ხსენებულ პერიოდში, ძირითადად ქმნიდა ქრისტიანული ტრადიციის პოეზიას და ზუსტადაც მორჩილობის წლებში, ფსევდონიმით–მორჩილი გიორგი,  გამოსცა თავისი, რიგით მე-6 პოეტური კრებული–„სადაა სისხლი ბროლისფერ თოვლის…“, (გამომცემლობა-„ივერიონი“), რომლის პრეზენტაცია-წარდგინება, იმავე 2018 წელს,  შედგა მწერალთა სახლში.

გიორგი ბუნდოვანი გახლავთ მეტად მაძიებელი სულის პიროვნება, და ეს მაძიებლობა მთელ მის ცხოვრებას გასდევს ძირითად ლეიტმოტივად, როგორც სულიერ, ისე სახელოვნებო სფეროებში…

ესტაკადები

ტროტუარებზე ვერ დავწერე მემუარები,

ვეღარ ავკინძე თაბახებად ესტაკადები,

ცვივა ზემოდან სეტყვასავით სიტყვის „გრადები“,

ქვემორე შრება მდინარეთა შენაკადები.

 

და იწვის, იწვის ცივი ცეცხლით ნიამორები,

ტყეები ბღავის განწირულად, როგორც ვენდეტა,

ქვები დავწურე! აღარ დარჩა ლოდიც – კერკეტი,

მიწა გაშავდა, ნაცრით ვკაწრე მასზე სტროფები.

 

ხიდები გრძელი, მოსიპული ავტობანებით,

ხიდებზე უხვად დახვრეტილი ამორძალები…

გელიოტინებით დაკონკილი სეგრეგაცია,

კნინი სულების რასობრივი ამპუტაცია.

 

ტროტუარებზე არ შემითხზავს მემუარები,

ვერ გადავფურცლე მიყოლებით ესტაკადები,

მაღლიდან ისმის უსასრულო კანონადები,

სხეულში დაშრა  ტრომბოზული  შენაკადები…

ხიზანი

ამნეზიური, ლეთარგიული, ანემიური ძილი მწადია –

ვერ დავინახო, ვერც გავიგონო, უიმედობა თუ რა მზარდია.

 

დადის ქუჩებში ლანდად შთენილი, სუსტი აჩრდილი, ეულ-დევნილი –

კედლებს აწყდება, ზედვე ალღვება, ილევ-თავდება თმააწეწილი.

 

ქარებს ეძლევა, როგორც როსკიპი, ვერაგ განცდათა დივიზიონი,

არც დასაყრდნობი, არც დასათმობი, გოჯი არ შემრჩა, მიწის მირონი.

 

აწყვდიადდება, ამტვრიანდება მკვლელი ფიქრების ესკადრილია,

ის შეასკდება, ის შეაკვდება თუჯის დარაბებს, რაც გახსნილია.

 

აკაციების აყვავილება დაათოვს ქალაქს გვამურ სიცივით

და ათასფერი სირინოზების აუტანელი წიოკ-ჟივჟივით.

 

მოსრავს, მოაშთობს აღუშფოთველად, ღმერთი დიადი, სნეულ პლანეტას,

ის გადმოგვიყრის, ფერხთით დაგვიწყობს, იუდასეულ ვერცხლის მონეტებს.

 

ცაში იფეთქებს, გადიგრუხუნებს, სისხლით ნაჟღენთი ქვემეხ-ვაზნები,

გამოვიკვლიე, გამოვიცანი, სად გადასახლდნენ დინოზავრები.

 

წამზომი ითვლის აუჩქარებლად, გადაბერებულ, დუნე საათებს,

მქრალი თვალები, ჩამოცვენილი, ქუჩების ხრიოკს გადაანათებს.

 

ბედის ამარა ცეცხლად ვარვარებს ალმოდებული ჩემი მიზანი,

და უადგილოდ და უწარსულოდ, ამ მყოობადში ვხდები ხიზანი.

 

კონტრაცეფცია

ვგულისხმობ იმას, რომ არასდროს გინდოდა შვილი,

ღაწვებს იგლეჯდი, იპუტავდი თმებსაც გიჟივით;

ჩვენ ვერ ვიყავით სანიმუშოდ ნათელი წყვილი

(მკერდზე მეკერა ბავშვის სახე, ისე, ღილივით…)

 

ვგულისხმობ კიდევ შენს ხასიათს, ეგოში ჩამხრჩვალს,

მაგ თლილ სხეულზე ოცდაათი ტატუ გეხატა;

ხშირად იწყებდი ვნებიანად, შეშლილი კანკალს,

და მსურდა, სახე შენი – ჩემზე გადამეხატა;

 

მოგქონდა ქუჩა, პროსპექტიც კი, ნაბიჯით ზანტით,

ვგულისხმობ, როცა, კატასავით იკლაკნებოდი…

არ წაგიკითხავს არც ფროიდი, არც თუნდაც კანტი,

თუმცა ნაკითხი, მთელ დუნიას, ეჩვენებოდი!..

 

ხან ევრიდიკეს მიგიგავდა სახე და ტორსი,

მე კი ორფეოსს ვერ ვადარე ჩემი არსება!..

მიმოექარგე ხსოვნის ფარდებს ურჩი და ნორჩი,

დრონი გაიქცნენ, დღესაც მიჭირს შენი გაგება…

 

წლების მანძილზე ჩაგიტარე ასი ლექცია,

ფსიქოლოგებთან დაგათრევდი დაუღალველად…

არ გადააგდე, შენ, არაფრით, კონტრაცეფცია,

ვერ დაგითანხმე ვერარა გზით, შვილთასასხმელად…

 

დღეს უკვე არ ხარ! ხარ აჩრდილი, ოდენ, წარსულის…

შენთან ცხოვრება მახსენდება, როგორც მაфია!

„ვერც მეჯერება, თუ ოდესმე იყავ ქალწული…“ –

ეს წაგაწერე სამარეზე ეპიტაфიად…

ძახილი მოწყვლადი

მიჩვენე სახე, ანარეკლი – ნიღბად ნალესი,

გამიღე კარი, გვირაბებში დავკარგე ვნება…

დავკარგე წყება, ვით უწყება უნეტარესი,

ვით სიქალწულე, დანატკეპნი დამეწყრილ გზებად!

 

მოვრბოდი ჩუმად, უნიათოდ, ნალეწი ძვლებში,

და ყველა ხმაში სამყაროთა, გამოვარჩიე –

ის, რაც ვარჩიე, ვამჯობინე და ავარჩიე!

ის, რაც დარჩება ოდენ მხოლოდ, ქვებსა და მტვერში!

 

ლამაზ სიტყვებში, ღიმილებში, ამბორში თუნდაც…

დაჰკრავს უროსებრ, სამჭედლოზე სიტყვა პირველი!

რისთვის ვაგროვე, ანდა  ვისთვის, ამდენი მსურდა?

აბსურდის პითონს თუ მივყავდი ბოლოს შიშველი?!

 

თან გამაყოლე ეგ ტრიუმфი საშინელ სევდის,

ზედ მომაყარე, რაც აქამდე მოისაკლისე…

აზრების ლავა იღვენთება გონების ბრძმედში,

ნეირონები – გარითმული, ცრემლად გაგლისე!

 

ამ ტვინში თრომბი, როგორც ბომბი, ანაზდად სკდება!

ამ პლაზმურ გულში ვერ ივანებს ზანტი სიმშვიდე!

ლოცვისებრ მწადის, რომ თითებზე დღეებს ვითვლიდე…

– არმაგედონი პოეტისთვის უეცრად დგება!…

 

მიჩვენე ზურგი, აზიდული, ხიდად ნაგები,

განმიღე მზერა, გვირაბებში გადაკარგული…

დავფანტე ხსოვნის „ბისერები“, გახდა წამგები –

წარსულის სუნთქვა! ქარიშხლებში კენტად დაგული…

 

ჰიპოტენუზა

სამკუთხა ოთახში სამ კატას დავეძებ,

სამ იატაკზე სამი ჭერია,

სამი კედელი ამათ შორისი –

სამჯერ გათვლილი გეომეტრია!

 

სამჯერ სამასი ლოცვა წარმოვთქვი,

ღმერთიც გასამდა! – ჩემი ჯერია!

ის რომანტიკა სკოლის სამოსნის

ნოსტალგიურად გაათასმაგდა!

 

სამი კატიდან ვერ ვაგნებ ვერცერთს,

ვერ ვიჭერ სიზმრებს სიზმრის საჭერით.

გასამმაგებულ გზაგასაყარზე

ვმყოფობ უძიროდ, როგორც კრატერი!

 

სამიათასი სამოსი მმოსავს,

სამი მანეთი არ მაქვს ჯიბეში…

3D фორმატში აღვიქვამ კოსმოსს,

თან სამაიას ვცეკვავ პიკეტში!

 

სამწახნაგოვან პროექციაში

სამკუთხედია თითქოს პლანეტაც,

პირამიდების მოისმის ხველა,

ოზონს მიარღვევს სამი რაკეტა.

 

დედამიწაზე ხოცვამდე ცხელა!

პინკოდი ჩემი სამჯერ გრძელია

და  სამში გრძელი დევს ანგარიშზე…

ვეღარ ვიძინებ, ფსიქოდელია-

ყურებს მიფეთქებს მეძავ ბალიშზე!

———————————————-

სამას მილიონს ვიღაც ჯეკპოტში

იგებს და ითვლის მაყუთს ჟანგიანს,

მე ვზივარ დღემდე  იმ სამკუთხედში.

 

ლექსებს ვღიღინებ, ისევ დარდიანს…

——————————————–

სამჯერ ავავსე ღვინით фუჟერი,

ინსულტი სამჯერ გადავიტანე…

ვდგავარ პირაღმა, არვის ვუჯერებ,

არც ამება ვარ, აღარც ტიტანი…

—————————————

მე პოეზიის მატრიცას ვეძებ,

გალაქტიკებში გამყავს გვირაბი…

გაქრა საწმისი და მხოლოდ ვერძის

შემომეფეთა სამი ნიღაბი!

 

ქაოსის ორთქლმა მჭლე  ჰორიზონტი

ბერმუდის ველში გაასამკეცა…

კაზუსთა წრედმა, როგორც რობოტი,

ჰოლოგრამაში ციფრად ჩამკეცა…

 

 

კულტურა კასტრატი!

გარეთ ყინვა და მრეში დარია,

კულტურა აორთქლდა! კულტურა მკვდარია!

 

სისხლია! სისხლია! ოღონდაც შავია!

კულტურა – фიქცია! კულტურის შლამია!

 

და პანაშვიდია! გლოვის სიმშვიდეა…

კულტურა მითია! კულტურის კიდეა!

 

გვამების აღლუმში მოჟონავს ქიმია;

კულტურის სამუმი რაოდენ მძიმეა!

 

გამქრალა აზარტი, ნიჭია ნაფლეთი…

კულტურა – კასტრატი! კულტურა – მაკეტი!

 

დარდია! სევდაა! ქვეყანა გვამია!

კულტურა ბნედაა! კულტურა შხამია!

 

კლანია! კალმები ურითმოდ ბღავიან!..

კულტურის ალმები გრიგალში გარბიან!

 

ილესავს ალმასებრ სინდისი კიდურებს,

კულტურა ამაზრზენ ფუნქციას იბრუნებს!

 

მახრჩობს და მაჟრჟოლებს ამ აწმყოს ნიშნები…

კულტურა იჩოქებს! კულტურავ, გვიკვდები!

 

ქარი კვლავ თარეშობს, ნასუსხი დარია…

კულტურა დაკოდეს! კულტურა მკვდარია!

 

 

ვიდეო-მასალა გიორგი ბუნდოვანის შემოქმედების შესახებ
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
191