პოეზია

ანი სირაძე

//
როგორც ჩანს არ უნდა ცოდნოდა
არცოდნა მტვერივით დევს საგნის სიღრმეში
როგორც ხელშეუხებელი საგანძური
სახელდება წარმოუთქმელის რაც თავისი არსით
ძლეულია და მხოლოდ ტყუილის უნებლიობა
აწვეთავს
მეზღვაურს რომელიც მარილს ეზიდება ზღვიდან
მან არ იცის სად წაიყოს ტკბილი წყალი
ამიერიდან ეს კარი მარადდაკარგულია თავის ძიებაში
ამბობს „აიღე ჭამე ღამის ხორცი რომელიც ვარ
და დალიე სისხლი რომელსაც ეს-ესაა დავღვრი იატაკზე“
რაღაც სიტყვა და ის შეფუთულია
როგორც კერამიკის ანგელოზი თავის საზღვრულ
სუბტანციაში
ძალიან სათუთს მინაწილებს
მე აღვმართავ ხელს ჩემს ტანზე
ის ეშვება ნელა რბილად უპირობოდ ცენტრისკენ
დაძრული
იქ საიდანაც მთლიანობა იღება
რამდენიმე მკვდარი წერტილი ნულოვანი
ის მაძლევს თავის თვალებს
და ვიყურები ამ ორი მწვანე კაფსულიდან
როგორ ათოვთ ტოტებს გზაზე
როგორ იერთებს ერთი მხარი მეორეს
ხე ჭამს გადამფრენ ჩიტებს და მათ
ახალ კანში წერილებად გადაამუშავებს
მაძლევს თავის ორ პატარა ყურს და მესმის
კოსმოსში ყველაფერი გულიდან ცვივა
თავიდან ძველისძველ სიმღერას იჩემებს
ხელი გზის ნამგალია
რასაც იმოწმებს მათი ბოლო გაჩერება
რის დასაწყისს
მე მხოლოდ თვალებით ვისმენ
მაგრამ ყურებს ..
ის მეუბნება „მე გაძლევ ჩემს ფეხებს
ისინი არსად წაგიყვანენ
და ამით ყველგან წასვლას გპირდებიან“
ვგრძნობ რომ მის ხელს ჩემში უკვე აევსო
ადგილი
ჩემო ბავშვო
რაღაც კარნავალი მოადგა ქალაქს –
ეს ალბათ შენ ხარ
ბრჭყვიალა ოქროს ფარით ხელში
თვალები დიდი შუშის და
რასაც მაჩვენებ
მაცნე
მრგვალი მოედანი ბაღი შუაში ქვის ნათალი
სვეტი რაიმე ჩრდილის
ჩემი სიხარული ამ სვეტად მდგარი დახუჭულ
მონეტებზე
და ღია ენა რომელიც მაგდებს სხეულიდან
შენს საყვარელ ლურჯში
ქუთუთოებს ზევით უმძიმესი ქვები წვანან
თხელი კანი თმის მყარი ბურძგლი და სველი
სველი ყვავილი ქვემოთ თითქმის ძირს
დაგდებული
ყველაფერი ერთს მელაპარაკება –
ის გამტარი კლდეა ჩემი სიტყვების
მკვდარი ვარსკვლავებით სავსე ჭა
;;
რა არის აქ და რა არის იქ?
ეს თვლემის ფრუტუნია, რომელსაც ეტლში
შებმული ჯუჯა გამოსცემს;
კითხვებს ტოვებს და მათ თვითონვე გასცემს.
რატომ ეს მარილვარდი აქ ან
ვისი ბაღიდან მოწვეთავს ცრემლი?
შენ, ვინც კითხულობ ბნელში
და ვინც მას ეხები,
ჯერ კიდევ ზედაპირზე ხართ საგნის.
მის შუაშია რაღაც, რაც თავისი თავის მფლობელია
და არ იცვლება ინტენსივობის ველურ ტრიუმფში,
რაც ოქროსფაფრიან ლომს მახვედრებს უდაბნოს
გულში.
ყველა თითს ვჩუქნი მას
მის ყვითელ ალს – ჩემს პირს
და როცა მხვდება მწყაზარი ბავშვი
წამის საზღვრულობა მიმტკიცებს –
ჩემს სურვილს ვყვარებოდი თუნდაც ერთ ქალს
ამ ცხოვრებაში
გირჩებისა და ზღვის კენჭების ნაერთში
მდგარს,
წყალი როცა იმოწმებს ტყის სიცოცხლეს
და პირიქით,
მე ვჰგავარ მას და ამით სრულიად სხვა ვარ;
ეს სიზმარი აღებს შიშის ქალაქს,
მისი ხმის მწვანე საფარს.
თითქოს ფანჯრის შუშას ვიღაცის მძიმე ჩრდილი აწვება
მამაჩემის?
იქნებ ჩემი ძმა დგას და მის სახეში სხვა სახე
მოძრაობს,
მისი ხმა სხვისას თქვლეფს.
მე მას არასდროს ვახსენებ.
ჩემი მეხსიერების ხვრელი მსრუტავი
თითო ძირი თმის და თითო კბილის ფესვის,
რაც მათ მაჩუქეს, ამ ხილვის ბოლოში მიმათრევენ
ჩვენი საზიდის ფორმები მსერავი ბნელი კოსმოსის
გაუჩინარებული საკუთარი თავი და
<ყველაფერი თავისი თავის ერთგულია>
ჩურჩულებს უცხო
თავისი ასეთობით უცვლელი
სიკვდილიც ერთგულია თავისი არსის მიმართ
და ვინც გიმტყუნებს გზაზე ვინც მარად გღალატობს
ისიც ერთგულია თავისი ფესვისადმი
მას არ ძალუძს შეუერთდეს რაღაცას რაც
ამ მუდმივ ჯაჭვს გაწყვეტს
ამ მექანიკას ამოძრავებს 2გული
2იონის მკლავი დაფარული მკვრივი რქოვანა
მნათობებით
ზეიმი სხეულისთვის
განკურნება და პირველი სიშიშვლე
თითქოს ეს-ესაა დაიბადე
ეს-ესაა მოკვდი
და რაც იხილე მის თავზე
შეუმჩნეველია ყველა მთვარისთვის იმ ერთის გარდა
რომელიც მრავლდება
....
ღმერთი თავის სინთეტიკურ პირში,
როგორც უჟანგბადო ქვაბულში
Manus animam pinxit
შემოქმედების წრიულმბრუნველი ,
მისი მრავალი პირველი
შეუკავებელი აფეთქებების
თავისი მარადქმნადობის, მარადავადობის
აღმნუსხველი,
რაც ცეცხლისმიერი მეტყველებაა,
რაც ეგზალტირებული მხეცის ყოფაა.
სადღაც საიდუმლო ოთახში ძაღლი
ყვითელს მიბმული
ბავშვებს მოუხმობს თავის ღია, ვულკანური
ხახისკენ.
ისინი ერთმანეთის მიყოლებით, ბრმა მწკრივში
მთვარეულსვლით იქ ცვივან
და ოქროსფერ კვალს ტოვებენ,
და ოქროს ამოაფრქვევენ
„ეს არ არის მტკივნეული, ეს ძალიან
საშიშია“,-
ისმის მათი ფსკერის ლიმბური ხიდან;
სწრაფვა კვლავ სასურველი გახადონ დროის
გალია –
დასჯილი ნადირები ერთ ადგილს მიჯაჭვულნი,
სხვა ადგილის მნატვრელნი,
მეოცნებენი.
ილაპარაკო მათ ენაზე გველების ორმოში
ცეკვაა,
სიზმარი ძილის გარეშე.
სიბნელეს თუ გამოაცლი საყრდენს, ეს
სინათლეს დაღუპვას უქადის?
შენ იცნობ მას –
ამ დაუჯერებელ ცვლადს, მის მტკივან ორგანოს,
რომელმაც არასდროს უწყის მშვენიერი
ხილვები,
რომელსაც ესმის წყალი, როგორც შავის სადგური
მისი მომთვინიერებელი,
წამლეკავი
და ის ახლა და აქ, თავის თავს კარგავს
ჩემ თვალწინ,
თავის სიცილს ფრაგმენტებში ამოკუწავს
და ტყე აღწევს მის კბილებამდე,
რომელიც ვერცხლისაა,
როგორც მთვარე და თითოეული ხე მასში –
მნათობი ამ ორი ბავშვის ფრენა ღამის ზვირთებში,
სამყაროს მესერს მიღმა.
„ო, რა მშვენიერია“,- ვამბობ მე
და მის ხელებს ჩემსაში ვიმწყვდევ.
მე მაშინაც ვტკბები ზღვით, როცა ის ჩემთან
არ არის,
როგორც დროით, რომელსაც სივრცეში არ
უარსებია, მოძრაობის უარმყოფი,
მისი მეფის მუხლი ქვიშაში ანაბეჭდად.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
83