პოეზია

თინათინ ხუტურიძე

იეროგლიფი – ნფრტტ

რაო ნეფერტიტ,
რად დაგტოვა მარტოდ ხამონმა,-
ოქროცურვილი მოსასხამის ბასრი კალთები,
რატომ ელავენ გველის ვიწრო, ყვითელ თვალებთან,
რატომ კანკალებს, პირამიდის სქელ კედლებთან,
უდაბნოდან მონაბერი ზღვების ქარები.

ხედავ? ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე,
ხორშაკი ქარით გათელილი მწიფე მინდვრები,
ჰგვანან აჩეხილ, სისხლისაგან დაცლილ მეომრებს,
დამხობილთ პირქვე,
ცოტა უფრო შორს ჩუმად კვნესიან,
თებე – ქალაქის სასახლეთა, დაბზარული, ხმელი კედლები…

რაო ნეფერტიტ, ეხნატონმა რატომ დაგტოვა,
რატომ გამოგდო მაგ თვალებზე სიყვარულის ცხელი ქამანდი,
განრისხებულმა რად გადაწვი უდაბნოს მკერდში –
ოაზისები,-
ბრინჯაოს ტანზე აკვირტული სავსე მტევნები.

ატონის ტაძარს აკითხავდი მზის ამოსვლილსას,
მიირწეოდა შენი მოგრძო, ამაყი ჩრდილი,
თხელი ფეხების ნატერფალებს ჰკოცნიდა, შლიდა,
მზერა მრისხანე ფარაონის,
ამენჰოტეპის…

იქნებ თუტმოსმა, რომ ტვიფრავდა შენს ამაყ ნაკვთებს,
ჩუმად გადაჭრა სიყვარულის ცხელი ქამანდი
და შენი თვალის ირიბ ჭრილში, როგორც ღრმა ჭაში
აუსხლტა მზერა, გადაეშვა ამარნას ბაღში,
ზეთისხილები აშრიალდნენ, ტალღებიც აჰყვნენ
და ტრფობის ყველა, ჭრელმა გველმა ერთად დაგესლა,
დიდოსტატი თუტმოსის ტანი…

რაო ნეფერტიტ, რად დაგტოვა მარტოდ ხამონმა,
რად დარჩი მარტო ბარხანებს და დიუნებს შორის
ჩაწოლილ მზესთან, ნილოსიც კი ტოვებს კალაპოტს,
როცა დიდდება, ახლაც ხომ გესმის:
-ახეეეეეტ!- იძახის ეგვიპტელი ბიჭი ხმამაღლა,
ვეება რქებით ხნავენ მიწას ჭრელი ხარები,
– ამოოოონ! – ბანს აძლევს სალოცავი ტაძრის სვეტებთან,
გრილ ქვაფენილზე გაწოლილი მთვლემარე ლომი,-
ბრინჯაოს ფერი, ტანი ცეკვავს, ხარი ღრიალებს,
მზეზე ელავენ სელისა და ჭვავის მარცვლები…

ნეფერტიტ, ალბათ,
ახსოვს ისევ შენს ნატიფ სხეულს,
როგორ ძერწავდა შეყვარებულ თუტმოსის ხელი,
მხოლოდ მას ახსოვს შენი მკერდის ბორცვების წვერზე,
ღრმა ნაპრალებში ჩარჩენილი უდაბნოს მტვერი,
როგორ ბრწყინავდა, როცა ჩრდილი ტოვებდა შენს ტანს
და ჩრდილის ადგილს იკავებდა ოსტატის ხელი,
მხოლოდ მას ახსოვს მრეში კანის ფერი და გემო,
თვალების სიღრმე და ტუჩების ირიბი ხაზი,
მან გადალახა შენი ტანი, როგორც უდაბნო –
წამსვე აყვავდნენ, გვალვისაგან გადამწვარი ოაზისები…

და სანამ ღმერთი, -ამონ, უთმობს ღმერთ – ატონს ადგილს,
სანამ მტრედები ზეთისხილის ბაღში მღერიან,
ლეღვის ჩრდილები ლიცლიცებენ შენს შიშველ ტანზე,
ლერწმის ფარდაგზე ნაგაზი სთვლემს, მაიმუნი კუდით ჰკიდია,
და სანამ შენთვის ამულეტებს წნავენ მონები,
სანამ ლოტოსის ყვავილს ფერი არ გასცვეთია,
ფლეიტას უკრავს ოსირისის ცოლი ისიდა,
ნეფერტიტ შენს მხრებს,-
ტეფნუტის ქალღმერთს შიშველ მხრებზე ქვიშა აჰკვრია…

იეროგლიფებს ტვიფრავს ახლა თუტმოსის ხელი
ღმერთების სვეტზე, ეხნატონი თევზებს შეჰყურებს
გაწოლილს მძიმე ლანგრის ფსკერზე, ღვინიან თასში
ჩანს ფუტკრის ჩრდილი, მდინარის გაღმა, ლელქაშებში ბატი სისინებს,
თუტმოსი ტვიფრავს და ოცნებობს ის ჩრდილი იყოს,
ახლა შენს ტანზე რომ სრიალებს, რომელიც გიპყრობს…
……..
ხედავ? ნეფერტიტ, ახეტატონს სხვა ჩრდილი მოსავს,-
კიიას ნორჩი მზერის რკალქვეშ თრთიან მხევლები,
შენ კი შორსა ხარ, – გველიც უკვე ისე დაბერდა,
ცარიელია ახლა მისი ღამის სიზმრები,
მხოლოდ ატონის თლილ კედლებში ბუდობს შენი ხმა,
მხოლოდ ოსტატის თვალებს ახსოვს შენი თვალები
და შენი ყელიც,
აზიდული ლავიწის ძვლიდან,-
ღმერთის ტაძარში აღმართული ეული სვეტი,-
სადაც თუტმოსმა საიდუმლო სიტყვა ამოჭრა,-
ეს ყელი, როგორც მზის სხივებში მოთამაშე ნილოსის ტოტი
მოქცევისას ქვიშას რომ ტოვებს…

ასე, ნეფერტიტ,
ასე ჩანდა საღამოს მწუხრში, –
როგორც მეწამულ მოსასხამის ლბილი ფარდიდან, –
თხელი ნავები მოჰყვებოდნენ ნილოსის დელტას,
პერეეეეეტ! – ისმოდა შეძახილი ქვიშის ნაპირთან,
ლოტოსის ყვავილს ოქროსაგან ჰკრავდნენ მონები,
სხვების კისერზე და მაჯებზე ფერი გადუვა,
სხვა ქალის სახელს დაიძახებს ეხეტატონი,
მაგრამ მრისხანე ეხნატონის ვეება ჩრდილი,
ტეფნუტის აჩრდილს ვერსად წაუვა…

სად ხარ ნეფერტიტ,
სად იხრება შენი სხეული,
უფრო და უფრო, თავისივე ჩრდილის ლაქისკენ,
რატომ ხარ მარტო, ყველა ღმერთმა რად მიგატოვა,-
ამონ! და ატონ! – აღარ სცდება შენს ლამაზ ტუჩებს,
მაგ შენი მკერდის, ულამაზეს ბორცვების წვერზეც,
ვეღარ ბრწყინავენ უკანასკნელ მტვრის ნამცეცები,
იქნებ თუტმოსმა იცის მხოლოდ ეს საიდუმლო,
რასაც ვერავინ ვერ ჩასწვდება, ვერ ამოიცნობს, –
ქვესკნელის ღმერთი, – ანუბისი აწონის შენს გულს,
თხელ პაპირუსზე ორაკული „არა“ ს დაკაწრავს,
სად ხარ ნეფერტიტ,
აღარ სჩანხარ საღამოს მწუხრში,
არც პირამიდის სქელ კედლებთან არვინ ქვითინებს,
ნილოსის მკლავზე ირწევიან თხელი ნავები,
დღე მიდის უკან, ვარსკვლავებში ქარი სისინებს…

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
104