პოეზია

რობერტო ბოლანო

თარგმნა ნინო ჩაჩავამ

წვიმა

წვიმს და ამბობ, თითქოს, ღრუბლები
ტირიან.
მერე პირს იფარავ და უჩქარებ
ნაბიჯს. თითქოს, ტიროდნენ ეს გალეული ღრუბლები.
შეუძლებელია. მაშ, საიდანღა, მთელი ეს რისხვა,
ეს სასოწარკვეთა, ჯოჯოხეთის გზაზე რომ მიგვაქანებს?
ბუნება ზოგიერთ წესს
იდუმალებაში, თავის ნახევარძმაში იმალავს. და იმაზე მალე, ვიდრე
იფიქრებდი, ეს საღამო,
აღსასრულის საღამოდ რომ დასახე, მელანქოლიის
საღამოდღა მოგეჩვენება, ხსოვნაში გამქრქალ
საღამოდღა სიმარტოვის: ბუნების სარკე. ან, იქნებ
სულაც დაგავიწყდეს. წვიმა, ქვითინი, შენი ნაბიჯები
შვერილებზე სიარულისას ჭექენ. უმნიშვნელონი.
იტირე და გადნენ შენი ანარეკლები
ბულვარის გზაზე ჩამწკრივებული მანქანების
საქარე მინებში
. მაგრამ, თავს ვერ დაკარგავ.

უკანასკნელი ველური

1

ბოლო ჩვენებიდან ცარიელ ქუჩებში გამოვაბიჯე. ჩონჩხმა
ამიარა გვერდი, მთრთოლვარემ, ნაგვის მანქანის ანტენაზე
გადმოკიდებულმა. მენაგვეებს სახეებს დიდი ყვითელი ქუდები
უფარავდათ. მგონი, მაინც ვიცანი:
ძველი მეგობარი. ესეც ასე! ვუთხარი თავს
ორასჯერ მაინც,
სანამ სატვირთო ქუჩის ნაკეცში დაინთქმეოდა.

2

წასასვლელი არსად მქონდა. კარგა ხანს
ვიბოდიალე თეატრის გარშემო
იქნებ მეპოვა კაფე, ან ღია ბარი.
ყველაფერი დაეკეტათ, კარები და დარაბები, მაგრამ
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ შენობები ცარიელი ჩანდა, თითქოს
აღარავინ ცხოვრობდა მათში. საქმე არ მქონდა,
იმის გარდა, წრეებზე მევლო და მომეგონებინა,
მაგრამ მეხსიერებამაც დამაღალატა.

3

თავი „უკანასკნელ ველურად“ მეჩვენებოდა
თეთრი მოტოციკლით რომ ხაზავს
ქვემო კალიფორნიის ქუჩებს. ჩემ მარცხნივ ზღვა და ზღვა ჩემ მარჯვნივ
და ჩემ შუაში ყუთი სავსე გამოსახულებებით, თანდათანობით
რომ იცრიცებოდნენ.
ბოლოს დაცარიელდებოდა ყუთი?
ბოლოს მოტოციკლი ღრუბლებთან ერთად გაუჩინარდებოდა?
ბოლოს ქვემო კალიფორნია და „უკანასკნელი ველური“
სამყაროსა და არყოფნაში გაითქვიფებოდნენ?

4

მეგონა, ვიცანი: ქუდი ყვითელი ნაგვის ქვეშ,
ბავშვობის მეგობარი. არასდროს მშვიდი. არც ერთი ზედმეტი დარტყმა
ცალ რეგისტრში. პოეტები იტყოდნენ მის მუქ თვალებზე: ჰგვანან ორ ფრანს

ქალაქის ცაზე გამოკიდებულს. უდავოდ უმამაცესი. და მისი თვალები
ორი პატარა შავი ფრანი შავ ღამეში. სატვირთოს
ანტენაზე გადმოკიდებული ჩონჩხი ჩვენი სიჭაბუკის ლექსზე
ცეკვავდა. ეცეკვებოდა ჩონჩხი ფრანებსა და ჩრდილებს.

5

ქუჩები ცარიელი იყო. მციოდა და თავში
„უკანასკნელი ველურის“ სცენები მიცოცხლდებოდა. მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ინტრიგით:
მოვლენები მხოლოდ ვითარდებოდნენ. მთავარი კი: ჩუმი სივრცე,
უსიცოცხლო, მხოლოდ ქარითა და წარსულით. მოტოციკლები, ტყვიამფრქვევებიდან
გახსნილი ცეცხლი, საბოტაჟები
, 300 მკვდარი ტერორისტი, სინამდვილეში
სიზმრებზე მსუბუქი სუბსტანციებით ქმნილი არსებები.

კაშკაშა
ნანახი და უნახავი. ხილული და უხილავი. სანამ არ
გათეთრდა ეკრანი და ქუჩაში არ გამოვაბიჯე.

6

კინოთეატრის გარშემო, შენობები, ხეები, საფოსტო ყუთები,
საკანალიზაციო არხების პირები, ყველაფერი იმაზე დიდი მოჩანდა,
ვიდრე ფილმის ნახვამდე იყო. კესონები ცაში აზიდულ ქუჩებს მიჰგავდნენ.
უძრავი ფილმიდან გიგანტების ქალაქში ხომ არ
მოვხვედრილიყავი? წამით ვიფიქრე, რომ შეიშალნენ პერსპექტივა და
ზომა. ბუნებრივი შეშლილობა. უკუთხობა. ჩემი ტანსაცმელიც
კი გამოცვლილიყო! ცახცახით ჩავიჩურთე ხელები
ჩემი შავი ჟაკეტის ჯიბეებში
და წავედი.

7

ნაგვის მანქანის კვალს ისე მივყვებოდი, ზუსტად არ ვიცოდი,
რის პოვნას ვცდილობდი. ყველა ქუჩა
ოლიმპიური სტადიონის კოლოსალურ უკიდეგანობაში დნებოდა.
სამყაროს სიცარიელეში გამოსახული ოლიმპიური სტადიონი.
უვარსკვლავო ღამეები გამახსენდა, თინეიჯერი მექსიკელი გოგოს თვალები,
მისი მოშიშვლებული მკერდი და ჯაყვა. სადაც მე ვარ
მხოლოდ თითის წვერებით შეიძლება დანახვა, გავიფიქრე. აქ არავინაა.

8

უკანასკნელი ველურის“ სანახავად წამოსულს, კინოთეატრიდან გამოსვლისას
წასასვლელი აღარსად მქონდა. რაღაცნაირად, თავად ვიყავი
ფილმის პერსონაჟი და ჩემმა შავმა მოტოციკლეტმა
პირდაპირ განადგურებისაკენ გამაქროლა. აღარ ცეკვავდა მთვარის შუქი
ვიტრინებზე, აღარ იყვნენ ნაგვის მანქანები და გარდასულები.
სიკვდილისა და ძილის შეწყვილება ვიხილე და გამოვცარიელდი.

ბარსელონას მწუხრი

რა შეიძლება ბარსელონას მდორე მწუხრზე ითქვას. გახსოვს
რუსინოლი რომ ერიკ სატის ხატავდა en el seu estudi?
ასეთია ბარსელონას ჯადოსნური მწუხრი, როგორიც სატის თვალები და
თმები, როგორიც რუსინოლის
სიფაქიზე. უზენაესი სილუეტებით დასახლებული, ზღვისა
და მზის ბრწყინვალება სიყვარულისთვის აშენებული
დაკიდული თუ მიწისქვეშა სახლების ფონზე. სარა ჰიბერტისა და
ლოლა პანიაგუას ქალაქი,
ნაკვალევებისა და სრულიად უმიზეზო საიდუმლოებების ქალაქი.
მუხლმოდრეკისა და სიმების ქალაქი.

გოძილა მეხიკოში

ყურადღებით მისმინე, შვილო: ბომბები ცვიოდა
მეხიკოს ციდან
თუმცა, ვერავინ ამჩნევდა.
ჰაერი ქუჩებსა და
ღია ფანჯრებში აფრქვევდა საწამლავს.
შენ ახლახანს გეჭამა და მულტფილმს
უყურებდი ტელევიზორში.
მე გვერდითა, საწოლ ოთახში ვკითხულობდი
როცა მივხვდი, რომ დავიხოცებოდით.
თავბრუსხვევითა და გულისრევით გავხოხდი
სამზარეულოში და იატაკზე დაგინახე.
ერთმანეთს ჩავეხუტეთ. შენ მკითხე, რა ხდებოდა
არ მითქვამს, რომ სიკვდილის გეგმაში ვეწერეთ
გითხარი, რომ მივემგზავრებოდით
კიდევ ერთხელ, ერთად და არ უნდა შეგშინებოდა.
როცა გაქრა, სიკვდილმა
არც კი დაგვიხუჭა თვალები.
რა ვართ, მკითხე ერთი კვირის ან ერთი წლის მერე
ჭიანჭველები, ფუტკრები, თუ მცდარი რიცხვები
შემთხვევითობის ვეება, მყრალ სუპში?
ადამიანები ვართ, შვილო, თითქმის ჩიტები,
საჯარო გმირები და საიდუმლოებები.

დაკარგული დეტექტივები

ბნელ ქალაქში დაკარგული დეტექტივები.
მათი კვნესა მომესმა.
მათი ნაბიჯები მომესმა სიყმაწვილის თეატრში.
ისარივით გამოტყორცნილი ხმა.
კაფეებისა და პარკების ჩრდილები
,
ახალგაზრდების შეკრების ადგილები.
დეტექტივები, რომლებიც თავიანთ
გაშლილ ხელისგულებს დაჰყურებენ,
მათივე სისხლით მოსვრილი ბედისწერა.
და ვეღარც კი იხსენებ
ჭრილობის მდებარეობას,
სახეებს, რომლებიც ოდესღაც გიყვარდა
ქალს, რომელმაც სიკვდილისაგან გიხსნა.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
268