ვისენტე უიდობრო

ალტაზორი

ანუ

მოგზაურობა პარაშუტით

(თარგმნა ლაშა ყელბერაშვილმა)

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

წინასიტყვა

მე დავიბადე 33 წლის ასაკში, დღეს როცა ქრისტე მოკვდა. მე დავიბადე ბუნიობას, ჰორტენზიებისა და თვითფრინავების პაპანაქების ქვეშ.

მე ღრმად მივშტერებოდი მტრედს, გვირაბს, სენტიმენტალურ მოტორიან-მანქანას. მე ავღმართავდი ოხვრებს აკრობატივით.

მამაჩემი ბრმა იყო და ხელები მისი ღამეზე მშვენიერი.

მიყვარს ღამე, ქუდი ყოველი დღისა.

ღამე, ღამე დღისა, დღიდან დღემდე.

დედაჩემი აისივით ლაპარაკობდა, თითქოს დირიჟაბლები იწყებდნენ ცვენას. მისი თმა დროშის ფერი იყო და თვალები მისი სავსე შორეული ხომალდებით.

ერთ დღეს მე მოვიმარჯვე ჩემი პარაშუტი და ვთქვი: ,, ორ გადაყლაპვასა და ვარსკვლავს შორის’’. აი ახლოვდება სიკვდილი, როგოც დედამიწა უახლოვდება მოწყვეტილ ბუშტს.

დედაჩემი მიტოვებულ ცრემლებს ქარგავდა პირველ ცისარტყელებზე.

და ახლა ჩემი პარაშუტი ეშვება სიზმრიდან სიზმარში, სიკვდილის სივრცეთა გავლით.

პირველ დღეს მე შევხვდი უცნაურ ჩიტუნას რომელმაც მითხრა: ,, აქლემი რომ ვყოფილიყავ წყურვილი არ მეცოდინებოდა. რა დროა? ‘’ მან დალია ცვარი ჩემს თმაში, მისროლა 3 ½ გამოხედვაზე და დამშორდა სიტყვებით ,,მშვიდობით’’ და პომპეზური ცხვირსახოცით.

შუადღის ორისკენ, მე შევხვდი მომხიბლავ თვითმფრინავს, სავსეს ფარფლითა და ნიჟარებით. ის ცაში წვიმისაგან თავშესაფარ კუთხეს ეძებდა.

იქ, შორს, ნავები განთიადში ძირავენ ღუზას.

ერთმანეთის მიყოლებით ისინი მოდიან თავისუფალნი გემსაბმელებისგან, ნაციონალური ფერებივით დაატარებენ უსათუო განთიადის ბაირაღებს.

და როცა უკანასნელებმაც გაცურეს, უზომოდ ადიდებულ ტალღებს მიღმა გაქრა განთიადი.

შემდეგ მე გავიგონე ხმა შემოქმედისა, რომელიც უსახელოა, რომელიც ეული სიცარიელეა სივრცეში, საყვარელი როგორც სამყაროს ჭიპი.

,,მე შევქმენი უდიდესი ხმა ნგრევისა და ამ ხმამ შექმნა ოკეანე და ტალღები მასზე. ეს ხმა სამუდამოდ ჩაებეჭდათ ზღვის ტალღებს, ხოლო ზღვის ტალღები სამუდამოდ ჩაებეჭდნენ ხმას, როგორც მარკები საფოსტო ბარათზე.

,,შემდეგ მე მოვქსოე  თოკი ბრწყინვალე სხივებისგან რათა დღე დღეზე მიმემაგრებინა. დღეები მათ ( ნამდვილ ან რეკონსტრუირებულ) გარდაუვალ განთიადებზე.

,,შემდეგ მე ამოვკვეთე დედამიწის გეოგრაფია და ხელის ხაზები.

,,შემდეგ მე დავლიე ცოტაოდენი კონიაკი ( ჰიდროგრაფიული მიზეზებით )

,,შემდეგ მე შევქმენი პირი, და ტუჩები პირისა, რათა აერიდებინა ბუნდოვანი ღიმილები, და კბილები პირისა რათა ეგუშაგა პირებთან.

,,მე შევქმენი ენა პირისა, რომელსაც ადამიანმა ფუნქცია შეუცვალა რათა მისთვის საუბარი ესწავლებინა…

მისთვის, მისთვის, მშვენიერი მცურავისთვის, სამუდამოდ ფუნქცია შეცვლილი მისი აკვატური და წმინდად სენსუალური როლისთვის.

ჩემმა პარაშუტმა თავბრუსხვევით იწყო დაშვება. ასეთი რამ სიკვდილს იზიდავს, გახსნილ საფლავს.

სჯობს დაიჯერო. საფლავს საყვარლის თვალებზე მეტი ძალა აქვს.

და სამარხი მთელი თავისი დიდებულებით. და მე ამას შენ გეუბნები, შენ, ვისი ღიმილიც ფიქრებს აძლევს დასაბამს სამყაროს წარმოშობაზე.

ჩემი პარაშუტი შეესწრო ჩამქრალ ვარსკვლავს, კეთილსინდისიერად რომ ინარჩუნებდა საკუთარ ორბიტას, თითქოს არ სცოდნოდა ასეთი ძალისხმევის გამოუსადეგარობა.

და გახალისებული დამსახურებული შესვენებისგან, მე ვიწყებ პატარა კვადრატების ღრმა აზრებით შევსებას ჩემს ჭადრაკის დაფაზე.

,,ჭეშმარიტი ლექსები ხანძარია. პოეზია ყველგან პროპაგანდირებს, მისით შეპყრობილნი თრთიან სიამოვნებისგან ან ტკივილისგან და იწვიან.

,, მან უნდა წეროს ენაზე, არამშობლიურ ენაზე

,,ოთხი ძირითადი წერტილი სამია: სამხრეთი და ჩრდილოეთი.

,,ლექსი ისაა რაც იქნება.

,,ლექსი ისაა რაც არასდროს არის, მაგრამ ვალდებულია იყოს.

,, ლექსი ისაა რაც არასდროს ყოფილა, და ვერც იქნება.

,,დაეხსენი სამუდამო განდიდებას თუ არ გსურს მოკვდე ქარისგან ნეტარი.

,,თუ წელიწადში ერთხელ მაინც რამე გიჟურს არ ვიზამ, გავგიჟდები.

პარაშუტს ვტაცებ ხელს და ვსხლტები ჩემი აჩქარებული ვარსკვლავის კიდიდან უკანასკნელი ამოსუნთქვის სტრატოსფეროში.

მე ვგორავ დაუსრულებლად სიზმრების ქარაფებზე, მე ვგორავ სიკვდილის ღრუბლებში.

მე ვხვდები ვარდზე მჯდომ ქალწულს, რომელიც ამბობს:

,,შეხედე ჩემს ხელებს, გამჭვირვალეს როგორც ნათურებს. ხედავ ნაკადებს სადაც ჩემი წმინდა სინათლის სისხლი ჩქეფს?

,,შეხედე ჩემს შარავანდედს. მას რამდენიმე ნაწიბური აქვს, ბეჭედი ჩემი ანტიკურობისა.

,,ეს მე ვარ ქალწული შეუბილწავი, ჩემს შესახებ სანახევრო არაფერია, და მე ვარ კაპიტანი დანარჩენი თერთმეტი ათასისა, რომელიც, სხვათაშორის გადამეტებულად აღადგინეს.

,,მე ვლაპარაკობ ენაზე რომელიც ავსებს გულს თანამოსაუბრე ღრუბლების კანონთა თანახმად.

,,მე ყოველთვის ვამბობ მშვიდობით და ვრჩები.

,,შემიყვარე, შვილო ჩემო, რადგან მე ვაღმერთებ შენს პოეზიას და გასწავლი ეთერულ სიბრძნეს.

,,მე ახლა ისე მჭირდება სინაზე, აკოცე ჩემს თმას, მე ის დილით განთიადის ღრუბლებში დავიბანე, და ახლა მსურს იშვიათი ცვრების ლოგინზე დავიძინო.

,,ჩემი გამოხედვა სადენებია ჰორიზონტზე, რომელიც დანარჩენს შთანთქავს.

,,შემიყვარე’’.

მე დავიჩოქე ამ ცირკულარულ სივრცეში და წმინდა ვარდში და დავაჯექი პარაშუტს.

მე მეძინა და შემდეგ ვკითხულობდი ჩემს ყველაზე მშვენიერ ლექსებს.

ჩემი პოეზიის ალებმა თმები მოუწვეს ქალწულს. მან მითხრა მადლობა და წავიდა, მჯდარი უნაზეს ვარდზე.

და მე აქ ვარ, მარტო, ვით ანონიმურ ჩაძირულ გემთა პატარა ობოლი

ო, როგორი მშვენიერია… როგორი მშვენიერი.

მე ვხედავ მთებს, მდინარეს, ტყეებს, ზღვას, ნავებს, ყვავილებს, ნიჟარებს.

მე შემიძლია დავინახო ღამე და დღე და ღერძი სადაც ისინი ერთურთს ერწყმიან.

ო მე ვარ ალტაზორი, დიადი პოეტი, ცხენის გარეშე რომ ჭამს საკენკს ან ითბობს ყელს მთვარის სხივებით, მხოლოდ ჩემი პარაშუტის ამარა, როგორც მზექოლგა პლანეტების თავზე.

შუბლზე ოფლის ყოველი წვეთიდან ვარსკვლავებს ვაძლევ დასბამს, რომლებსაც ღვინის ბოთლებივით მოვნათლავ.

მე ვხედავ ყველაფერს, ჩემი გონება ნაჭედია წინასწარმეტყველთა ენაში.

მთა ღმერთის სუნთქვაა, ამაღლება საკუთარ შეშუპებულ თერმომეტრამდე სანამ ის მიაღწევს სატრფოს ფერხთამდე.

ის ვინც ნახა ყველაფერი, ვინც გაიგო ყველა საიდუმლო და არაა უოლტ უიტმენი, რადაგნ არასდროს მქონია თეთრი წვერი, მშვენიერი როგორც ექთნები და გაყინული ნაკადულები.

ის ვისაც ესმის ღამეში ყალბი ჩაქუჩების, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გულმოდგინედ მომუშავე ასტრონომები არიან.

ის ვინც სვამს ცოდნის თბილ ჭიქას წარღვნის შემდეგ, მორჩლი მტრედებისა, და ვინც იცის გზა მოწყენილობის, ორთქლილი სიფხიზლე რომელსაც გემები ტოვებენ.

ის ვინც იცნობს მოგონებათა საკუჭნაოს და მშვენიერ, დავიწყებულ ჟამებს.

ის, მწყემსი თვითმფრინავთა, გზამკვლევი შეუსაბამო პოლუსებისკენ მცდარი ღამეებისა და გამოცდილი დასავლეთის ქარებისათვის.

მისი კვნესა უჩინარი აეროლიტების მოხამხამე ქსელია.

დღე დგება მის გულში და ის ხრის ქუთუთოებს რათა შექმნას ღამე აგროკულტურული დასვენებისა.

ის იბანს ხელებს ღმერთის ხილვაში, და თმას სინათლესავით ივარცხნის, როგორც კმაყოფილი წვიმის წვრილმარცვალ მოსავალს.

შეძახილები ფარასავით დაძრწიან ბორცვებზე როცა ვარსკვლავებს სძინავთ უწყვეტი ღამის შემდეგ.

მომხიბლავი მონადირე უპირისპირდება კოსმიურ გუბურას უგულო ჩიტებისათვის.

აღივსე სევდით, როგორც ქურციკები უსასრულომდე და მეტაფორები, ვით უმირაჟო უდაბნოები კოცნაში ჩამალული პირის გამოჩენდამდე რთველური გადაკარგვისთვის.

აღივსე სევდით, რადგან ის მიმავალი წლის კუთხეში გიცდის.

ვიმედოვნებ ის შენი შემდეგი სიმღერის ბოლოშია, და ის ისეთივე მშვენიერი იქნება როგორც მჩქეფარე ჩანჩქერი და უხვი ვით ეკვატორული ხაზი.

აღივსე სევდით, მეტად ვიდრე ვარდი, ის მშვენიერი მზერათა გალია და გამოუცდელი ფუტკრები.

ცხოვრება პარაშუტით მოგზაურობაა და არა ის რაც შენ გგონია რომ არის.

მაშ დავეშვათ, დავეშვათ ჩვენი სიმაღლეებიდან ჩვენს სიღრმეებში, გავსვაროთ ჰაერი სისხლით, რათა მოვწამლოთ ისინი ვინ ხვალ ისუნთქებს.

შენს შიგნით, შენს გარეთ, შენ დაეშვები ზევიდან ქვევით, რომ ესაა შენი ბედისწერა, შენი საბრალო ხვედრი. და რაც უფრო დიდია სიმაღლე საიდანაც ეშვები, მით უფრო მაღლა ასხლტები, მით მეტ ხანს დარჩები ქვას მოგონებად.

ჩვენ გამოვძვერით დედაჩვენის მუცლიდან, ან კიდიდან ვარსკვლავის და ჩვენ ვეშვებით.

ო ჩემო პარაშუტო, მხოლოდ სტრატოსფეროს სურნელოვანი ვარდი, სიკვდილის ვარდი, მოსჩქეფს სიკვდილის მნათობებში.

გაგიგონია? დარაზულ მკერდთა ხმა საშინელებისა.

გააღე შენი სულის კარიბჭე, გამოდი გარეთ და ისუნთქე. შენ ერთ ამოსუნთქვით გააღებ კარს, რომელიც ქარიშხალმა დახურა.

აი შენი პარაშუტი, ადამიანო, საოცარო ვით ვერტიგო.

აი შენი პარაშუტი, პოეტო, საოცარო ვით ქარაფები უფსკრულისა.

აი შენი პარაშუტი, ჯადოქარო, შენს ერთ სიტყვას რომ ძალუძს მეხად იქცეს, ჭექა-ქუხილივით  მშვენიერ სიტყვას, შემოქმედის დაბრმავება რომ გადაუწყვიტავს.

რას ელოდები?

მაგრამ აქ წყვდიადის საიდუმლოა რომელსაც დაავიწყდა როგორ იღიმოს.

კარიბჭეზე მიკიდული პარაშუტი კი იცდის, როგორც დაუსრულებლად მორბენალი ცხენები.

კომენტარი

ვისენტე უიდობრო (1893-1948) ჩილელი პოეტი და ავანგარდისტი, ლიტერატურული მოძრაობის ,,კრეაციონიზმის“ სულის ჩამდგმელი და მოდერნისტი. 1916 წელს პარიზში გამოსცა ,,Aadan” რომლის შემდეგაც იწყება მისი მეგობრობა პარიზის ავანგარდისტულ წრეებთან, მათ შორის იყვნენ პიკასო, კოქტო, პიკაბია, აპოლინერი და სხვანი. 1918 წელს მადრიდს წვეულმა პოეტმა დაარსა კიდევ ერთი ლიტერატურული მოძრაობა ,,ულტრაიზმო“ და ტრისტან ცარასთან ერთად დადაისტურ ჟურნალს ხელმძღვანელობდა. ,,ალტაზორი“ 1919 წელს გამოიცა. ამავე წელს უიდობრომ ცოდნა გაიღრმავა ასტროლოგიაში, ალქიმიაში, კაბალასა და ოკულტიზმის სხვადასხვა ფორმებში. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილეც და სწორედ ომში მიღებული ჭრილობების წყალობით 1948 წელს, თავის სახლში, კარტახენაში გარდაიცვალა.

წინამდებარე თარგმანი წარმოადგენს ,,ალტაზორის“ წინასიტყვას, ხოლო წიგნად, სრულ თარგმანს მკითხველი სულ მალე იხილავს.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
298