პოეზია

ფილიპ ლამანტია

გახილულება

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

რომანტიკული მოძრაობა

ნავს შეარხევს შენი ხატული ტალღებზე ქაფის ცეცხლსა და მთვარის სხივების ყვავილს შუა, ესენია შენი მძინარე ტუჩების ალმები. ასპიროზს ვუცქერ ბაყბაყ ცაში და ცალ მუხლუხ კონტინენტს.

ცოტაც და ყველა სურვილის პეპელა გამჟღავნდება ო წინდაწინჭვრეტა ცხოვრების გაპოეტურების . . . და პოეზია საკმეველი სიზმრის. ტანსაცმელს გაცვლიან ტყე და ქუჩა, ეგ ხე ტელეფონების, ეს ტელევიზორი თხილისა და კენკრის – ჰაერი საკვები მუსიკაა.

მეფე შესატყვისი

დედოფალი ხატება

უფლისწული თავისუფლება . . .

. . . მბრძანებელი ხატულების ბაღი, სიცოცხლე ერთდღესაც საცხოვრები ლექსია: ცეცხლშენთებული ჩვენი გულების ნადიმი, ნერვები საკაზმად, სისხლი მწერების თბობას დაეძებს, თვალნი ჩვენნი ნაკადული წამონთების დალიები.

ხმათაშორის ჩურჩული განსაცვიფრებელი ძალის მოსასხამში გაგახვევს, ხანძარში ჩაძინებული ტყის საიდუმლო დაცვით, მისი მადანი მხოლოდ სიყვარულისთვის გადაიცემა – ყველა ნაბიჯი მიგიყვანს შიდა საკურთხეველთან შენს გარდა რომელსაც ვერავინ ხედავს, შენი ჩრდილი მეტაფორული სინათლის სხეულს დაიდებს.

ქვა, შემთხვევის ჰაერში რომ გავისროლე, ერთ დიდებულ დღესაც მოვა შენამდე და აქერცლავს პირვანდელ ფუნდურა სკარაბს, სიამტკბობათა ძირდიდა კარბუნკულს, შეუბღალავ ბროწეულს, კომტ დე სენ-ჟერმენის კეთილხმოვან ცხვირსახოცს, ძველი ეგვიპტის ყველა აღდგენილ კეთილსურნელს, დედამიწის რუკას სასწორის ხანაში, როცა ჩვენს საკვებს ჰაერი განკარგავს, მზის ჩასვლის მარადჟამიერ ჭრელზოლს სეგოვიაში (ყარყატს მიაქვს ოქროს კვერცხი ტაძრელის კოშკიდან) ბელადი სიეტლის დაკარგულ საწამლე ქისას, ჩვენს თანყოფნას ევროპის ყველა დედაქალაქში, როცა აზიაში მოგზაურობისას ტროპიკული ჩიტების ყელუთვალავ გუნდს ვუსმენთ, შენს დაკარგულ სანთელცვილ სამფლობელოს, ხემარწყვას ტყეს შიგ საცხოვრებლად, თავს რომ მოვუკრავთ „საიდუმლო ჩანთების“ წყებაში და პირს მოვუღებთ ჩვენი ხეტიალის ჟინზე, ოკეანეების ქვეშიდან ამოსულ მღელვარე ყვირილს, გადაშენებულ ჭიკჭიკს მაგიურ ჭურჭელში ქრისტიან როზენკროიცს რომ გაუვარდა გზად დამქარისკენ, ბოლო ძრავების მლღობ მარჯნის მძივებს, პირველშობილ მხედთა გაჟღენთილ თვალებს, სრულჭკუის ბანკის გასაღებს, თაფლის ხომალდს ქარიშხლების ქიმზე რომელსაც მივაპობთ ჩაძირული კონტინენტებიდან ამოზრდილი ახალი კუნძულებისკენ და ძილსა და ღვიძილს შუა მდებარე ხიდისკენ რომელსაც გადავკვეთთ თვალცრემლად გამჭვირვალებული „დიდი საიდუმლოს“ უწყვეტმფლობლები – აწმყო სიცოცხლის გენიით ჩვენს ერთადერთ საქმედ.

სფინქსების საწოლი

შუქი ეშლება როგორაც ქუჩა ეხურება

ჯიუტი ბჟუტვის ქვანაფენს

და თავის ღრუბელთან მოსაუბრე შენს სახეს

რძიან ყვავილთა ნარეცხები მუდამ ქედს დასტირიან

სადაც ლოთ მცოდნესთან მოკუნტრუშე მაგნიტი ვარ

ღვინის ნაჭერია ჩვენქვე

ციცაბო ჩიტების შაქარი შუქის მართკუთხედებს გასცემს

ქალაქიდან გატყორცნილი

ნერვძარღვრილი თმა ყლაპავს გზას

*

ეშმაკურად მოყვანილი ზმნა

წინდების ციალა გასაღებზე

მსხვრეულ სანათს გადაკვეთს

კარის ღიობის თავზე ფირფიტას

გული მისდის ალის მინიატურებად

რაც ჩრდილებიდან მომეწოდება იმის განასახიერებად

დღე წვალებით ასწევს ჩალის ბუმბერაზებს

თუ შეგიძლია მათი დანახვა

სველ სარკეში მომელის

ამოცანის საშუალო სიჩქარით

და მომდევნო გამოცანების

გრუხუნა თავქუდმოგლეჯით

ისტორიის ქერქი იჭყიტება

მისი ნივთიერი ჰორიზონტის მილებით

*

ხელი და კოვზი

თავს იყრიან ერთ ბობოქარ კოკისპირულად

სანამ ურდულის გასაღები მომავალი მეხთატეხისგან

თავის ღვარსაშვებს არ დაეთხოვება

იისფერი შეკივლებებით წყლის მაგიდის ტვირთვით ქცევა

ოკეანედ რომელსაც გაწვდი ანტილოპის

ბუზთა ნაკადის ირიბად ცემიდან

იმპერიის დამხობა და მართობამდე

სუნთქვის ნამგალა ხმლებიან ალმოდებულ კონამდე

ომი ტანსაცმლის კარადაში ერთი პანდა ღირს მთვარეზე

ვყვავი

შენ კი ცრემლი ხარ მარადიული აქატის

პრიმავერა

მუხეული სოფელია, რომ ეცემა, სახიერის მტვერში ნამსხვრევი, სადაც მე დავაჭენებ, არა უკაჟეს ჰაერისა, კაბალურ იმედზე ვიფიქრო: სამყაროთაშორისი გარდაცვლა ცთომილთ გაღივებაში.

მაგრამ, მისტაგოგიური სკამები თესლის ომებს შეეფშვნა, ისევ ჩამიფიქრებენ სრულიადი შეერთების უწონადები – ჩემი ჩრდილიც კი ერწყას სხვისას რომელმაც ორგანოები (შთეფეთქილი მზეები) ნივთიერის ხატულად თარგმნათაგან კარგა მანძილზე დატოვა.

ასე ლექსი იქცევა ღია კაშხლად წყვდიადისათვის. მხოლოდ ყველაზე უნათი სხეულია ერთობა ყველაზე კაშკაშა.

ხელი წავავლე მატარებელს ირისის შიგნით.

დრო დედობრივი კოსმეტიკის სარკმელთან, აბრეშუმის ფალოსით მოყვავილწნული ფეხი მაღალქუსლა ტყეს შემაყურებს სადაც საშომორთულობები უჯრებში იძირებიან, იმ მიმწუხრისგან მომწყვდეულები, ჩაცმა-გაშიშვლების სარკეში რომ ელავს.

ღრუბლებს ქერქიდან გადმობერტყენ ზებუნებრივი იგივმეობები, ვარდების მძაფრ უალო წვას ბავშვის შემთხვევითი მზერა. ძილის პირას, ეს იგივე ქარი სისხლით მოთხვრილ ცხენთა არარსს აშრიალებს (ჩემი პირველი შეთქმულებია) რომლის გალაქტიკაც კოცნით დაშლის ვარსკვლავმდენი ხელსახლები ჩრდილის მარჯვოსან გამოხსნას, მის სახეს: საწოლი ესე, ტალღოვანი ლანდი: გვერდები მისი.

ხის ცხენებს დავაჭენებთ

ყოველთვის რამე უდაბნო შეირთავს ადუღებულ წყალს.

გახილულება

ბედნიერ თვალთა და ეშმაკურ სახეთა ხვეულა

ამოშლილი ანტიკვარული გრძნობითი ნახატებიდან

მუხლების და წვივებისგან გამოციმციმი

სიზმრის ქალებზე ნელა მოძრაობს

ხელები მოჰყავს იისფერ სისხლს

მოსულს მოტივტივე ბუმბულებიდან

მათი აქტინია ფრჩხილები ტროპიკულ ხილებს შლიან

(თოვლს გადაკრული მანგოს კანები)

და ხელად ზაფხულს მოღერებული შენ გხვდები

აბრეშუმის ჩექმებით დააბიჯებ ყინულ სამკაულს ჩვენ რომ მოვფანტეთ შენთვის

*

მელიით დასანახად

მოიწევენ მიწისქვეშა მდინარეები

ასფალტის ზეცის ქვემოდან

შენ რიჟრაჟებს ამოისუნთქავ

მორიელექსია ჩვენს მუცლებს შორის

ზარაფხანის კენჭი სამიათასწლიან სალამურს ჩაეღვრის

ლიმონისფოთლა საწოლს შერიყულს

როგორც შენ იყურები მოლუსკის ცრემლებით ნაშობი

ირეკლავს მეხსიერების ფარფლებს დელფინის თვალში

*

აჰჰ ეგ თხევადი კოვზის გემო

ტყის ვაშლებისგან გადიდებული

და სადაც იშლება შენი გაწოლილი სურნელები

კომეტების ფეხისთითებს მოლაღურად გაისვრიან

(ო კვალს არ ტოვებს მათი ნაბიჯები)

ჩემი ძვლის ტვინის ნათელს ჩაგრეხილი

შენი მღელვარე ტუჩების მოტრიალე თავიდან

ვარსკვლავები თავის ნაკვალს შემოსავენ

ვის მყვინთავებიც შენ მობანავეს გნიშნავენ

მუშკის ჩირაღდანი აღვიძებს ჩემი ხილის ნაპერწკალს

კეთილ ბალახში

ფუნჯი სანაყი არაა

წითელი ნისლი ღამით

ვაკეებზე ნეონი ხორციელდება

ყვირილის სახით და (რაგინდ შეფარულს)

ამჩნევს ბაყბაყ-დევს მემამულის სახლში

და ამჩნევს სახლს ტკბილალმოკიდებულს

მფრენი მოაჯირი

შეუკრთა

სამგზის სალაღო დანაშაულებს

ხვალ

წამოდგება შავი სოფელი

ჩიტამგდების გეომეტრიაზე ნატვიფრი

ლემა კოშკურებით

მშვენება ერთი დიად უხილავთაგან

მანათობელ ფილებს შორის დაიარება

ასე უკეთ გააშავოს ისინი

მერდიხვარის ძალებსა და მას რომ ელის

იმ სოფლის გულისთვის

ეს რობინ ჰუდის და მერიანის ღამე და რიჟრაჟია

შენაპირდა სიცილიური სალამურების ნარჩენები

არქივოსნები კმაყოფილებენ

მეტალის ტვინი ცოცხალია!

ლუტნები შეეფშვნა ვარდკაჭაჭას გზაკირწყლულებს

მცოცავი თვითმხილველები თავებს ახლიან

წვიმის შორსგადასროლილ იმპერიებს

ეს ოლონიდ წოდებული პირველმოსაყდრეები

ამინდის თავისებურ გუნება-განწყობებში

და ისინი რომლებიც ცეკვავენ

დიდ-უხილავის“ დაშოშმინებად

იერბა ბუენას სანაპიროზე

სამყაროს პირას ცეკვა“

არ არსებობს შეწყალება სულთამჭერთათვის

აქ სერ ფრენსის დრეიკის ბაზალტური იეროგლიფები

la maravillosa” კალიფორნიის ლუმენს დაიდენს

Sequoia sempervirens

ყირმიზ

ვამპირო ხეტყის

შენდა ჩვენი არსება და ძვრა

ვინც ძლივას ვუძლებთ ჩიტს მწერს თუ სხვა რამ ხეს

გარდა კოდალის

ჰაერის ზრიალმტყორცნის

ორაიბი

[ორაიბი: სიტყვასიტყვით „მაღალი კლდე“, ჰოპი

ინდიელების სოფელი, არიზონა, დაარსებული 12-ე

საუკუნეში, უძველესი შემორჩენილი დასახლება

იმისა, რაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატებია

რასაც ვგულისხმობ როცა ვამბობ მომავლის გასაღები იწერება ახლა როცა იხილვება

ჰაერში შენი დიადი სახიერის

ემბლემური გასაღები

ღრიალებს

და მგლის გამომეტყველებით

ოკეანის მუხლს დანარცხებული

ელვისა დათვი

შავ ფარნით ნანათ სანაპიროზე

მისი ღიმილი უტანძვლოს ნიჟარისკბილა

რასაც ვამბობ როცა გეტყვი ჩემს თავს ხილნარი არტყია

ღივს გამოუტანს ოცდაორ ძრავას იმისა რაც იქნება

აბრუნებს მაბრმავებელ კრისტალს

ფურცლიდან უკრავს ცეცხლის ტალღებს

აცენტრული კუნძულის გარშემო

რასაც ახლა ვიქმ უჩინარი ფანჯრებიდან მაყურალი

და ისინიც ალმოდებული

ქარი მთვარედ შენიღბული

ასოთხმეოცი ასო ქროლდება თვალის ორგანოების ტყედ

ტანზარმაცი ასოების მწვანე ცეცხლს კითხულობდე

ჭეშმარიტად მწვანე ცეცხლს მეტაფორის მეტაფორისა

ჩაფხუტზე მჯდარი კაბალა ჩაივლის ჭენებით

მთის დანახვაზე

მე გამომხედავს

ქვებს დამიქნევს მძინარე თვალების მდელოს იქიდან

გარიჟრაჟზე ობელისკი

                              ობელისკი მიმწუხრ გარიჟრაჟზე
მწვანე ხორბალი თეთრ პეპელას

ღამით მოგზაურ ობელისკად აქცევს

ოტიატრი თითების მაგნიტური გაფოთვლა

რაც ობელისკის ქვედატანს აწერია

ქარის პარკუჭები ფარავენ

და აჩენენ

ფირუზის საბატონოდ

დიდ შეუძლებელ ქალაქთა მაფერხებელი

გახილულებული

ფირუზისფერი მზის გზებით

ულტიმა თულე

ძილის ჩლიქები რაკუნობენ ნალექსითვის

მყვინთავი ყვავის ლურჯი ჩურჩულიდან

გამცდარი ჩარჩოს რომლის დისკოც ღამის რიჟრაჟს აფრიალებს

ბრწყინვალე ნავარდის ამ საფლობს შევფრინდი

ბორბალი ჩემს ხელში

ეს შემოხედვა წვიმის

ძილის ძილი აბრუნებს ქვებს ლილიპუტები იღვიძებენ

უჩინარდება სივრცის ილუზიები

ერთადერთგან სადაც

სხეულებია მხოლოდ

კრისტალის ლიანდაგების ამ ნაკვალის მიღმა

თუ ფოთლებს ვიმგზავრებ

მეწრე შუქის წახნაგები ტოტებს იყირჭებენ

შტო-რტო ხტოდნენ და მუხტავენ

ტკივილის რაფსოდების დარად

დასაძინებლად

გარგანტული ლოდის მაუწყებელი

სადაც კალამი ეწობა მხოლოდ სპილენძი

და კუდები გამხსნელი მადლის . . .

. . . პრიზმული ვაშლი ფეთქდება

ამ რახანს ნაძებნი ღამისაგან

დაბრუნების ტყის

მიჯნაზე მონაგნებ შენს დანახვაზე

უხილავი ცვრის ხილულ მკვეთი

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
296