პროზა

ლეონორა ქერინგტონი

(თარგმნა დავით ფარცხალაძემ)

სამეფო ბრძანებულება

სამეფო ბრძანებულება მივიღე, რათა ვწვეოდი ჩემი ქვეყნის მმართველებს.

მოსაწვევი ოქროს ასოებით იყო მოხატული, ვარდებით და მერცხლებით შემკული, კიდეებზე არშიაშემოვლებული.

ჩემი მანქანის სანახავად გავედი, მაგრამ მძღოლს, რომელიც პრაქტიკული გონების ნაკლებობას განიცდის, დაემარხა იგი.

„სოკოების გასაზრდელად გამოდგება,“ მითხრა მან. „უკეთსი არაფერია სოკებისთვის.“

„ბრედლი,“ ვუთხარი მას, „სრული იდიოტი ხარ. შენ ჩემი მანქანა გაანადგურე.“

ფაქტობრივად, ვინაიდან მანქანა სრულიად განადგურებული იყო, ისღა დამრჩენოდა ცხენი და ეტლი დამექირავებინა.

როდესაც სასახლეს მივაღწიე, აუტანელი მოსამსახურე, წითელ და ოქროსფერში გამოწყობილი, მეუბნება: „დედოფალი გუშინ გაგიჟდა; ახლა აბაზანაშია.“

„რა საწყენია!“ წამოვიძახე მე. „ეს როგორ მოხდა?“

„სიცხის ბრალია.“

„ამის მიუხედავად, შემიძლია მისი ნახვა?“ (იმედი მქონდა, რომ ფუჭად არ ჩაივლიდა ჩემი გრძელი ვოიაჟი.)

„დიახ,“ მიპასუხა მოსამსახურემ. „მაინც შეგიძლიათ მისი ნახვა.“

ჩვენ დერეფანში გავისეირნეთ, რომელიც ხელოვნურ მარმარილოში (საუცხოო მიბაძვით) იყო დეკორირებული, ბერძნული ბარელიეფით, მედიჩის სტილის ჭერით და ყველგან ცვილის ხილი.

როდესაც შევედი, დედოფალი აბაზანას იღებდა. დავაკვირდი, რომ თხის რძეში ბანაობდა.

„შემოდი,“ მითხრა მან. „როგორც ხედავ, მე მხოლოდ ცოცხალ ღრუბლებს ვიყენებ; ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა.“

ღრუბლები რძეში დაცურავდნენ; დედოფალს აშკარად უჭირდა მათი დაჭერა. მოსამსახურე ეხმარებოდა დრო და დრო, დიდი კაუჭით.

„მალე მოვრჩები აბაზანის მიღებას,“ თქვა დედოფალმა. „შენთან წინადადება მაქვს. მინდა, რომ ჩემს მაგივრად შეხვდე მთავრობას; მე ძალიან დავიღალე. ყველა იდიოტია; არ გაგიჭირდება.“

„თანახმა ვარ.“

მთავრობის სხდომათა დარბაზი სასახლის მეორე ბოლოში იყო განთავსებული. მინისტრები ძალიან გრძელ და მბზინვარე მაგიდასთან ისხდნენ.

მე, როგორც დედოფლის წარმომადგენელმა, მაგიდის თავში დავიკავე ადგილი. პრემიერ მინისტრი წამოდგა და მაგიდაზე პატარა ჩაქუჩი დაარტყა. მაგიდა ორად გადაიხსნა. მოსამსახურეებმა სხვა მაგიდა მოიტანეს. პრემიერ მინისტრმა თავისი ხის ჩაქუჩი რეზინის ჩაქუჩით შეცვალა. კიდევ დაარტყა და თქვა:

„ქალბატონო დედოფლის წარმომადგენელო, მინისტრებო, ჩემო მეგობრებო: ჩვენი საყვარელი მმართველი გუშინ გაგიჟდა და ჩვენ სხა გვჭირდება. თუმცა, იქამდე აუცილებელია ძველი დედოფლის მკვლელობა.“

მინისტრებმა ერთმანეთში დაბალი ხმით ისაუბრეს მცირე ხნით. ყველაზე მოხუცი წამოდგა და ჯგუფს უთხრა: „მაშინ აუცილებელია გეგმა; არა მხოლოდ გეგმა, არამედ გადაწყვეტილება; მკვლელი უნდა ავირჩიოთ.“

ერთდროულად ყველა ხელი ზევით აღიმართა. მე არ ვიცოდი, როგორც მისი დიდებულების წარმომადგენელმა, რა უნდა გამეკეთებინა.

საგონებელში ჩავარდნილმა პრემიერ მინისტრმა ასისტენტებს გადახედა. „ყველა ერთად ამას ვერ გავაკეთებთ,“ თქვა მან. „მაგრამ ვფიქრობ, კარგი იდეა მაქვს. შაშს ვითამაშებთ და ვინც მოიგებს, ის იქნება უფლებამოსილი, მოკლას დედოფალი,“ და, ჩემსკენ შემობრუნებულმა, განაგრძო: „თქვენ თუ თამაშობთ შაშს, ქალბატონო?“

მე დავიბენი. საერთოდ არ მქონია სურვილი, რომ დედოფალი მომეკლა, და წინასწარ ვხედავდი, რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოეწვია ამგვარ ქმედებას. მეორეს მხრივ, მე შაშის თამაშის ნიჭი საერთოდ არ მაქვს. ვინაიდან ვერ ვხედავდი რაიმე საფრთხეს აქ ჩემთვის, დავთანხმდი: „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს,“ ვუპასუხე.

„მაშინ ვთანხმდებით,“ თქვა პრემიერ მინისტრმა. „გამარჯვებული ჩემს გეგმას უნდა მიჰყვეს. დედოფალი სამეფო სამხეცისკენ უნდა გაასეირნოს. როდესაც ლომების გალიას მიუახლოვდება (მეორე არის, მარცხნიდან), დედოფალს შიგნით შეაგდებს. მცველებს ვეტყვი, რომ ლომებს დილამდე არაფერი აჭამონ.“

დედოფალმა მომიხმო თავისთან ოფისში. დივანზე ამოქარგულ ყვავილებს რწყავდა. „აბა, კარგად ჩაიარა?“ მკითხა მან.

„დიახ, მშვენივრად“ ვუპასუხე, დაბნეულმა.

„მცირეოდენ წვნიანს ხომ ისურვებდი?“

„მეტად კეთილი ბრძანდებით,“ ვუთხარი მე.

„ეს ყალბი საქონლის ბულიონია; მე თავად ვამზადებ,“ თქვა დედოფალმა. „შიგნით კარტოფილის მეტი არაფერია.“

სანამ წვნიან კერძს მივირთმევდით, დედოფლის ორკესტრი პოპულარულ და კლასიკურ მუსიკას უკრავდა. დედოფალს მუსიკა გაგიჟებით უყვარდა.

როდესაც ჭამა დავასრულეთ, დედოფალი დასასვენებლად წავიდა. მე ტერასისკენ წავედი, სადაც შაშს თამაშობდნენ. ვნერვიულობდი, მაგრამ სპორტული პრინციპებისადმი ერთგულება მამაჩემისგან მემკვიდრეობით გადმომეცა. სიტყვა მქონდა მიცემული, რომ იქ ვიქნებოდი, და იქ უნდა ვყოფილიყავი.

უზარმაზარი ტერასა შთამბეჭდავი სანახავი იყო. ბინდით დაფარული და კვიპაროსის ხეებით სავსე ბაღის წინ მინისტრებს თავი მოეყარათ. დაახლოებით ოცი პატარა მაგიდა იდგა, თხელი და მყიფე ფეხებიანი ორი სკამით თითო მაგიდისთვის. როდესაც ჩემი შემოსვლა შეამჩნია, პრემიერ მინისტრმა ხმამაღლა დაიძახა:

„ყველა თავის ადგილზე!“ და ყველანი პატარა მაგიდებს მიუსხდნენ და გაშმაგებით შეუდგნენ თამაშს.

თამაში მთელი ღამე გაუჩერებლად გაგრძელდა; ერთადერთი ხმა, რომელიც დრო და დრო არღვევდა თამაშს, ზოგიერთი მინისტრის ღრიალი იყო. გათენებისას საყვირის მკვეთრმა ხმამ თამაში დასრულებულად გამოაცხადა. უეცრად, არ ვიცი საიდან, შეძახილი გაისმა: „მან მოიგო! ის არის ერთადერთი, ვინც არ ითაღლითა.“

შიშისაგან ადგილზე გავქვავდი.

„ვინ? მე?“ ვთქვი მე.

„დიახ, შენ,“ მიპასუხა ხმამ.

შევამჩნიე, რომ ყველაზე მაღალი კვიპაროსი მესაუბრებოდა. „სჯობს გავიქცე,“ ვიფიქრე ჩემთვის და ხეივანისკენ გაქცევას შევეცადე. მაგრამ კვიპაროსმა თავისი ფესვები მიწიდან ამოგლიჯა, აქეთ-იქით მიმოყარა ტალახი და მე გამომიდგა. „ის ჩემზე მეტისმეტად დიდია,“ ვიფიქრე და შევჩერდი. კვიპაროსიც შეჩერდა. ტოტები ძლიერად შეარხია, აშკარად ეტყობოდა, დიდი ხანია არ ურბენია.

„თანახმა ვარ,“ ვთქვი მე.

და კვიპაროსიც თავის ღრმულში დაბრუნდა.

დედოფალი თავის დიდ საწოლში იწვა.

„სამხეცისკენ გავისეირნოთ, გეპატიჟებით,“ ვუთხარი მე, უსიამოვნო შეგრძნებით.

„ძალიან ადრეა,“ მიპასუხა დედოფალმა; „ხუთი საათიც კი არ არის. ათ საათამდე არასდროს ვდგები.“

„გარეთ მშვენიერი ამინდია.“

„კარგი, თუ არ იშლი…“

ბაღში ჩავედით, სადაც სიწყნარე იყო. გათენების ჟამს სულიერი არსად ჩანს; მშვიდი დროა, ყველაფერი უძრავია, მხოლოდ სინათლე მოძრაობდს. ჩემი თავისათვის მხნეობა რომ შემემატებინა დრო და დრო წავიმღერებდი ხოლმე. ძლიერმა სუსხმა დამიარე ძვლებში! ამასობაში დედოფალი მეუბნება, რომ თავის ყველა ცხენს მურაბით კვებავდა.

„ეს მათ აგრესიულობას აკავებს.“

„მურაბა ლომებისთვის უნდა მიგეცათ,“ ჩემთვის ჩავილაპარაკე.

გრძელი ხეივანი, გარშემო ხეხილით, სამხეცისკენ მიუყვებოდა. დრო და დრო მძიმე ხილი მიწაზე ეცემოდა. პლოპ!

„სურდო,“ თქვა დედოფალმა „შეიძლება ადვილად განიკურნოს, თუ ირწმუნებ. მე ყოველთვის ვიღებ ზეითუნის ზეთში დამარინადებულ საქონლის პატარა ნაჭერს. ცხვირში ვიდებ, და მომდევნო დღეს სურდო ქრება. ან კიდევ უკეთესი, აგრეთვე სამკურნალო, ცივი ატრია ღვიძლის წვენში (უპირატესად ხბოს) სასწაულებრივად მოქმედებს თავისტკივილის შესამსუბუქებლად.“

„სურდო აღარასოდეს შეგაწუხებთ,“ გავიფიქრე ჩემთვის.

„მაგრამ ბრონქიტი უფრო რთულია. ჩემი საწყალი მეუღლე თითქმის გადავარჩინე ბრონქიტის ბოლო შეტევისაგან იმით, რომ ჟილეტი მოვუქსოვე. თუმცა ამან არ იმუშავა.“

ყოველ მომენტში ცხოველების სახლს უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით. ახლა უკვე მესმოდა, როგორ ბორგავდნენ ცხოველები დილის ძილში. მინდოდა უკან შემოვბრუნებულიყავი, მაგრამ მეშინოდა კვიპაროსის, ყველაფრის რაც მას შეეძლო გაეკეთებინა თავისი შავი ბანჯგვლიანი ტოტებით. რაც უფრო მეტად ვგრძნობდი ლომის სუნს, მით უფრო ხმამაღლა ვმღეროდი, ჩემი თავისთვის გამბედაობის მისაცემად.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
293