ინტერვიუ

ინტერვიუ ივა თადიაშვილთან

 

  ესაუბრნენ სკა & თეო

შენს პოეზიაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყოველთვის, როცა მას ვკითხულობ, მიჩნდება განცდა, რომ ლექსი ხდება «ვინმე» და ყველაფრისგან დისტანცირდება. რამდენადაა შენთვის პოეზია საკუთარი თავის მხილება თუ გამჟღავნება და ამით გათავისუფლება?

ივა: ჩემს პოეზიაზე სხვისი აზრის მოსმენის სიამოვნება ხშირად არ მაქვს ხოლმე. სასიამოვნოა შენგან რომ ვისმენ ამას და მეც გეთანხმები. ეს ნიშნავს, რომ სწორად ამომიცანი. ჩემს პოეზიაში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. წინასწარ არასდროს ვიცი ლექსის ბოლოს რა იქნება. ან სხვა შემთხვევაში შეიძლება ჯერ დასასრული დავინახო, დასასრულის დანახვა გახდეს ლექსის დაწერის მიზეზი. ამ შემთხვევაში არასდროს ვიცი წინასწარ რა იქნება დასაწყისში, რა იქნება დასასრულის წინ?

„ვინმე“ არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ლექსები ჩემგან დამოუკიდებლად რა თქმა უნდა არსებობენ. დისტანცირებაში ვისგან ან რისგან დისტანცირებას გულისხმობ? საკუთარი თავთან პირიქით ყველაზე ახლოს როცა ვწერ მაშინ ვარ, ამიტომ ვწერ რომ სხვებმაც იგრძნონ ეს. თუ ხალხს გულისხმობ ხანდახან ვდისტანცირდები, ხანდახან პირიქით მათში ვერევი, ხალხში ვისთვისაც ვწერ, მაგრამ ბევრი მკითხველი არ მყავს. განწყობას გააჩნია, შენ როგორც შენიშნე ჩემს პოეზიაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ყველა ლექსით რა თქმა უნდა მე საბოლოო ჯამში ჩემს თავს ვამხელ ზუსტადაც, და ჩემს თავს ვამჟღავნებ. მაგრამ ვფიქრობ პოეტები საკმაოდ ღრმად ჩადიან საკუთარ თავებში და ის ამბები რომლებსაც ისინი ყვებიან, ის სიტყვები, რომლებსაც ისინი წარმოთქვამენ, ყველას ეხება, ყველასია. ალბათ ამიტომ სტკივათ ხოლმე პოეზია ყველაზე მეტად. ყველაზე სათუთ რამეებს ამხელს უმეტესად.

როგორ აღწერდი წერის პროცესს და საკუთარ თავს ამ პროცესში? შეიძლება ითქვას, რომ სხვა ხარ მაშინ, როცა წერ და სხვა – ნებისმიერ სხვა დროს?

ივა: ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც დამეხმარება შენს კითხვას პასუხი გავცე. ბოლო 8 თვეა ვმუშაობ Change you can / შეცვალე შეგიძლია, იქ ჩვენ ვცდილობთ ადამიანებს მოვუწოდოთ პოზიტიური ცვლილებებისთვის. ვაკეთებთ ჰოლოტროპული სუნთქვის და სხვა პრაქტიკების, ლექციების და პოდკასტების ციკლებს. ერთერთი ჰოლოტროპული სუნთქვის დროს, მქონდა ასეთი გაცნობიერება, რომ მე ყოველი ლექსის წერისას ისეთი გამბედაობის მოკრება მიწევს, რომ ეს თვითმკვლელობის ტოლფასი ხდება და ზუსტად ლექსის დაწერისთანავე კვდება იმ ლექსის ავტორი და მე სრულიად ვდისტანცირდები ლექსის ავტორობისგან. მეორედაც აღარ ვუბრუნდები ხოლმე ლექსებს ხშირად, ან სულაც ვკარგავ ლექსებს, ბლოკნოტის რომელიღაცა ფურცელზე. ჰოკუსაი, სელინჯერი, ვან გოგი ერთი ხელის მოსმით ქმნიდნენ. მეც ეგ სტილი მომწონს, შესწორებების გარეშე. ის რაც პირველად ითქვა. მეც ხანდახან ვარედაქტირებ რათქმაუნდა, რედაქტირების წინააღმდეგი კი არ ვარ. როგორც ბრესონი იტყოდა ოსტატს რაში სჭირდება 100 დუბლის გადაღება ფილმის გადაღებისას? შენ თუ  პოეზიას დაიხმარ და სწორ სიტყვებს ეტყვი შენს მსახიობს, ის ხომ იგრძნობს და ზუსტად იმას იზავს რაც შენს პოეზიას სჭირდებოდა? ბრესონიც ძენ ბუდისტი იყო, არ ვიცი რამდენად იცოდა მან ამის შესახებ.

 

პოეზიის სუბსტანცია ენაა. მაქს ფრიშის ერთ-ერთ რომანში საინტერესო თეორიას წავაწყდი იმის შესახებ, რომ უცხო ენაზე დუმილი განსხვავდება მშობლიურ ენაზე დუმილისგან; უცხო ენაზე დუმილის დროს ნაკლებად გაურბიან ფიქრს და მეხსიერებაც ნაკლებს ინახავსო. თუ გავიზიარებთ აზრს, რომ პოეზია კონცენტრირებული და ორიენტირებული მეხსიერებაზეა, შენი აზრით, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ან შენთვის რა იყო მნიშვნელოვანი სხვა ქვეყანაში ან\და სხვა ენაში ცხოვრების დროს?

ივა: „პოეზიის სუბსტანცია ენაა“ კარგი თემაა საკამათოდ. მე გეთანხმები, პოეზიის ძალა სიტყვებშია.  მე მაქვს ესეთი ფანტაზია, რომ პოეზია იყო საწყისი ენა, თავიდან პოეზიით ვმეტყველებდით. მერე გამრავლდა სიტყვები და სულ უფრო გართულდა პოეზიის გარჩევა, უბრალო სიტყვებისგან. ხალხი იმას უსმენს, ვინც ბევრს ლაპარაკობს და სწორედ მათ იციან ვინც ჩუმად არიან. ხოლო ვინც დუმან მათ ყოველთვის აკრიტიკებენ, მაგრამ პოეზიას ვფიქრობ კრიტიკა აკლია სწორედ. პოეზიას ალბათ ისევ პოეტები კითხულობენ ყველაზე ბევრს.

ქართული რა თქმა უნდა ჩემი მშობლიური ენაა, მაგრამ ის რაზეც ვსაუბრობ რაზეც, ვწერ ლექსებს, იქ მშობლიური და უცხო ქრება, ამისთვის ვწერ რომ გაქრეს ეს ცნებები.

და ლექსი ხანგრძლივი დუმილის შედეგია. ძენ ბუდიზმში არის ქმედითი მედიტაცია, როცა შენ აწესრიგებ შენს საკუთარ სახლს ან ეზოს, საქმეში ხარ ჩართული, ეს მედიტაციაა. და ამ მედიტაციის შედეგია ლექსებიც. მე გართული ვარ ათასი სხვა საქმით და ლექსის წერის სურვილი თავად მოდის.

მეხსიერებას თუ წარმოვიდგენთ როგორც ვერტიკალურ უსასრულოდ ღრმა  ჭურჭელი, პოეზია რა თქმა უნდა არის მეხსიერებაზე ორიენტირებული, მეხსიერებაზე რომელსაც არ აქვს დასასრული. სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად არსად მიცხოვრია. საქართველო ძალიან მიყვარს, სხვა ქვეყანაში წასვლას და იქიდან წერას ლექსების ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ჩემი ლექსები მართლაც ხალხისთვისაა, მე როცა ვწერ მინდა რომ ხალხმა გამიგოს. აღარ ქონდეთ მიუღებლობა და განთავისუფლდნენ უცხო და მშობლიურისგან. რა თქმა უნდა სხვა ქვეყნების მონახულება მიყვარს. იაპონიაში ვიცხოვრებდი ალბათ. მაგრამ ესეც ფანტაზიაა.

ბევრ საინტერესო ავტორთან გიწევს ურთიერთობა. გვითხარი შენთვის საინტერესო სახელები ჩვენი დროის ლიტერატურულ სივრცეში.

ივა: მე ხშირად ვკითხულობ და ვისმენ თავად ავტორებისგან მათ ნამუშევრებს. თანამედროვე უცხოურ ლიტერატურასაც ვეცნობი, როგორც ვახერხებ. მე ის პოეზია მომწონს, რომელიც ჯერ არ შემოდებულა წიგნის მაღაზიების თაროებზე და ესენი არიან ჩემი მეგობრები. ირაკლი ყოლბაიას ლექსები ძალიან მიყვარს.. მისი ლექსების კითხვა ყოველთვის გრძნობას მანიჭებს, რომ მეც უნდა ავდგე და ჩემს მეგობრებს გვერდში დავუდგე. მეც უნდა ვწერო ლექსები. ასევე ზურა ნეფარიძის ლექსები ძალიან მომწონს. ხშირად მახსენდება ზურას ლექსიდან ფრაზები. ნიკა გეისაც გამოვარჩევდი, ბოლო დროს მისი ლექსები აღარ წამიკითხავს, მაგრამ საოცრად ნაზი და მშვენიერი ლექსები აქვს. ჩვენ პოეტები ერთმანეთს ვავსებთ, ერთმანეთის ლექსების კითხვით, და ეს უმშვენიერესია.

ერთმა ფსიქოლოგმა სიტყვები ბალიშებს შეადარა. თქვა, თუ სწორ ადგილას მოათავსებ, ისინი ტკივილს შეამსუბუქებენო. შენი აზრით, რას ნიშნავს «სწორად შერჩეული» სიტყვები პოეზიაში?

ივა: ზევით მგონი ამ თემასაც შევეხეთ, თითქოს ყველა კითხვა და პასუხი ერთმანეთთან სულ უფრო და უფრო კავშირდება. ეს ნიშნავს რომ ძალიან კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა, სწორად შერჩეული კითხვების დახმარებით. სწორად შერჩეული სიტყვები ტკივილს ნამვდვილად შეამსუბუქებენ მაგრამ საინტერესოა, ტკივილის შემსუბუქებით თუ ეშველება ვინმეს რამე? იქნებ ტკივილი უფრო სასარგებლოა?

წერისას სიტყვები თავისით მოდის, ინტუიციას ვენდობი უფრო მეტად. ამიტომ ჩემს ლექსებში სიტყვები ინტუიციურად მოდიან. შერჩეული სიტყვები შეიძლება სიყალბე გახდეს. ქართულ საზოგადოებაში ხალხი მიჩვეულია უფრო მეტად კონვენციურ ლექსებს. და ხშირად უმრავლესობა ფიქრობს რომ პოეზია არის მხოლოდ კონვენციური ლექსი. ეს ასე არაა და ძალიან ვწუხვარ რამეთუ არა იციან რას სჩადიან. მაქვს საკუთარი იუთუბ არხი Stasimon / სტასიმონი, საიდანაც პოეზიის პოპულარიზაციის შესაძლებლობა მაქვს. შენც და ჩვენც ვცდილობთ რომ რამენაირად ჩვენი ხმა ხალხს ჩვენი მცირე ძალებით მივაწვდინოთ. მხოლოდ პოეზიით და მხოლოდ პოეზიაზე საუბრით.  ესეც ძალიან ლამაზია.

შენ გატაცებული ხარ მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნითაც. მოგვიყევი ამის შესახებ. გაქვს სამომავლო გეგმები ამასთან დაკავშირებით?

ივა: ეხლა ვმუშაობ ერთი პატარა ფილმის სცენარზე, fount footage horror ჟანრის ფილმი იქნება. ვფიქრობ გამოზაფხულებისთანავე მოვახერხებ გადაღებას.

ჰორორ ფილმი იქნება, ორ ტიპზე რომელიც ნარკოტიკის ასაღებად მიდიან მიყრუებულ ადგილზე, და იქ სულ სხვა რამე დახვდებათ. მეტს აღარ მოვყვები. დანარჩენს ეკრანისთვის დავტოვებ.

განმარტე ბიბლიოთერაპია.

ივა: ბიბლიოთერაპია, ჩემს რამოდენიმე ლექსს ქონდა მიწერილი. საჭიროებს ნამდვილად განმარტებას, ბევრმა ალბათ არ იცის რა არის. ეს არის თერაპიული მეთოდი, არტ თერაპიადაც შეიძლება ჩავთვალოთ. უშუალოდ ბიბლიოთერაპია  არის წიგნის გადაფურცვლისა,ს ან უბრალოდ წიგნის სათაურების თვალის შევლებისას, ჩაიწერო ნებისმიერი პირველად მოსული სიტყვა, ფრაზა ან წინადადაება. და შემდეგ ამ ჩანიშნული რამეებით ლექსი შეკრა. რამოდენიმეჯერ ვცადე ეს მეთოდი, ძალიან კარგმა ფსიქოლოგმა ნინო კანდელაკმა მასწავლა. ნინო ამ პრაქტიკას მისი მეგობრის ნახატებით გვაკეთებინებდა. სულ რამოდენიმეჯერ გამოვიყენე და ის ლექსები, რაც უფრო დიდი ხანი გავიდა, სულ უფრო ძვირფასნი გახდნენ ჩემთვის.

და ბოლოს, როგორ გგონია, სხვა ეპოქაში რომ გეცხოვრა, ექნებოდა შენს ლექსებს სხვა რიტმი და ხასიათი?

ივა: სხვა ეპოქაში რომ მეცხოვრა, ალბათ უფრო იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად მექნებოდა წერის ფუფუნება. საბჭოთა კავშირში თუ არ დამხვრეტნენ, ან ძველ საბერძნეთში თუ არ გამასამართლებდნენ. მე მომწონს ეს დროება, უფრო მეტად აქ და ახლაზე ვკონცეტრირდები ხოლმე.

სხვანაირი რიტმი და ხასიათი რათქმაუნდა ექნებოდა. ყველა ადგილი სხვადასხვანაირ რითმს და ხასიათს იძლევა. თუ კარგი პოეტი ვიქნებოდი ალბათ მოვახერხებდი ეპოქიდან, რითმებიდან და ხასიათებისგან განთავისუფლებას და ვიქნებოდი ის რაც ეხლა ვარ, სხვა ეპოქაში დღევანდელი მე. მაგრამ მაინც ეს ყველაფერი შეადგენს ლექსს.

 

 

 

 

 

Widget is loading comments...
290