პოეზია

ლენორ ქანდელი

წიგნიდან: “სიტყვის ალქიმია” (1967)

თარგმანი: ს.კ. 

I

პოეზია არასდროსაა კომპრომისი. ის გამოცხადება/გადათარგმნა ედვის, წვდომის, გამოცდილების. თუ საკუთარ ხილვას თმობ, ბრმა წინასწარმეტყველი ხდები.

დღეს აზრი არ აქვს ლექსების მოხერხებულობის საჩვენებლად წერას. ხელობა ღირებულია, რამეთუ ის ბრწყინვალედ ასრულებს ექიმბაჟის როლს სიწმინდის, მშვენიერების და ხილვის დაბადებაში; მაშინ კი, როცა საკუთარი თავი უყვარდება – ვერბალურ მასტურბაციას იწყებს.

პოეზია, რომელსაც მე ვწერ, უკავშირდება ქმნილების და ქმნადობის ყველა იმ ასპექტს, რომელშიც ის მოძრაობას იწყებს. მცდელობის მიზანი ცნობიერების გაზრდაა. შეიძლება ეს იყოს იმის გაცნობიერება, როგორ სერავს ფრინველი ცას ფრთებით ან ნდობის სირთულის და აუცილებლობის გაცნობიერება ან გაცნობიერების მოთხოვნილება და რა თქმა უნდა ცნობიერების შიში. მცდელობაზე შეიძლება მშვენიერებამ ან შოკმა ან სიცილმა იმოქმედოს, მაგრამ მიზანი ყოველთვის მკაფიოდ ჩანს შიგნიდან და გარედან.

ეს მოითხოვს გულწრფელობას პოეტის და მისი პოეზიის მხრიდან. გულწრფელობა ზოგჯერ მხიარული და ზოგჯერ მტკივნეული იქნება პოეტისთვის ან მკითხველისთვის ან ორივესთვის. ჩემი ორი ლექსი, რომლებიც ცალკე წიგნად გამოვაქვეყნე*, ასახავს ფიზიკურ სიყვარულს და ადამიანში ღვთაებრიობის ფიზიკური სიყვარულით მოხმობას, აღიარებას და მიღებას. ეს კარგია. იმდენად კარგი, რომ შეგიძლია საკუთარ ეგოს გამოეყო და სამყაროს ბრწყინვალება გაიზიარო. ეს მარტივი და უფრო მეტად აშკარა განცხადება გავრცელდა და განიმარტა პოეტების მიერ და თითქმის დაუჯერებლად აღმაშფოთებელი იყო. აღშფოთებას დიდწილად ანგლო-საქსური წარმოშობის გარკვეული “ბინძური სიტყვებით” ნაზი ევფემიზმების ჩანაცვლება იწვევდა. ეს წამოჭრის პოეტური ენის საკითხს. რაც არ უნდა ითქვას ენით, ენა პოეტურია და თუ პოეტისთვის საჭირო სიტყვა მისთვის ცნობილ ენაში არ მოიპოვება, ის ვალდებულია თავად შეადგინოს ეს სიტყვა. ერთადერთი აუცილებელი პირობა ამ დროს შეიძლება იყოს სიტყვის სიზუსტე, ანუ ზუსტად ისეთი სიტყვა, როგორსაც ლექსი მოითხოვს.  მხოლოდ პოეტს შეუძლია იყოს ამ სიტყვის განმსჯელი.

ევფემიზმი, რომელსაც შიშის და ფარისევლობის ძალითაა მოტანილი, ლექსს მაშინვე, პოეტს კი, დიდი ხნის მანძილზე, ნელა კლავს.

*The Love Book (God/Love Poem; To Fuck With Love (Phase I, Phase II, Phase III), 1966.

II

ცენზურის ნებისმიერი ფორმა, მენტალური, მორალური, ემოციური თუ ფიზიკური, შინაგანი თუ გარეგანი, თვითშემეცნების წინააღმდეგ ბარიერია.

პოეზია ცოცხალია, რადგან ის ხილვის და გამოცდილების საშუალებაა.

ის არც ყოველთვის ლამაზია.

ის არც ყოველთვის უსაფრთხოა.

პოეზია აკადემიიდან ქუჩაში გადავიდა, დაიმტვერა და მისი ახალი ნაყოფები ორივე სივრცეში უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა. აკადემიურმა სამყარომ აღძრა შიში დანაშაულის წინაშე, ანუ შიში იმის წინაშე, რასაც სხვისი დაზარალება შეეძლო. ხილვაც და ენაც ხშირად ფერმკრთალდებოდა და იხშობოდა, რის გამოც ლექსი ლიტერატურული ტანვარჯიშის საშუალება გახდა.

ქუჩის პოეზია არ ებმება შიშის მახეებში, მაგრამ ის საკუთარ აზრს კარგავს გულწრფელობის ნაკლებობის, დაუდევრობის, ხელობის ხელოვნების ნაკლებობის გამო.

პოეზია თავისთავად არ აქვს საჭიროებს, ზემოთ ხსენებულ ან სხვა კატეგორიებს შეესაბამებოდეს. ის არსებობს. და ვერ იარსებებს შეზღუდვასთან ერთად.

როცა პოეტი ზღუდავს საკუთარ სიტყვას, აღარ ამბობს იმას, რასაც ხედავს. როცა ის ზღუდავს საკუთარ ენას, არ იყენებს სიტყვებს, რომლებიც სრულყოფილად მიაჩნია. ეს თვითდასახიჩრება ხელოვნურ საზღვრებს აწესებს ხელოვნებისთვის, რომელსაც სხვა, წარმოსახვითი საზღვრების გადალახვა უნდა. პოეზიასა და ხილვაში ბარიერები არ არსებობს; თავიანთი ბუნებით ისინი ბარიერის მრღვეველები არიან, აღქმის ამფეთქბლები, უსასრულობის გზით მავალი სხივები. თუ პოეტი იტყუება საკუთარი ხილვის შესახებ, ის იტყუება საკუთარი თავის შესახებ და იტყუება საკუთარ თავშიც; წარმოშობს ნამდვილ ბარიერს. როცა პოეტი ენას იყენებს ამ გათვლით და არა ისე, რა გზითაც სრულყოფილი იქნებოდა ლექსისთვის, ის ხდება საშიში და უსარგებლოდ ზომიერი.

როცა სხვა ინსტანცია ცდილობს პოეზიისთვის ცენზურის დადებას, ამით ის ცენზურას ადებს სიმართლის აღიარებას და ნაბიჯს მისი გაცხადებისთვის.

III

როცა საზოგადოებას საკუთარი პოეტების მიმართ შიში უჩნდება, უჩნდება შიში საკუთარი სახის მიმართ. საზოგადოება, რომელსაც საკუთარი სახის ეშინია, მარადიულ ტანჯვაშია. ლექსი, რომელიც დაიწერება და გამოქვეყნდება, არის მისთვის, ვინც თავად გადაწყვეტს, წაიკითხს. ეს ჩემთვის პოეტის ერთ მთავარ პასუხისმგებლობას გულისხმობს – თქვას ისე, როგორც ხედავს. ისე საოცრად, ისე განმაცვიფრებლად, როგორც შეუძლია; რომ უფრო მძაფრად მანვე აღიქვას საოცრება; რომ ალქიმიურად იმუშაოს ენის შიგნითა მხარეს – სადაც პოეზიის ფორმა და ქმნადობაა.

თანამედროვე პოეზიის მკითხველთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა. ჩვენ ვიმყოფებით სამყაროში, რომელშიც სიცოცხლის და სიკვდილის წინააღმდეგობები და შესაძლებლობები მუდმივ ცნობიერებებად არსებობენ. კოსმიური სიკვდილის კონცეფციაზე და წვდომაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საჯაროდ გავრცელდა, რომ “გადატვირთვის”(overkill) მსგავსი რაღაც არსებობს, თან აქ, ძალიან ახლოს. იყო ეპოქები, როცა ახალგაზრდებს შეეძლოთ აუღელვებლად გადაენაცვლათ მათი წინაპრების ცხოვრებაში. მათთვის მარტივი იყო უგულებელეყოთ კაცობრიობის, ადამიანთშორისი ურთიერთობების უფრო არსებითი ინტერესები, თუ ამას მოისურვებდნენ. ახლა მსგავსი დრო არაა და ახალგაზრდების არჩევანი უფრო ღრმა და მძიმეა. 18 წლის ახალგაზრდას გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს, შეუერთდება თუ არა სიკვდილის ეროვნულ გასართობ საშუალებებს. მათი უმეტესობა განსხვავებულ გზას ირჩევს, სიამოვნების, ცოდნის და ურთიერთობების მიღების და არა ომის სამყაროს და პირად სასოწარკვეთას, რასაც მათ მშობლების უმეტესობა სთავაზობდათ.

ამ გადაწყვეტილებების მიღება რთულია და მათგან თავის არიდება – შეუძლებელი.

ისინი, ვინც თანამედროვე პოეზიას კითხულობენ, ამას სიამოვნებისთვის აკეთებენ, გონიერებისთვის, შეიძლება პასუხებისთვისაც. კანასკნელი, რასაც ისინი შესაძლოა ფიქრობდნენ ისაა, რომ პოეტი, რომელიც საკუთარ ხილვას და გამოცდილებას მათთან აზიარებს, ამას სარგებლის გარეშე აკეთებს.

შიშის გამო პოეზიის კომპრომეტირება ფსიქიკის შემცირებაა. სარგებლის გამო პოეზიის კომპრომეტირება – სულის უგრძნობი, მცირე სიკვდილი.

                                                             L.K.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
72