პოეზია

ანი სირაძე 

Νάρκισσος

ღმერთი ფოთოლს ყრის ვიღაცის ენის ბაღში.
თითქოს მკვდარი ცხენების დოღს მიაჭენებდეს,
ავადმყოფ ყვავილს.
სურვილების ხვატი გულს აელამებს,
წყალს აწვდის გლოვის ჭურჭელს,
ადგილის მსმელი
სიკვდილისა და აღდგომის ურღვევ ციკლში.
მთელი ღამე თავის ანარეკლს ელაპარაკება
გაუსაძლის სიყვარულზე:
ვერ გეხები.
სარკე მარადიულია, მე კი
სხვა დროის მიღმა მდგომი ვარ,
ფანტომურის.
ყველა ცრემლი, რომლითაც გეკვრი,
სხეულებრივი მტვერია,
ენის სველი ლორწო ეხება შენს ცხვირს, კბილებს, უკანალს,
ყველაფერს, რაც სარკეში ჩემი სახიერებით ირეკლება, მაგრამ
მე არ ვარ.
სარკის უწყვეტ მიმოქცევაში გლოკავ ღამე,
მაგრამ არ ვიცი, რა არის ღამე და რა არის დღე,
არ მახსოვს მათი მდინარება,
მათი წყვეტილობა და შეხვედრა,
მათი ფერფლით ივსება ჩემი მკვდარი ოთახი.
ვაგრძელებ წოვას შენს ძუძუზე ,
რომელზეც პატარა ნაპრალია
რომელსაც ვავსებ ძვირფასი სითხით,
შენ მიბრუნებ არაფერს,
არც ერთ სიზმარს, ცხად აჩრდილებს
ალქაჯური წრიული ცეცხლის.
სად მიდის ჩემი შეყვარებული, რომელ მიქსტურას
მიმზადებს დროის ნაკადში?
რამდენი ყინული ტყდება აქ, მთვარის გულში,
სადაც გიერთდები,
როგორც ქუჩის შუქი ფანჯარაში შემომძვრალი
მიმზერ.
სევდიანი სიმღერის ნერგი უნებლიედ ჩემს ხელში
და გაწვდი, სადმე დარგე სარკის შუაგულში,
ედემის თვალი;
მაგრამ კვლავ ეს გაუსაძლისი ტანჯვა შენს დანახვაზე,
როგორც შუშის ასეული ნატეხი ღრმად კაკალში
ჭრის და სისხლს წურავს,
დოლბანდში ახვევს ჩემს დაკარგულ სინათლეს:
აღარასდროს შეგეხო,
გიხილო –
დრიადების წყევლა.

ამ კვალს სად მივყავართ ?
მუშის ნაბიჯები მსუბუქ ღრუბლებშია.
მწვანე მწერები თვითმფრინავის ძრავაზე
მესერს ავლებენ ფიქრებს.
იმის დილა, ვინც მზის პირველ სხივებს ეგებება,
იწოვს თავის გაუმტარ კანში
სიცივის ფერებს ნორდიკული ფოთლების მასივიდან
და ჩვილის მკვახე ნაყოფი თვლემს მის ღია საშოში.
რას ინატრებდა, უკანასკნელად ენახა?
ქალი დაეკარგა ტყეს, რომელიც ღამეს აძებნინა
და უცნობ ხეებს, მათი ბუდეების სტუმრებს.
წარმოიდგენდა, როგორ მისდევდა მის ნაფეხურებს,
ყნოსავდა დიდხანს, თითქოს ღვრიდა სურნელებებს ლაკმუსზე,
ჯიბით ატარებდა,
მერე კარგავდა გზაზე – სუნს, პატარა თმებს იღლიებში, ბოქვენთან,
კვლავ იბრუნებდა დანაკარგის ძვირფას თესლკვირტებს,
რასაც ჩააგდებდა მასში
მოუმთავრებელი სურვილების საღვივებლად.
ნივთის არსი – მისი წვდომისა და შეცნობის მყარი, დაუძლეველი
ვნება,
მისი შეხებით დაწყებული კვდომის ფაზა.
ამ ფიქრებში ვიღაც ამეტყველდა მასში ჩრდილოგერმანიკულ
გამქრალ ენაზე Futhark.
ვიღაც მასზე ძლიერი კითხულობდა დავიწყებულ სიტყვებს,
მაგრამ ვის მოუხმობდა?
ვისი ჩამქრალი კერიის ფერფლს უმღეროდა?
სწრაფად უარყო ეს მკვრივი შიშები კარს მომდგარი,
კვლავ ტკბილ ხილვებში, ქალის ჯერაც თბილ
ნაკვალევში.
ნადირობის მჭახე სურვილი.
ვისი ენაც ჩიტივით კოჭლობდა სიზმარში და ეძინა
მის მტკივან ნაწილს,
რაღაც დიდს მოუთხრობდა,
მთელს, როგორც დაუსრულებელი ზამთარი,
ყველაფერს, რასაც საწყისი ჰქონდა,
რაც ვარდის ელფის ყურშროშნებს შემოენახათ:
მომეცი ყველაზე პატარა კენჭი და მე მას გოდოლად ვაქცევ.
შენს ხელებში დავეშვი, რაც ნიშნავს – მე მივიღე ტანჯვა
და ქალი დამალული ტულეს ხის ზურგზე,
ქარით ეცემა მისი ფოთლების სახურავზე.
მიწა ვერ მიიზიდავს, წვიმა ვერ დაასველებს,
რას ჭამს, რითი იმოსება,
რა ფერს ირეკლავს მისი ალისფერი სარჩული
გულის?

საგნები თავიანთ თავს წარმოშობენ,
თავიანთ თავს კმარობენ.
საგნების ფლობისას თავად ვხვდებით ისინი,
მაგრამ არაკმარები საკუთრივ ჩვენი მომწიფებისთვის,
ჩვენი ჩაკეტილი საზღვრებისთვის,
ხელებ შორის გვეცლებიან, იდევნებიან.
ქალს მოვუხმე ქალის არსის მყარი წიაღიდან,
არ დატოვოს არც ერთი ნაწილი,
არც ერთი პწკარი თავისი სხეულის
De Anima
სრულქმნის გზაზე,
რომ გახდეს ის, რაც გადაშლის მის სიღრმეს
განუყოფლობის,
მასში მშრალი პოლარობის გადალახვით.
ეს საწყისი ჩვენზე მძლავრია,- ვეუბნები თავს.
როცა ქალის თემი არცოდნის კვალზე იღვრება
ღვთაებრივისკენ,
ის ეცხადება სახეს წყვდიადში –
ამ სახეს მახვილის ლოყით ედება და ამარცხებ მას,
ქალით სრულყოფს.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
84