პოეზია
თეონა კომახიძე
1
მან დაინახა ნეონის შუქი, ძველი შუქი, მარტოობის შუქი და ვირთხების შუქი
ძველისძველი ვარსკვლავის შუქი გამორჩეული რკინის სიმყარით
შუშის მანქანების შუქი რომელშიც არსებობა სარკიდან ჩანდა
იგი იყო ზამბარა ღმერთისთვის რომელიც ბაღში დაკრეფილი თვალებით ქმნიდა სინათლეს
სიცხადის ბაღში სადაც ოდესღაც ქარი ელექტრული კოცნით იშვა
იქ ხეები ყვიროდნენ უძველეს ნათელში
მათ ხელებს ჭრიდნენ
და ვიღაც ესვენა როგორც ცივი მინანქარი სამყაროს თავზე
ღმერთმა ამოყვინთა მეტროს პირიდან და
და პირველად იხილა დიდი ქალაქი
იგი იყო ბალახის ბოლში გახვეული
გვერდით კი ჩარბოდნენ ბანკირები და გადამყიდველები
ჩაფლულები თავიანთი საქმიანობის მთელ ქსოვილში
2
და მეორე დღეს მან იხილა ქალი დიდი თვალებით
თავის შვილს რომ იცავდა ფოთლის ხელშუბით
ისევ ისე გაშეშებული როგორც პირველად
არ წაქცეულა
და უეცრად მან დაინახა ხელთუქმნელი ცისფერი შუქი
რომელსაც შენი თვალის ძაფისგან ვქსოვდი ბოლვერკ
დაემშვიდობე შენს საყვარელ ყვავებს და ცხენებს
3
ღმერთმა დაინახა ქარების სიზმარი უთეთრეს შუქში
ღამით მან ცრემლები პირში დაიტოვა და საიდუმლოდ დათესა ბაღის კუთხეში
იქედან ამოსული ხმები სხვებმა დაკრიფეს
მან დაინახა გატეხილი ამაღლება
დაინახა როგორ ცეკვავდი ვარდების ნათელღების ლურჯ სიზმარშუქში
და ძაღლივით ყეფდი
შენი სიტყვები გველმა წაიღო
მოკალი მისი ლეკვები?
მოკალი!
მათი ცქრიალა კბილები სიკვდილს ნიშნავენ
ასევე იხილეთ
