პროზა

მიხაილ ედიშერაშვილი
დიდი აფეთქება

წინა ღამის ოთხ საათზე ჩემს ამერიკაში წასულ ამხანაგებს ვწერდი ტექსტურ შეტყობინებებს, ხოლო, აქედან გამომდინარე, მგონი, მარტივად მიხვდებით, რომ ადამიანი – ამ შემთხვევაში, მე, თქვენი მონა-მორჩილი – რომელიც დილით ადრე – კერძოდ, შვიდ საათზე – სამუშაოზე მიდის, გამოძინებას ვერ მოასწრებდა. მართლაც და, სულ ერთი საათი წავთვლიმე, ექვსზე კი ავდექი და ყავა დავასხი. ახლა იფიქრებთ, თუ ოთხზე წერდა ეს კაცი თავის ამხანაგებს შეტყობინებებს, და თუ ექვს საათზე ადგა, მაშინ ერთი საათი რანაირად ეძინაო? იტყუება – საკუთარი თავის ტანჯულ პიროვნებად წარმოჩინება უნდა, და ამით აქვს განზრახული ჩვენი მოთაფლვაო; ობოლი სულისა და ინსომნიით დატანჯული სხეულის პატრონის როლს ირგებს, და ამით ჩვენი გულის მოგება უნდაო. სინამდვილეში, ძვირფასებო, მე ვთქვი, ოთხ საათზე ვწერდი-მეთქი წერილებს, და არა – ოთხ საათზე დავიძინე-მეთქი. დაახლოებით, ხუთისკენ ჩამეძინა, ხოლო ექვსის ორმოცდათვრამეტ წუთზე – ანუ, იმ დროს, როცა მაღვიძარის დარეკვას სულ ორი წუთიღა ეკლდა – თვალები გავახილე. დიდი დღე მელოდა წინ, კარიერული თვალსაზრისით, რადგან ამ დღეს უნდა გადამწყდარიყო, წავიდოდი თუ არა შვეიცარიაში ოფიციალური ვიზით მარტის თვეში. ორატორთა შიდასამსახურეობრივი კონკურსის დღე იყო, მოკლედ რომ ვთქვათ, და მე სპეციალურად შერჩეულ თემაზე უნდა მესაუბრა. თვალები მეწვოდა უძილობისგან გამოწვეული სითხის უკმარისობისდა გამოისობით, ასევე მციოდა სასტიკად – ძვალსა და რბილში ატანდა ნაადრევი ზამთრის ნაადრევი სუსხი – და, აქვე დავამატებ, რომ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც რატომღაც კარგ ხასიათზე ვიყავი. მაგრამღა, მაინც: მე – ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია – ზემოთ მოყვანილი სამი დებულება – თვალების წვა, სიცივე და კარგი ხასიათი – ერთმანეთთან დავაკავშირე, რა გასაკვირია, და არც თუ ისე მყისიერ – მაგრამ მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რომ სპონტანურ – გადაწყვეტილებამდე მივედი. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის მოგვარება გადავწყვიტე იქამდე, სანამ სიტყვით წარვდგებოდი ქართველ ორატორთა წინაშე. სიმართლე ითქვას, ყველაზე ნაკლებად საკუთარ საუბარზე ვნერვიულობდი, რადგან მჯეროდა, ზუსტად ეს იყო ჩემი მოწოდება. მოკლედ, გავაგრძელებ: ჯერ ძლიერი გამოფხიზლების გეგმა დავხატე გონებაში და, შესაბამისად, პირველ რიგში, გადავწყვიტე, ყავა დამელია. დავლიე კიდეც, თუმცა, ათ წუთში რომ ვერ შემაფხიზლა, მაცივარი გამოვხსენი, იაფფასიანი ენერგეტიკული სასმელი ,,ბუმი” გამოვიღე და ჭიქაში ჩამოვისხი, ხოლო მერე გენიალურმა იდეამ დამარტყა თავში: გავიხსენე რა დარჩენილი ორი პრობლემა – სიცივე და კარგი ხასიათი – მივედი დასკვნამდე, რომ ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტიანი ეთანოლი ჩამემატებინა ,,ბუმიან” ჭიქაში, რათა ჯერ გავმთბარიყავი, ხოლო შემდეგ კარგი ხასიათიც გამქრობოდა, ვინაიდან, ცნობილი ფაქტია, ალკოჰოლი ძლიერი დეპრესანტია. ყველაფერი გეგმის მიხედვით გაკეთდა – ერთი ის იყო, რომ ეთანოლი ცოტა მეტი ან, სიმართლე ითქვას, კარგად მეტი მომივიდა, თუმცა ეგ არაფერი – აიტანს კაცი! ჩემს ოთახში დავბრუნდი, მთელი დილის პროცედურები ჩავატარე, მერე თბილად და, ამავდროულად, გემოვნებიანად ჩავიცვი, და გავედი ქუჩაში.

ჰაერი იმაზე ცივი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო, თუმცა ერთი დადებითი ფაქტი მოხდა: ლამაზი გოგო მომიახლოვდა, ჩემზე დაბალი, შემაძრწუნებლად დახვეწილი ნაკვთებით, ზემდგომი აურითა და ტკბილად დასაკოცნი ტუჩებით. ჰო, მოკლედ, მოვიდა, და მითხრა:

– მა სი მიორქ, – საოცარი ხმა ჰქონდა, რომელიც ისე ჩამეღვარა ყურებში, როგორც ოჯალეში ჩაიღვრებოდა მოხდენილ ჭიქაში.

– სკან დიდა ფხოდ, – მეტი არაფერი ვიცოდი მეგრულად და, აბა, რა მეთქვა – ხომ არ ვაწყენინებდი და ქართულად დავუწყებდი საუბარს?..

გავაგრძელე გზა.

ჩემი სამსახურის შენობაში რომ შევედი, უფროსი შემომეგება შესასვლელში, თბილად მომესალმა, მეც – ასევე, და მერე მკითხა:

– გუშინ რატომ არ იყავი, ინკუბუს?

– ლაშას მამა გარდაიცვალა და, ხომ იცით… – ვუპასუხე.

– უი, როდის, კაცო? – აღშფოთდა. – საწყალი… კაი, მიდი, ადი ოფისში. დღეს მნიშვნელოვანი დღეა და, აბა, წარმატებები.

– მადლობა, მადლობა.

ახლა ბევრი უნდა ვიხტუნაო, ვინაიდან დრო მეწურება, მე კი უნდა მოვასწრო და მთავარი ამბავი დავასრულო. მოკლედ, ოფისში ავედი, ელემენტარული ფორმალობები მოვაწესრიგე, მერე კი მთავარ დარბაზში, საქართველოს ეროვნულ ორატორთა კონკურსზე შევედი. ოცდაათი მომხსენებელი ვიყავით, როგორც სიიდან გვამცნეს. მე რიგით მეცხრამეტე აღმოვჩნდი. სხვებმა, რა თქმა უნდა, უაზრობები ილაპარაკეს და, დამიჯერეთ, არც ღირს მათი გადმოცემა, ამიტომ გადავიდეთ ჩემს სიტყვაზე, თანაც – უკვე შუიდან:

– …მაშასადამე, – ვაგრძელებდი მე, – სამყაროს გაჩენის საიდუმლო არც ისე რთული გადმოსაცემია, ვინაიდან ამისათვის მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო: პირველი ინგრედიენტია მატერია – მასალა, რომელსაც გააჩნია წონა; მატერია ყველგანაა ამ სამყაროში – ჩვენს ფეხთ ქვეშ, ჩვენს თავს ზემოთაც, გვერდებზეც – მტვერი, ქვა, წყალი, ვარსკვლავი და ათასი რამ – ეს ყველაფერი მატერიაა. მეორე ინგრედიენტი სამყაროს შექმნისათვის არის ენერგია – მიუხედავად იმისა, საერთოდ გვიფიქრია თუ არა მასზე, ყველამ ვიცით, რა არის ენერგია; ეს ისაა, რასთანაც ყოველდღე გვაქვს შეხება; შეხედეთ მზეს, და ენერგიას იგრძნობთ სახეზე – ენერგიას, რომელსაც გამოიმუშავებს ას ორმოცდაათი მილიონი კილომეტრის მოშორებით მყოფი ვარსკვლავი; ენერგია აფართოებს სამყაროს და წარმართავს პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც სამყარო დაუსრულებლად იცვლება. ახლა, როდესაც გვაქვს მატერია და ენერგია, გვჭირდება მესამე ინგრედიენტიც – სივრცე, თანაც დიდი რაოდენობით; სამყაროს შეიძლება ბევრი რამ უწოდო – შესანიშნავი, ლამაზი, მძვინვარე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პატარა, რადგან, საითაც კი გავიხედავთ, ყველგან ვხედავთ სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია და ვრცელდება ყველა მიმართულებით. მაშ, საიდან შეიძლებოდა ეს მატერია, ენერგია და სივრცე გაჩენილიყო? მეოცე საუკუნემდე ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა. პასუხი ერთი ახალგაზრდა ადამიანის ფიქრებში გაჩნდა. ეს ადამიანი, ალბათ, ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია – ალბერტ აინშტაინი; აინშტაინმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინა – სამყაროს შესაქმნელად საჭირო ორი ინგრედიენტი, მასა და ენერგია, არსებითად ერთი და იგივე რამ იყო – ანუ, შეიძლება ითქვას, მედლის ორი მხარე; მისი ცნობილი ფორმულა – E=mC² – გვეუბნება, რომ მასა შეიძლება აღვიქვათ, როგორც – ენერგიის სახე, და პირიქით. ასე რომ, სამყაროს შესაქმნელად, სამი ინგრედიენტის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორია საჭირო – ენერგია და სივრცე. კითხვა კი დაისმება შემდეგი ფორმით: საიდან გაჩნდა ეს ენერგია და სივრცე? პასუხი…

აქ სიტყვა გამიწყდა. ჩემ უკან დიდი კედელი აღმართულიყო, ჩემ წინ – ასე, ათი მეტრის მოშორებით – იწყებოდა სკამები, სადაც ელიტარული საზოგადოება ასვენებდა საჯდომებს. ,,ბუმ! ბუმ!” – რაც არ უნდა უცნაურად გეჩვენოთ, ცხადად გავიგონე ეს ბგერები, რომლების ჩემი საკუთარი მუცლიდან მოდიოდა. ,,ბუმ, fაია, fაია!” – ახლა ესეც მიემატა… რაღაც უცნაური ხდებოდა. თითქოს გავარვარებული მაგმა იპყრობდა ჩემს სტომაქს. სპირტის გემო ვიგრძენი სასაზე… მერე ცხვირის ნესტოები დამებერა, სუნთქვა გამიხშირდა, მუცელი ამიცეკვდა, ბოლოს კი მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო – დიდი აფეთქება. პირი გავაღე, და ჩემი საყლაპავი მილიდან პირდაპირ გადმოჩქეფდა უბედური ფერის ნარწყევი.

– უკაცრავად, უკაცრავად, – თავს ზემოთ შემოვცხე ტაში, – ამას ახლავე მოვწმენდ!

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
166