პოეზია

მარი ჩხაიძე

მარტივია თავსხმას ფანჯრიდან უყურებდე
როცა შენი გამომცხვარი ორცხობილები
და დარიჩინის სუნი
ავსებს ოთახებს
ორთქლი ასდის ჩაის ჭიქებს
რომელშიც ბავშვების დაკრეფილი ველური ბალახები ყრია
და ამ დროს ორი პატარა თითი
დაორთქლილ მინაზე
ჩემს დაქანცულ სახეს ხატავს
და ჩაბჟირებამდე იცინიან
ასეთ დროს ცხოვრება მარტივი ჩანდა
მაგრამ მე მაინც ვიცვამდი ბოტებს
და ელვაში
მრავალძარღვებითა და სამყურებით სავსე მინდორში
ჭინჭრებითა და ამბროზიით სავსე არხთან
სახეს ვუშვერდი გრიგალს
რომელიც მგავდა
თუმცა ამჟამად
ეს მხოლოდ მახსოვს
საკუთარ თავს ისე დავუსხლტი ხელიდან
როგორც ახალბედა მეთევზეს თევზი
ჩემი სიზმრები არ ღირს გასამჟღავნებლად
შემოდგომაა
სუსხი აარა
ოხ ჩემო ჯადოქარო
ხეებისა და ჩიტების ენაზე მოლაპარაკევ
სიმართლისა და სიყვარულის მახვილით ხელში
მკაფიოდ მდგომო
სადღაც მჯერა რომ არ უარმყოფ
მიუხედავად ჩემი სილაჩრისა და
სიმხდალისა
“არაფერია წყალზე უფრო სუსტი”
ერთ მშვენიერ დღეს
ყველაფერი ხომ ასე
ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო
აღმოვაჩინე რომ ჩემი სიტყვა
იყო ბასრი და ალესილი
როგორც მახვილი
და ვდუმდი
დავდუმდი
სიზმრებმა ყველაფერი იცოდა
მაგრამ იყო რაღაც ჩემს ფსიქიკაში
რაც მუდამ დასაყრდენს ეძებდა
აი შენ ყველა ჯადოსნური იარაღი
აი სამყურა რომელიც იპოვე
შენს არქეტიპულ ცნობიერში
მაგრამ მას შემდეგ ამდენი წლის შემდეგ
როცა ღმერთები აღარ იყვნენ ისე სასტიკი
როცა ისინი გაჩნდა შენში და არა სხვაგან
აღარ იყვნენ ისე დამსჯელი
ფსიქიკა მაინც მიწა იყო
და ცეცხლი იყო
რომელიც მწვავდა.
ადგომამდე წაქცევა იყო
შენ როგორ ხედავ ამ ყველაფერს
რას უყურებს შენი თვალები?
ჭეშმარიტება ჩრდილების მიღმაა
ყველაფერი უკან დააბრუნე
შიგნით ჩაიხედე
გამოდი შენი თავიდან და დააკვირდი
როგორ მოძრაობს
დააკვირდი ყველა ნაბიჯს

იმისთვის რომ გამოვსულიყავი ფსიქიკის ჩიხიდან
რომელიც მშვიდ და აუღელვებელ გარემოშიც იწყებდა ზანზარს
და ქმნიდა ჩემს ტვინში მოჯადოებულ წრეს
რომელიც ამჟამად ვიმყოფები,
ყველაფერი უნდა დამეწყო ამ წამიდან და გავყოლოდი დაბადებამდე.
იქამდე სადამდეც ჩემი მეხიერება მიწვდებოდა,
ჩავყოლოდი ბოლომდე ჭას
რომელიც ქარბორბალას ჰგავდა.
თუ ორივე ერთდროულად მესმის, ყვავებისა და ჩიტების ფრენა,
ვფიქრობ რომ მათ უკან რაღაც დგას.
რაც სულაც არ არის საშიში.
ეს იყო ჩემი დაუოკებელი ლტოლვა.
ცნობისმოყვარეობა, შემეღო ყველა კარი, შემეხედა ყველგან,
ერთდროულად ვყოფილიყავი ყველაფერში და არაფერში.
დაბადებიდან ვარ სიცარიელე,
სიცარიელე რომელიც რაღაცას კრავს.
ასე ვთქვათ არავინ,
თანდათანობით ვივსებოდი.
და გზად ყველაფერს ვეყრდნობოდი,
ვეყრდნობოდი მათაც რასაც ჩემი დაჭერა არ შეეძლო.
ჩემმა ათასგვარმა ბუნებამ ორად კი არა
მე გამხლიჩა ათი ათასად დაანაწევრა ყველაფერი და გამყო.
და თანდათანობით მავიწყდებოდა რომ არავინ ვარ.
იმის გარდა რასაც შიგნით ვუშვებ
რასაც გულს ვუხსნი.

ეს არ ჰგავდა მხოლოდ ჩემს შიშებს
ეს იყო უსაშველო რღვევა
ფსიქიკაში
მითოლოგიურ ჯაჭვში
საიდანაც საკუთარი თავის ამოქაჩვა
ნასწავლი გაკვეთილებით ვერ შევძელი
აზრზე არა ვარ სადავარ

აეროპორტის რეკლამას ვწერ:
“მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება და შევდივარ მოგზაურობაში
რომელიც სავსეა ელვითა და ჭექა-ქუხილით,
მე სადღაც შუაში დავიკარგე,
გაღვიძებისას
როცა სინათლე თანდათანობით კი არ შემოდის..
მასში ჩავვარდი
ელვარებაში
როგორც პეპელა პირველივე ნათელ ღამეში, გავქრი.
ვფიქრობდი რომ ჩემი სიტყვები იმსახურებდნენ ყურადღებას
ადამიანებიდან სიყვარულში
მოვლენებიდან ქარში
ჩიტებიდან ტელეპატიაში
როგორც მოლიპულ ქვებზე მდინარეში
ლოდიდან ლოდზე გადავრბოდი.
როგორ დავიწყე:
აეროპორტის რეკლამას ვწერ:
და ასე ვიწყებ
“მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება”
და სავსეა მოულოდნელი შთაბეჭდილებებით
წერა შევწყვიტე და წყალი მოვსვი

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
273