პოეზია

ანი სირაძე

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

რა იქნება და რა არის – ეს სათუთი შუაგული, რომელშიც არც კი ვიძვრი, როგორც ჩემი კუნთი, მთვარეზე პაწაწინა ზანზალაკად დაკიდებული, რომელსაც გარს ვერტყმი, ჩემს გულსა და მთვარეს, ყველა სხვა გულსა და მათ მთვარეებს; საწამლავში ჩაშვება, საწამლავად გადაქცევა, სადაც არაფერი მეორდება და ყველაფერი ერთმანეთს იმგვანებს, ამ ორ ამბავ შუა სიმართლე არ დაივანებს. თუკი რამეს წარმოვქმნი, აუცილებლად მას ჩემი წარმომავლობა თავს ესხმის, ის, რამაც მე დაუკითხავად შემქმნა, ჩემს ნებას აუცილებლად დაამხობს, ამ ბრძოლაში განკურნებასა და დასნეულებას თანადროულად ვიწყებ, ამიტომ არ ვიცი, რომელი რომელს ასწრებს. სახელები, მათი სიმრავლე, სიმრავლის ხილულობა – ისინი განაიარაღებენ ჩემს აკვიატებებს სხვებში, მათ მეტყველებაში, რომელსაც ვერ ვთარგმნი. არ არსებობს ენა, რომელიც მესმის, როგორც არ მესმის მათი, ვინც ამ ენებს დაპატრონებიან და ძალაუფლების კუნძულებიდან მეტყველება მუდამ ნაჯახია.

 ‘ეს იმიტომ, რომ ჩიტები არ ვართ ‘ – ყველაზე სევდიანი პასუხი და როცა ამაზე ვიწყებ ფიქრს, ვაძლევს თავს ნებას, ვიყო ხანდახან ის და რაღაც ვიხილო ამ ცხად ყოფნაში. როცა მუცელი გამალებით მითრთის, რამდენჯერმე ძალიან მაღლა ავიხედავ და თავბრუს დავიხვევ. შუქი და ჰაერი ერთმანეთს სერავს – ჩემს მუცელს, ჩემს შესაძლო ნისკარტს მღელვარების. რას აკეთებს ჩიტი, როცა ქარს ეჯახება, როგორც ქვას მზის ნაღმები? როცა ზაფხულის ლოდი გიჭირავს ხელთ, ისმის, საგანი საგანს როგორ შეეხო. ამაზე მეტის მიღება არც მსურს.

რა იქნება ის რაც მას მოგლეჯს სამყარო

დააბრუნებს თავდაპირველ მტვერში

ადამდელ ნაწილაკში

რომელიც თავისი თავის წარმომშობია

ის ცივი ყვავილის მხარეში

ნედლი ფოთლებით შემოგარსული

საკუთარ თავის უსრული ნატეხი

მე ვხდები იგი

მისი კმაყოფილება ჩემი შეცნობის

თავზარდამცემი ერთხელ რაღაც წამომცდა

ისიც ქვაზე დავტოვე

და მრავალი ქვიდან ის ერთი რომელიც მიცდის

ინახავს წართქმულს

და ჩემს სხეულს დაფარავს როცა დრო მოვა

მეტი სისხლი მმართებდა

ცოტა გავიღე და ჩემი წყალი ვერ შეიერთა

მაგრამ ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი

ვისაც სჯიან

ამიტომ უმცირესიც არ დაიმალა

 

დახოცილ ვარდთა სიმღერა

ის მას არასდროს მოუსმენს

ნეტარ არიან მოუსმენელნი

ის მას არასდროს შეეხება

ნეტარ არიან შეუხებელნი

შენ შიში მოგაქვს საჩუქრად

ჭალა კი ლამაზია გვიმრის ურჩხულებით

როცა ვიგონებ რამეს

ვიგონებ მის პირველ ფორმას რომელსაც ის არქმევს

გეომეტრიას

მაგრამ არც ერთი მოგონება არ მიდგას ზურგად

მაშ დაცემა მათ სხივებქვეშ

განლევა ბნელის

ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
97