ქეთი ალავერდაშვილი

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

პროლოგი

თბილი ატმოსფერო თავის მოსასხამში მახვევს,
და ჩემს ფიქრებში მოგონებების ნათოვლარი რჩება.
შენ მზე ხარ, რომლის გარეშე არსებობაც შესაძლებელია,
მაგრამ არასდროს მომინდება.

ნატურა

შენი სახე მოცეკვავე მთვარის შუქია,
ეს სინათლე მათავისუფლებს.
შორიდან ვტკბები მსუბუქი ცეცხლით,
როცა ფანქრით ჩემს ახლად დახატულ სახეს ეფერები.

მარტოობა ვითხოვე და შენი სახით სამყარო მომეცა. უბედური ვეღარასდროს ვიქნები.

შენს თვალებში ვნებას ვხედავ.
ჩემი მზერა შენკენ არის მოპყრობილი.
მუსიკაა ჩართული, მაგრამ მე მხოლოდ ფანქრის მოძრაობის ხმა მესმის.
ფურცელზე მე ვიბადები.

გიყურებ, მაგრამ მაინც მეუბნები მიყურეო, თითქოს არ გყოფნის ჩემი მზერა.
მეც არ მყოფნის შენი ყურება.
დაუჯერებელი ხარ.
მხოლოდ შენ გგრძნობ და
გაგიჟებით მინდა შეგეხო..

შორიდან ვტკბებით ერთმანეთით, შენ ის უპირატესობა გაქვს, რომ ფურცელზე გამოსახულს მეფერები.

შენი სახე მომღიმარი მთვარის შუქია,
ეს ღიმილი ყველაფრისგან მათავისუფლებს.

რაც ჩვენ შორის ყვავის

რაც ჩვენ შორის ყვავის, მეტისმეტად ცხადია,
სიტყვები კი ყოვლისშემძლეები არ არიან, შენ რომ აღგწერონ

ყველაფერი გულწრფელობით სუნთქავს,
შენი ქმედებები მელაპარაკება და ჩემს ნისლებს აქრობს

სიზმრიდან ოცნებაში ვიღვიძებ. ყველაფერი რიგზეა.
სიხარულის ცრემლი მშრალ ემოციებს ატენიანებს.

სინაზე ყვავის, ყვავის სიმშვიდე, შენ ისევ მიღიმი.
ჩვენ შორის სილამაზე ამობრწყინდა ძლიერი ფესვებით.

ყველაფერს შენი კოცნის გემო აქვს.
და აღარც ნისლი მაშინებს.
რაც ჩვენ შორის ყვავის, ცხადზე მეტია.

ამბავი

მე გიამბობდი როგორ დაიწყო ყველაფერი,
როგორი იყო პირველი ცეკვა,
მაგრამ გახსენებისას არ მინდა ახლანდელი გავაფერმკრთალო.

მე გიამბობდი მომავალზე, ხორცშეუსხმელ გეგმებზე – სარეცხის თოკებზე რომ ხტუნავენ,
მაგრამ მოსალოდნელზე ფიქრისას არ მინდა ახლანდელს მნიშვნელობა დავუკარგო.

მე შემიძლია აწმყოზე გიამბო, რომელიც იმდენად უსასრულოა, დროის არსებობა აზრს კარგავს.
მაგრამ საუბრისას არ მინდა შეგრძნებები დავანაღვლიანო.

შენი არსებობა სიტყვებს სცდება, მაგრამ მაინც ვეცდები ვიპოვო ის, რაც ოდნავ მაინც გამოგხატავს

ყველაზე ძლიერად ვგრძნობ ყოფნას. და ესაა ჩემი ამბავი, რომლის მოყოლაც შენთვის მინდება.

ღრუბლები თავისით გაიფანტება, ცის სილურჯეს თვალის ირისები აირეკლავს. და ჩვენ იქამდე ვიარსებებთ, სანამ გვენდომება ერთმანეთს რაღაც ვუამბოთ.

სიხმელის ხმა

ჩემი შეგრძნებები ფრთადასველებული პეპლებია.
შენი სახე მოტივაცია – საკუთარ თავს სეროტონინი გამოვტყუო.

როგორ მივაგნო ჩემში იმ წერტილს, საიდანაც ათვლას დავიწყებ.
სად მოგაგნო შენ, როგორ გამოვავლინო დახმელფოთლებული ემოციები.

ხრაშ-ხრუშ..

აბიჯებ მთელი მონდომებით, გზის რაკურსს ცვლი, უკან ტრიალდები და პოულობ იმ სიხმელეს, რასაც მთელი განცდით ჩააზილავ ფეხსაცმელს. უბრალოდ ხრაშუნის გაგება გინდა.
ხმა, რომელიც სიხმელეს მოაქვს, გამშვიდებს. წამიერი გაქცევაა.
მერე ტრიალდები და ვიღაცას ასკდები. ის უცნაურად გიყურებს, მაგრამ შენ არ გადარდებს, ის ვერასდროს ჩასწვდება შენს მოტივს. ისევე როგორც შენ ვერ გაიგებ, სად მიაბიჯებ.

მუცელი მევსება ფორმაშეცვლილი ემოციებით, პეპლები ისევ მძიმედ ფრთხიალებენ.
ამ პეპლებშერეულ წყალში უჩვეულო კადრი ჩანს:
ფოთლები თმის ნაცვლად ამოგსვლია, შემოდგომისფრად ანათებ.
მხოლოდ ზაფხულის შვილებს არ მოუნდებათ ამ სიფერადეში შეცურვა.
ვცურავ, ვსუნთქავ, ნახევარ ტანს მთელი სიმძლავრით ვიჭერ.
და ვიცი შენი ფოთლები განმკურნავენ, თმის ბოლოებად რომ გაქვს.

თუ გავხმები, იქნებ ვინც ფეხის დაბიჯებას გადაწყვეტს, მას წამიერი სიამოვნება მაინც მივანიჭო.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
333