პოეზია

***

ქუდი რომ მქონდეს,
დავიფარებდი და გზაზე დავდგებოდი,
როგორც სიკვდილმისჯილის
ბოლო სურვილი.
სახლი რომ მქონდეს,
კარს ისე გამოვიხურავდი,
ბზარი გასკდებოდა ჩემს კედლზე და
ხუთი დღის თავზე,
ასობით მკვდარს ამოათრევდნენ ნანგრევებიდან.
მე, ჩემი თავი მყავს და
ყოველ ჯერზე ისე მოვიკლავ,
რომ უფრო და უფრო ნაკლებ
სიცარიელეს დავტოვებ ადამიანებში
და როდესაც საბოლოოდ გავქრები,
ნირვანამდე ერთი ნაბიჯით ადრე
ვიკაიფებ შურისძიებით,
უსასრულო ციკლში ჩარჩენილ
უსუსურ არსებებზე…
სიტყვა რომ მქონდეს,
ისე ვიტყოდი,
როგორც ათასი წლის წინ ამბობდა
ხორხეს სალდანიო :
“ჩაატიე შენი ცხოვრება ერთ ტომარაში”.

ემის სიზმარი

ყოველ დილით, იღვიძებ და
შერჩენილი ერთადერთი აზრით
ცდილობ გაარკვიო სად ხარ.
შენი სიზმრები, იმდენად რეალურია,
რომ ჭირს მკაფიო ზღვარის პოვნა
მათსა და შენს ოთახში გამოკეტილ
სამყაროს შორის.
როგორც გუშინ,
დღესაც გაურკვევლობითა და ბურუსით სავსემ გაიღვიძე,
იხსენებ ამბავს რომელიც მხოლოდ შენია
და რომელსაც სამყარო ვერასდროს გაიგებს.
გახსოვს საკუთარი სხეული,
ახლაც გაქვს შერჩენილი შეგრძნება
გაბერილი მუცლის.
ხო… შენში სიცოცხლე იზრდებოდა…
გრძნობდი მის ყოველ მოძრაობას და აფეთქებას.
მერე, ერთიანად მოეშვი,
ყოველგვარი არეულობა გაიყინა ირგვლივ,
შევიწროება დაიწყო სივრცემ. თითქოს, უკვე, სახეზე გებჯინებოდა ხშირი სუნთქვა
და ერთი ამოსუნთქვით ამოუშვი,
შენიდან, ახალი სიცოცხლე.
გახსოვს მისი სუნი,
კანის ფერი,
შეხება
და ღიმილი.
გახსოვს, ისე, როგორც საკუთარი დაბადება
ან პირველი ტირილი.
იჯექი სარკის წინ და უყურებდი ორ სხეულს.
უყურებდი ერთ არსად ქცეულ სულებს
და ხედავდი პატარა სხეულის გარდასახვას.
დრო იყო სიახლის და
შენს ხელებში მოქცეული ბავშვი,
ნელ-ნელა გადაიქცა შავ კატად –
პატარა, მწვანე თვალებით.
არაფერია გასაკვირი,
მაგრამ მაინც გიკვირდა
შენს თვალებში დანახული ლურჯი ფერი,
იმდენად ლურჯი, რომ ყველაფერი გალურჯდა
კარიდან ფანჯრებამდე.
არაფერია გასაკვირი.
შენ, შენს სამყაროში არ შეგიძლია დაადგინო წესები.

მე კი სადღაც იქვე ვიდექი შეუმჩნევლად
და კადრებს ვინახავდი.

ბოლო სიზმარი

ვცდილობ, საიდანმე დავიწყო.
ყოველი მომენტის შერჩევისას,
მის წინ კიდევ ერთი კადრი იწელება.
არ ვიცი სადამდე ჩამითრევს,
ამიტომ უკუსვლით ვივლი:

ბოლო, რაც მახსოვს, ჩემი ღრიალია
-უსუსურობის შეგრძნებას მოყოლილი.
ხელის გულზე მეწვინა ცხენი.
მთელი არსებით ცდილობდა სიცოცხლეს
– ვერაფრით ვეხმარები!
მხოლოდ ერთი ყლუპი ჰაერისთვის
ისე ჭიმავდა, კისერზე, ძარღვებს
როგორც მშობიარე ქალი.
საკუთარი სხეულით ვგრძნობდი
მის ყოველ მცდელობას.
(ჰაერი მაკლია – სიგარეტის მძიმე კვამლი)

ხელის გულზე მიწევს ცხენი.
თავს ღმერთად ვგრძნობ.
დაუძლურებულ ღმერთად.
ირგვლივ, ყველაფერი ნორმაშია:
ფორმები,
ზომები,
ადამიანები,
შენობები,
ხმები,
ფერები…
ჩემს ხელის გულზე კი ცხენი ეტევა.

კადრს უკან ვახვევ:
ყვითელი ქურთუკი.
მას ყვითელი ქურთუკი აცვია
და სწრაფად მშორდება .
მისი სახის დანახვა მინდა,
ვეძახი ყველა სახელს რაც გონებაში მომდის.
გაქრა!
ვგრძნობ, რაღაც ძვირფასი დავკარგე.

წინა კადრი:
ვიღაცას ვეძებ.
კიდევ ერთი ნაბიჯი უკან:
უბედურია!
უ ბე დუ რი!
ზუსტად ასე მიმარცვლავს.
მთხოვს, რომ რაღაც მივუტანო.
რაღაც სჭირდება ბედნიერებისთვის.
რაიმე – საბავშვო მაღაზიიდან.
ეს, მამაჩემია!
ვიცი რაც სჭირდება.
უფრო მეტიც:
დარწმუნებულიც კი ვარ რომ ვიცი.
ვერ ვგრძნობ ზიზღს,
სიძულვილს,
სისხლის წყურვილს,
ეკლებს – საკუთარ კანში,
დანის დასმას,
უჰაერობას,
ტყვიის სიჩქარეს,
ვულკანის ამოფრქვევას,
ბგერების შევიწროებას,
ფოთლებგაცვენილ ხეს,
მატარებლების შეჯახებას,
გილიოტინას შემზარავ კივილს,
მიწაზე დაყრილ ნაღმებს,
ვირთხების წრიპინს,
სახრჩობელას,
ხეზე მოქანავე გვამს,
ფრჩხილების დაძრობას,
დასერილ ფეხის გულებს,
გულისრევას,
მეტალის უსიამოვნო სიცივეს,
რელსებზე წოლას,
მატლებით სავსე ჯიბეებს,
მკვდრის უკანასკნელ მოსაქმებას,
შავ კედლებს,
ტალახიან აღმართს,
დამპალი ლეშის სუნს…
ცხოვრებაში პირველად არ მეზიზღება მამა.
ვპირდები რომ მივუტან.

წინა კადრი:
ვიღაცას ვეძებ ჭიანჭველებივით არეულ ადამიანებში.
სადღაც ნანახი შენობა ბევრი ფანჯრით.
მაგიდებზე – თეთრი ტილოები.
სკამები – მაისის თაფლის ფერი.
კედლებს ვერ ვხედავ.
სინათლე იქ ინთება, საითაც გავიხედავ.
ვხვდები, რომ ადამიანები ყველგან არიან,
შეუძლებელია მათგან თავის დაღწევა.
გოგონას ვხედავ – ყვითელი ქურთუკით.
ბუნდოვანი ნაკვთები
-შეუძლებელია რამე გაარჩიო.
ვცდილობ დავიჭირო და ვიღაც მაჩერებს,
რაღაცის მიტანას მთხოვს.

პირველი კადრი:
ნაცნობი სხეული ჩემს მკლავებში.
ვდგავართ ადამიანებს შორის.
ეს არ არის მონატრების ჩახუტება,
არც დამშვიდობების,
ტკივილის,
პირველად შეხების,
მიწისძვრის
ან ქალაქების დანგრევის…
უბრალოდ, ვეხებით ერთმანეთის სხეულებს და
დროის არარსებობით ვტკბებით:
სუნთქვის სიხშირე,
ფრთები,
აკაციებით სავსე მინდორი,
წვიმის ხმა,
ღმერთები,
თავად წვიმა,
უმიზნოდ ხეტიალი,
გუბეებში ფეხების ჭყაპუნი,
დინოზავრები,
ბროწეული,
საპნის ქაფით ბუშტების გაშვება,
ჩაი,
ბნელ ღამეში ნაკვერჩხლით თამაში,
კომში,
ტუფისფერი კედლები,
თოვლი,
წელიწადის დროები,
ფერები,
ცეცხლი,
გამოგონილი სიტყვები…
ვხედავ მის შავ თმას და ყვითელ ქურთუკს.

 

ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
103