პოეზია
ანი სირაძე
ატლანტიდა, მშვენიერო
პერიმეტრზე ღრმა სიცარიელეა , უძრაობა
შენ ჩემკენ იშვერ ხელს,
ხელი უჩინარდება და მე ვაგრძელებ თვლას 2 1 0
ეს მხოლოდ ციფრებია. ქაღალდი. ნავი. კედელი
კიბით ჩავეშვი თაკას დახვრეტილი კუთხისკენ
სიჩუმეა. ნიჩბები სვლას არ წყვეტენ. რამდენიმე აჩრდილს გავძახე
– ჰეი, აქეთ, ჩემო სიკვდილის ბეღურებო
– ჩვენ გადავფრინდებით სხვა უფრო მწიფე თავებზე
ჰელიოტროპებზე ისმის კუმშვა მცირე მინარევით
აქვს ამ ცას სუვერენიტეტი მყისიერ ზევით და ქვევით რა ხდება ? ?
ვიღაც გვფლობს სრულყოფილად, უზენაესი ძალები ან უმდაბლესი
მათგან ერთი მოვიდა ძალიან ახლოს, თითქმის სახის კანზე დამაჯდა
ბუსუსებმა მყისვე მარცვლები ამოაბრუნეს და სველი ზამბარები გააჩინეს ჩემს ფეხებ შორის
კიდევ რას მეტყვი ახალს? სად ვიპოვო ანტიკურ სახეთა აჩრდილები?
რით დავაპურო შენ მიერ შეთხზული წინსმწრები ავი სულები?
იქნებ ჩემი მუცლით და ბარძაყებით?
უსურველი გემო ვარ შენი მუშების მეტროპოლიტენის ტალღისებურ ხმაურში
და ხალხი კვამლია ამოსული მისი ჰადესური საწყისიდან
გრძელი გვირაბები ერთმანეთის მიყოლებით წვანან მაღალ ანტენებში
ადამიანი სადენებში, ღრუბლებში, ქვირითებში
ვინ ფიქრობს სიკვდილზე გამთენიისას?
ან პლანეტების შუქზე ჩვენს ფანჯარში ბაცი და ნელი სვლით საწოლის კუდთან
იქ გამვლელი სიცოცხლე, მკრთალი და უსუსური
უკურნებელი ჩვენი შხამებით, სიყვარულით
კაცი ნაღმივით დამონტაჟებული განსაწმენდელის უხილავ ზედაპირზე
მასზე გაიარეს წყალობის დებმა, გლოვის დებმა
და კიდევ რამდენიმე დამ ჩუმი, ჩუმი სიცილით
სემელე, შენც იქვე, შენი შვილის შობის უწყვეტობით ჩვენში
განსრულება ყველა არსებულ კანონთა რაც მიწაზეა
და ამ კანონთა ხრწნის უვადო ხელშეკრულება
ყველა ამ სიტყვებ შორის კავშირი გაწყვეტილია
როგორც ძველი ქვების მეტყველება თებესთან
არავინ აღარ მიაყურადებს, თუ ჩურჩულებენ ჯერ კიდევ
თუ რამე დარჩათ სათქმელი
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
