ალეხანდრა პისარნიკი

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ქვაკუთხედი

 

არ შემიძლია, ჩემი ხმით ვილაპარაკო, მხოლოდ ჩემი ხმებით.

მისი თვალები ტაძარში შესასვლელი იყო, ჩემთვის, მოხეტიალისთვის, რომელსაც უყვარს და კვდება. და ვიმღერებდი სანამ ღამეს არ შევერწყმოდი, სანამ არ განვიქმნებოდი, შიშველი, ტაძრის შესასვლელთან.

სიმღერა, რომელსაც ვკვეთ, როგორც გვირაბს.

შემაწუხებელი მყოფობები,
ჟესტები ფიგურების, რომლებიც ცოცხლად გვევლინებიან იმ აქტიური ენის მუშაობით, მათ რომ ემოწმება,
ნიშნები, უხსნარ შიშებზე რომ მიგვანიშნებენ.

საძირკვლების ვიბრაცია, საფუძვლების ცახცახი, წვეთა და ბურღვა,
და ვიცოდი სად ბინადრობს ის, ამდენად სხვა რომელიც არის მე, რომელიც იცდის, როდის მოვკეტავ, რათა შემიპყროს და აშროს და ბურღოს საძირკვლები, საფუძვლები,
ის, რომელიც მეწინააღმდეგება ჩემს შიგნიდან, შეთქმული, იხელთებს ჩემს ვერან მიწას,

არა,
რამე უნდა ვქნა,
არა,
არ უნდა ვქნა არაფერი,

რაღაც ჩემში არ ნებდება ფერფლის შადრევანს, რომელიც შიგნიდან მანგრევს იმით, რომელიც არის მე, ჩემით, რომელიც ვარ ის და რომელიც ვარ მე, მისგან ენით აღუწერლად განსხვავებული.

იმავე მდუმარებაში (და არა თვით მდუმარებაში) გადაყლაპო ღამე, ღამე უსაზღვრო, ჩაძირული დაკარგული ნაბიჯების მალულობაში.

არ შემიძლია ვილაპარაკო არაფრის სათქმელად. ამრიგად ვკარგავთ ჩვენს თავებს, მე და ლექსი, ფუჭ მცდელობაში, გადმოვწეროთ მხურვალე კავშირები.

სად მიჰყავს ის ამ ნაწერს? შავში, უნაყოფოში, ფრაგმენტულში.

თოჯინები, გამოშიგნული ჩემი ანტიკური თოჯინის ხელებით, სუფთა სატენის პოვნის იმედგაცრუება (შენი მეხსიერება, სუფთა ტრამალი): მამა, რომელიც ალბათ ტირესიასი იყო, მდინარეში ტივტივებს. მაგრამ შენ, რატომ მიეცი ნება, მოეკალით, სანამ თოვლიანი ვერხვების ამბებს უსმენდი?

მე მსურდა, ჩემს თოჯინას თითებს შეეღწიათ გასაღებებში. მე არ მსურდა, შევხებოდი კლავიშებს, როგორც ობობა. მე ჩაძირვა მსურდა, თავის მილურსმვნა, თავის გამობმა, განამარხება. კლავიშებში შესვლა მსურდა, რათა შემეღწია მუსიკის შიგნით რათა მქონოდა სამშობლო. მაგრამ მუსიკა იძვროდა, ქროდა. მხოლოდ მისამღერის ხელახალი წამოწყებისას ღვივდებოდა ჩემში იმედი, რომ წარმოიქმნებოდა რაღაც მატარებლების სადგურის მსგავსი, ვგულიხმობ: მყარი ამოსავალი წერტილი, ადგილიდან, ადგილისკენ, ადგილთან კავშირში, მასთან შერწყმული. მაგრამ მისამღერი მეტისმეტად ხანმოკლე იყო, იმდენად, რომ მე ვერ შევძელი სადგურის აღმართვა, რადგან ვერ მექნებოდა ერთ საკმაოდ ლიანდაგსამცდარ მატარებელზე მეტის იმედი, რომელიც მრუდდებოდა და იბრიცებოდა. მაშინ მივატოვე მუსიკა და მისი ვერაგობები, რადგან მუსიკა იყო მუდამ მეტისმეტად მაღლა ან მეტისმეტად დაბლა, მაგრამ არასდროს ცენტრში არა შერწყმისა და შეყრის ადგილას. (შენ, რომელიც იყავი ჩემი უცალო სამშობლო, სადღა გეძებო? იქნებ ამ ლექსში, რომელსაც ვწერ.)

ერთ ღამეს, ცირკში, აღმიდგა დაკარგული ენა, იმ წამს, როდესაც მხედრებმა, ჩირაღდნებით ხელში, მძვინვარე წრეზე გააჭენეს თავიანთი შავი რაშები. ჩემს უნეტარეს სიზმრებშიც კი არ იარსებებს ანგელოზების გუნდი, რომელიც მიაწვდის ჩემს გულს ამ მხურვალე ბგერების მსგავს რამეს, ფლოქვები რომ გამოსცემდნენ ქვიშებზე.

(და მითხრა: დაწერე; რამეთუ ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭერმარიტი.)

(კაცი ან ქვა ან ხეა, ვინც დაიწყებს სიმღერას…)

და ეს იყო სათუთად მთრთოლვარე ჟრუანტელი (ამას ვამბობ, რათა ვასწავლო იმას, მცდარად რომ მოათავსა ჩემში თავისი მუსიკალურობა და უფრო დისონანსურად თრთის, ვიდრე უცხო ქვეყნის ქვიშებში ჩირაღდნით წაქეზებული ცხენი.)

იატაკს ვეკვროდი, სახელს ვიძახდი. მწამდა, რომ მოვკვდი და რომ სიკვდილი სახელის თქმა იყო, უსასრულოდ.

ეს არ არის, იქნებ, რისი თქმაც მსურს. ეს თქმა და თვით-თქმა საამური არაა. არ ძალმიძს ჩემი ხმით ლაპარაკი, მხოლოდ ჩემი ხმებით. ან კიდევ ეს ლექსი, შესაძლოა, იყოს მახე, მორიგი დადგმა.

როდესაც გემმა რიტმი იცვალა და სასტიკ წყლებზე იწყო რყევა, მე წამოვდექი როგორც ამაზონი, რომელსაც მხოლოდ თავისი ლურჯი თვალები ყოფნის ყალყზე დამდგარი ცხენის დასამორჩილებლად (თუ ეს არ იყო მისი ლურჯი თვალების გამო?) მწვანე წყალო ჩემს სახეზე, უნდა გსვა, ვიდრე ღამე არ გაიღება. ვერავინ მიხსნის, რამეთუ ვარ უხილავი ჩემივე თავისთვისაც კი, რომელსაც ვეძახი შენი ხმით. სად ვარ? ბაღში.

აი, ბაღი.

ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
91