პროზა

მიხაილ ედიშერაშვილი

შანსი არ მაქვს-მეთქი, ვფიქრობდი, შანსი არ მაქვს-მეთქი.
პირქუში, სასტუმროს დამსვენებლებივით წელში მოხრილი სასადილოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს იჯდა თვით სილამაზე, ხორციელი ანგელოზი, თმიდან ფეხის ფრჩხილამდე მიწიერი გასხივოსნება, აღუწერელი მიზიდულობის ძალის მფლობელ-პატრონი; უტყვი, მკაცრი და მაინც როგორი რბილი ნაკვთების პატრონი; ზამთრის დაისივით ცივი და მიმზიდველი, მომაჯადოებელი, ერთიანად შეპყრობის უნარის მქონე ახალგაზრდა გოგონა, რომელიც არ უნდა გადასულიყო არც ქალურობის ასაკში და, მითუმეტეს, სიბერეში. მოკლედ, კატერინა. შეიძლება, ჭკუიდან გადასულიყავით, ეგ რომ გენახათ. დიდრონ, სუფთა ზღვისფერზე უფრო ღია, თითქოს მონაცრისფრო თვალებში, ოდნავ მოჭუტულში, გაუკრთებოდა ხოლმე იშვიათად წყლიანი მზერა, არაფრის მთქმელი, ზოგჯერ აღტაცებულიც, თუმცა, ვინ იცის, რა იმალებოდა მათ უკან. ვცდილობდი ხოლმე მაგის გაგებას, მაგრამ არ გამომდიოდა, რადგან ისეთი მომნუსხველი თვალები ჰქონდა, რომ ეს სილამაზე ხელს შეგიშლიდა, იმ თვალებს მიღმა არეკლილი სული დაგენახა. მაღალი არ იყო, თუმცა არც დაბალი ეთქმოდა. ფეხებიც ზომიერად გრძელი ჰქონდა, ტანი – მოხდენილად წვრილი. მისი მოშიშვლებული ტერფების დანახვაზე დაეცემოდა და უკან ფორთხვით გაჰყვებოდა ნებისმიერი კაცი. რამდენჯერ მიფიქრია, ჩემი არც ისე მოქნილი ენით სულ დავუსველებდი-მეთქი მაგ ტერფებს, ხერხემლის ზოლს ავულოკავდი, მერე მთელ სახეს… მოკლედ, ჰო, თვალს ვერ მოწყვეტდით, გეუბნებით: იჯდა, – უნდა გეყურებინა მისი მშვენიერი ფეხებისთვის, ერთმანეთზე რომ ჰქონდა გადადებული დედოფლური სიამაყით; დადიოდა, – უნდა მიშტერებოდი მის ზომიერად წვრილ კისერს, როგორ მოიღერებდა ხოლმე და დროდადრო ოდნავ გაატოკებდა; ნუ, თავი უნდა შეგეკავებინათ, რომ არ გეკბინათ და ხორცი არ ამოგეგლიჯათ – თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მიწევდა ხოლმე თვითკონტროლი. იწვა, – უნდა გეცქირა მისი ტუჩებისთვის, როოგორ აათრთოლებდა ხოლმე ხანდახან თავის წითელ ბალიშებს ან, თუ სუსტად იყო, ფერწასულ ვარდისფერს; მერე კი თვალებზე უნდა შეგეხედა, და დალოდებოდი, როდის გაახელდა და შემოგანათებდა; ჭამდა, – როგორ იქნევდა მოკრძალებული ფრანგი მადმუაზელივით ყბებს, უნდა გენახათ. საოცრება იყო, ვამბობ, სულის შეხუთვა, აი! კატერინა იყო თვით ოქროს შუალედი – არაფერი ზედმეტი მას არ ჰქონდა და, შესაბამისად, არც თეთრისკენ იხრებოდა, და არც შავს ეკუთვნოდა. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმ წლის აგვისტომდე კატერინა მხოლოდ ოჯახისწევრებში ცხოვრობდა და, მაშასადამე, შემიძლია ვთქვა, რომ იგი იყო სექსის, ნარკოტიკების და როკ’ენ როლის თაობის ის წარმომადგენელი, რომელსაც არც სექსი და არც ნარკოტიკები არ გაესინჯა, თუმცა ამას როკ’ენ როლზე ვერ ვიტყვი. და კი, გასინჯა, მაგრამ არ მოეწონა. თავად კატერინა მშვენივრად ხვდებოდა, რომ მიუწვდომელი იყო ნებისმიერი მამრისთვის, და მათი ყველა ოცნება მის მიმართ აბსოლუტურად განუხორციელებლობისათვის იყო განწირული. აი, მეც, მაგალითად, მის პირდაპირ ხომ ვიჯექი, და ვთვლიდი, რომ მასთან შანსი არ მქონდა – ალბათ, კაცად არ მთვლის, თორემ ასეთი გოგო როგორ დამიახლოვდებოდა-მეთქი, ვფიქრობდი.
შანსი არ მაქვს-მეთქი, მეგონა, შანსი არ მაქვს-მეთქი.
და, აი, მერე!.. მერეღა გამახსენდა, ვინ ვიყავი! ახ, უკვე მეცინებოდა!.. ამიტომაც წამოვდექი მაგიდიდან, და კატერინასკენ დავიძარი. მივდიოდი აუჩქარებლად, თავი მშვიდად მეჭირა, ცხვირი ზევით მქონდა აწეული, გრძელ ნაბიჯებს ვადგამდი ნელა, წყნარად, უშფოთველად. ჩემგან უკვე ნახევარ მეტრში იყო. ცხვირი ჩამოვუშვი, მისკენ გადავიხარე, და ვუთხარი:
– თქვენი სახელი?
ნუ, აშკარად ეგონა, ვხუმრობდი და, ალბათ, ამიტომაც გამიცინა, მერე კი მითხრა:
– კატერინა. და თქვენი? – ამყვა, მისი აზრით, თამაშში.
– ფერდინანდი, – ვუპასუხე.
– ფერდინანდი?.. – ჩამეკითხა. სანამ მეტყოდა, ფერდინანდს არავის ვიცნობო, დავასწარი.
– დიახ, ფერდინანდი. კერძოდ, ფერდინანდ მერვე. ხელმოწერა გინდათ? ნუ გრცხვენიათ. ვიცი, რომ გინდათ. მომეცით ეგ სალფეტკი… აჰა… აი, ეს თქვენ.
გაურკვევლად მიყურებდა – ვერ გაეგო, გაეცინა თუ რა უნდა ექნა. არადა რა ვიცი… არის რამე სასაცილო? ამიტომაც გავუწოდე ხელი ბოლოს, რომ თავიდან მომეშორებინა.
– სასიამოვნო იყო, – მითხრა, და გამიღიმა.
– ჩემთვის – ისე, რა, – გულახდილად ვუთხარი, მერე ენა გამოვუყავი, და სახეში შევაფურთხე, ჩემი ნერწყვი კი მისი სახიდან გველივით ჩამოსრიალდა, და მაგიდაზე დადგმულ ბორშჩის პორციაში ჩახტა.
ხელმოწერა გინდათ?

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
81