პოეზია

ნიკა გეი

***

თავშესაფარი ვარ მათთვის

ამ პაწაწინა ქმნილებებისთვის სახლის უკან რომ ამოიწვერნენ

და ამოყირავდნენ მცენარეების მსუბუქ სვლაში

მათ მზარდ რხევაში

როცა ქალი ტოვებს მოგონებებს რომელიც საგანთან აკავშირებს

ის არის ბადე თევზების ვერდამტევი

ზღურბლის გადალახვა პირველად ღრუბლებში ხდება

და ვერაფერი აკავებს სურვილს ამსხვრიოს სივრცეები

კაცი ზის ჩემ წინ სახით მიყრდნობილი არარსებულ კედელს

ეს ესაა წაიქცევა მისი მზერა რომელსაც ხმამაღლა ელაპარაკება

სარკეები ალაგია დაჭრილ კუბებად

მათში ირეკლება ღამის ენა ამ ოთახის კუთვნილი ენა

და ყველა ნივთი მის სარჩულქვეშ უჩინარდება

როგორც მტაცებლები უკუნეთ სინათლეში

თვალისმომჭრელ სიბნელეს რომ ლოკავენ გზად

და ისე არაფერი მგვრის სიამოვნებას

როგორც ეს დაბალი თვითმკვლელი შუქები

ლიცლიცით შემოსული ბარების წითელ განათებაში

ხმების სისველით და ჩემი გავლით

კუთხესთან უსიზმრო ქალაქის გავლით

რომელიც აღებს პირს და გვაქრობს უმალ თავის სიღრმეში

დიდ მუცელქვეშ ბრაზილიური კარნავალის მარხვაში

იქ ქალი ცეკვავს მონუმენტთან

სიტყვა რომ ტრანსფორმირდეს ქვის წყლებიდან

ქუჩებიდან გამოსროლილ ელექტრულ ექოდ

რის ზიდვასაც ვიწყებთ სიკვდილის აღმოცენებისას

ღამე მოითხოვს მსხვერპლს

ლას ლიამას ულამაზესი ბავშვები ჩვენს თვალებში მარხია

როგორც უტყვი მოწმობა

ყველაზე მშვენიერი მსხვერპლთა შორის შენ ხარ ძვირფასო შვილო

ვინც გაიქეცი ბნელში სინათლის საჭვრეტად

ვინც გაბნეული მარცვალი ხარ ღმერთების ხელში

ვისი ხელებიც ტყდება შუშისებრ სახლში

პირველად იყო სიტყვა

სიტყვა რომელიც კლავს

 

***

როცა გაიგებ

რომ ჩემი ხმაური ნელ-ნელა იღვრება სამყაროს ქაფში

როგორც რაიმე მტვერი კოსმიური სილამაზის ყვავილში

როგორც ბლაგვი უგემური დღეების ქანქარა

იმ  დღეებისა გემებივით რომ დაიძრნენ

კუნძულების გასაუქმებლად

მითხარი რომ მე არ ვარსებობ

როგორც მწერები თოვლში

ან მზე აჩრდილთა მუცლებში

მე მათ მივადებ თავს

მათ რბილ გარსსა და სიმრგვალის წერტილს

რომელიც წრეში დამკარგავს

მე ამ ცოდნის ხეს შევეზრდები

როგორც წითელი სოკოები ფიჭვებს

შენ აღებ ჩემი დაღუპვის ცხრა კარს

ლერწმების ველი გაჩეხილია

შენ რომელიც არ ხარ

ნუ გადათელავ საზღვარს მე და მას შორის

ვინც მეტ წყალს ითხოვს ჭაში ჩავარდნისას

ვინც დაიბადა უსინათლო და ბნელი ვერ იკმარა

ვისი ენაც მეტ სიჩუმეს შობს

ვიდრე მრავალი უენო აღთქმის გზაზე

 

***

უკან მოხედვისას მდინარესავით ვირწევი

მე დაგივიწყე როგორც მთვარემ დაივიწყა თავისი ბნელი მხარე

რა იკმარებდა ამ ცის შესავსებად

სადაც ვარსკვლავები თვალების ამოჩიჩქვნას ნატრობენ

პირველი ადამიანი ქვის ნათელში

მის მყიფე ძლიერებაში

წყურვილი შევეხო ბნელის პირველქმნილ ჭას

ჩემს პირვანდელ დაცემას

როგორც მონეტას რომელიც ზღურბლზე გაწვა

გაწვა კატის ჩრდილად

მისი თვალები ორი ღამურა გამცილებელი ჩემივე ხმის

რომელიც მრავალი კარია ეთერულ სხეულში

შენ გძინავს ჩემს მძვინვარე სიჩუმეში

ელსუორტ კელი მწვანე თეთრეულში

ელსუორტ კელის მწვანე თეთრეული ჩვენს სიჩუმეში

შემოღამება მდელოებად ხეების უმწვანეს მწკრივად

თვალს მჭირს ეს მუსიკა რომელიც ფერიდან გადმოედინება

და ბგერას ერწყმის

უეცრად ვიწყებ თვალებით მოსმენას შეხებას

და დიდი თეთრი კბილები მინათებენ გზას

ღამე ქალის ნაბიჯებია რბილი და ბასრი

ვისაც ვიყვარებ ვისშიც ვაღებ ფანჯარას

სიცარიელეს აქვს გამომეტყველბა რომელიც გამოუთქმელია

და სავსე შიშით

 

სოფროს

სიმღერა გარდაცვლილთათვის

 

სიზმარში გელაპარაკები

იქ სადაც მეტყველება ზღვის უბეა

ზღვით დამსხვრეული ზღვრული კედელი

როცა დადის შენი ბღავილი როგორც სამსხვერპლო ხარი ტაძრის კუთხეში

მე უსინათლო ვხდები და მხოლოდ მესმის

რომ ბოროტების სიღრმე განიზომება შენი ვარდნის სიმაღლით

გხედავ სანამ სიზმრებს ვფლობ

შენ გვერდით ვთხრიდი მიწას

და ბალახს ვთხრიდი შენს დახუჭულ თვალებში

აღარ მეშინია შეგეხო

რაღაც დავკარგე ამ მინდვრის ღარებში რომელიც ჩუმი ყოველდღიურობით

ჩაგივლის

ხილული ყოფა შენი სახიერების როგორც სარეველა ყვავილი

ჩაწნული ღრმად შენს რამდენიმე მტკაველ მიწას

რომელმაც ჩემი სხეულის ფორმა მიიღო

და თავის ქალა ტყდება როცა მსურს შენი ხმით ვილაპარაკო

ცივი მეკვრის ცივი გამოუთქმელობა

წვეთი ღვინო დავღვარე შენს ძვლებში

და ვფიქრობ რამდენი ღრმული გაგიჩნდება სანამ ბორცვებად ამოლაგდები

რა გსურდა უკანასკნელად

ამბობენ წასვლის წინ ყველა კარი ჩაკეტე

მე კი წარმოვიდგენ ცრემლის გუბურებს როგორ ტოვებდი

მათში ხელახლა დასაბადებლად

ბაყაყები კვლავ მღერიან ქვის ფანჯარაში სადაც სინათლედ შემოედინები

მე ავდგები რადგან ჯერ კიდევ მაქვს დრო სამყაროს შუქის მისაღებად

სანამ მძინავს შემიძლია ავდგე და უღრან სიჩუმეში სიზმრის ენები ვაცეკვო

 

 

 

 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
59