პოეზია

მარი ჩხაიძე

ცალკე დავდექი.
დაველოდე
რომ საბოლოოდ ჩაშლილიყო ყველა ხმაური
როგორც წყალში კენჭის ჩავარდნა.
რაც დარჩა ვხედავ,
მაგრამ როგორც ყველა ხმაური,
როგორც ყველა ეკლის შესობა
როგორც ბურთი-
ინერციით დაგორებული
დაღმართზე-
საბოლოოდ სადღაც გაჩერდა.
მე ვიდექი გაშიშვლებული
და მესმოდა მისი მუსიკა
მსგავსი შრიალის-
რომელიც ერთხმად იმეორებდა:
„ტყიდან უნდა გახვიდე
ტყე რომ დაინახო“
მე კი გავრბოდი
და გზადაგზა
ის ხვიარა მცენარეები
ტოტებით ჩემკენ იზნიქებოდნენ
და მე მესმოდა
„შენც ერთ ერთი ხარ
და შენც ჩვენ ხარ“

თითქოს მეძინა
ძილში კი ვგრძნობდი-
რომ ყველაფერი რაც ავისხი უკან ჩაბრუნდა
თითქოს კანიდან შეიჭრა შიგნით
(ნება მივეცი)

გამოღვიძება
აღარ იყო ასეთი მძიმე
ქარში ვიყავი
მზეს მიშვერილი ხელისგულით
თითქოს უცებ ყველამ გამიშვა

დახუჭული თვალების შემდეგ
პირველივე რაც შემეფეთა
იყო კაშკაში
რომელიც ოდნავ მაბრკოლებდა დამენახა რა ელვარებდა.

მზე ბოლომდე არც ამოსულა
მხოლოდ ოდნავ
ბავშვების ბაღში გაცილებამდე
სანამ დღე დუღილს დაიწყებდა
სანამ რიგში აღმოვჩნდებოდი
სანამ ჯერ კიდევ არ ვიცოდი
რომ დაკარგა ჩემი პირიდან ამოთქმულმა სიტყვებმა ძალა
დიდხანს ვიყავი ფანჯარასთან
და არაფერს არ ვუყურებდი
არც კი ვფიქრობდი
მხოლოდ ვთბებოდი

კარგად მესმოდა
როგორ ვამტვრევდი მძიმე ნაბიჯებით ხმელ ტოტებს
თოვლის ქვეშ.
სუნთქვის ხმას გავყევი
აივანზე ძაღლს ეძინა.
კი არ გატყდა
ჩამოიშალა მისი სახე
როცა შემთხვევით
თვალი მოვკარი
ფანჯარასთან
საკუთარ სახლში
უცხოსავით მოსიარულეს
წარმოიდგინე
რომ ერთ მშვენიერ დღეს
ყველაფერი უჩვეულოდ გაყუჩდება.
და ყველა ხმა რომელიც ახლა
აზანზარებს სახლის ფანჯრებს
ჩადგება.
ეს შეიძლება იყოს საშიში
და ცოტათი საბედისწეროც.
თუმცა ეს ქარიც საშიშია
გაფენილი სარეცხი ქარში
რამდენიმე უძილო ღამე
ერთმანეთის მიყოლებით
ფრაგმენტებად დაშლილი სიზმარიც
თითქოს ვიღაცის თავი გიდევს კალთაში
და ყველაფერი პირიქით ჩანს
მაგრამ ვერ არჩევ
ვერც მე ვარჩევ
რადგან არ მახსოვს
არც არასდროს მქონია წვდომა
გარეთ კი ბნელა.
და უბრალოდ ცოტა ქარია
ხელის ცეცებით
უკეთ ვხედავდი
ვიდრე თვალებით
როცა აივნის კიდეს
ოდნავ გაცრეცილს
უგრძელესი წვიმის წვეთები
მარცხნიდან მარჯვნივ ეცემოდა
შრიალებდა თეთრი ფარდები..
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
77