პოეზია

მარი ჩხაიძე

***
ზღვასთან ვიჯექი.
კენჭებს ვისვროდი
ერთი ორი ან სამი საათი.
სანამ ბავშვებმა თავისი ნებით არ მოისურვეს შინ დაბრუნება
რატომ ვიხსენებ
და მით უფრო რატომ გიზიარებთ
არ ვიცი
***
ჩვეულებრივი კარი იყო.
ფართოდ გავაღე.
და გავედი სხვა ოთახში.
იგივე იყო.
და ეს მთელი დერეფანი
უსასრულო სივრცე
ერთ ოთახში შედიოდა
სულ ვფიქრობდი რომ მერე რა
არაუშავს
რომ სულ ერთია სად და ვინ ხარ
თუკი ხედავ ცას.
მაგრამ არ იყო ეს
სიმართლე
ჩემი სიმართლე
***
მშვიდად ვიჯექი.
ორივე მუჭში რაღაც მქონდა
ერთში გოგრის გულები
მეორეში მათი კანი
მერე რატომღაც ხელში ჩამრჩა
და დამავიწყდა
მომწონდა ასე
შუშაბანდის გრილ იატაკზე
ჯდომა
როცა ფანჯრიდან ტყე ჩანს
საიდანაც ცხელი მაგრამ ქარი უბერავს
რიგში ვიდექი
და ჩემი რიგი რომ მოვიდა
დამავიწყდა რატომ ვიდექი რიგში
ამდენი ხანი
საერთოდ რატომ ვიდექი რიგში
გამოვედი
ხელისგულები მქონდა ცივი და სველი
შიგ დამბალი გოგრის მარცვლები
გამოვედი და გადავყარე
***
ქვაში ვიყავი.
იქ ვცხოვრობდი
იქ იყო ჩემი სამყოფელი
და ჩემი დღე
და ჩემი დილა.
იქ იყო ჩემი ქუჩა და ჭა.
უცნაური იყო იქ ცხოვრება
რადგან ქვა იყო ჩემი ტანიც
ქვის ვიყავი
და ჩემი სულიც ქვის იყო
მეგონა უფრო მოქნილი ვიყავი
მაგრამ არა ქვა ვიყავი
პირველყოფილი
დაუნგრეველი
გაგიკვირდებათ მაგრამ ზრდადი.
მეშინია.
რადგან ხშირად მიფიქრია
უფრო ხშირად დამირწმუნებია თავი
რომ ყვავილად ვიქცეოდი
არსებობს ასეთი ყვავილი
ქვას ჰგავს
უფრო სწორად კენჭს.
და უდაბნოში ხარობს
იქნებ ის ვარ მეთქი
გალა ამბობს რომ თოვლისბაბუის მჯერა
წარმოგიდგენიათ როგორი ვარ მის აღქმაში.
ინფანტილური.
მოკლედ რომ გითხრათ ახლა ვზივარ ღუმელთან
რომელშიც 3 მოზრდილი შეშის ნაჭერი იწვის
რომლისკენაც შიგადაშიგ თვალს გავაპარებ
მერე ვდგები და ვეწევი
***
ვცეკვავდი ჩემთვის
როცა უცებ
კარადის კედელს
შევავლე თვალი
ვცეკვავდი უშნოდ
თითქოს ჩემს ხელებს
და ჩემს ფეხებს
და ჩემს სახეს
არაფერი ჰქონდათ საერთო ერთმანეთთან
ვცეკვავდი ჩემი მეგობრის ლექსზე
რომელიც იქცა ჯერ ფანჯარად
ფანჯრის იქეთა ტყედ
და სიკაშკაშედ
(ფოსფორისფერ მედუზებად)
თითქოს აქ
უფრო სწორად იქ
იმ პატარა ღრმულთან
იყო ქვა
ლოდზე უფრო მცირე და კენჭზე უფრო დიდი
ჩიტებოოოო მოოდით
ამბობს ჩემი უფროსი შვილი
და ჩიტები ტალღებად ზემოთ
ფრთების შრიალით
იშლებიან
ვიშლებით ჩვენც
ჩემი ცეკვაც
ჩემი სიყვარულიც
და მახსოვს მხოლოდ მნიშვნელობები
სანახევროდ
ვიცი რა ჰქვია იმ ხეს
რომლის მუსიკასაც ქარში გავარჩევ
რადგან ის სტვენდა და სტვენა მიყვარს
რადგან სტვენის ცოტათი მეშინია
აქვე არის პატარა სკამი და მასზე არასდროს ვმჯდარვარ
ვიფიქრე რომ დავჯდებოდი
თუმცა გადავიფიქრე
***
სხეული ჩემი.
როგორც პატარა კენჭების გროვა.
აცოცებული ერთმანეთზე.
აშენებული ბავშვების მიერ
ქვიშის კოშკივით სუსტად.
იწვა თავისთვის.
ორი ჩიტის გულში
მე მივყვებოდი მათ ხმებში სიცილს.
როგორც ნაპოვნ მეგობარს.
უფრო შორს წასვლაც შემეძლო
უფრო მეტი ატმის დაკრეფაც.
არ ცხელოდა მაგრამ მწყუროდა.
როგორც ხშირად როცა მწყურია.
ვიძინებ.
და მიყვარს ხმები.
რომლებიც მესმის
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
69